შეზღუდვებს აწესებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მიგრანტთა არაკანონიერ გადაყვანას ახორციელებენ
თეონა ვეშაგური
15.11.2021

ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისი კრიტიკულ ფაზაში შედის. როგორც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, მზად არის ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნეში დაეხმაროს. მაგრამ მათ დაბრუნება არ სურთ. პარალელურად კი ევროკავშირმა ახალი სასანქციო რეჟიმი დაამტკიცა, რაც შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მიგრანტთა არაკანონიერ გადაყვანას ახორციელებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს ახალი სანქციების კრიტერიუმები ბელარუსის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებისთვის. რის შესახებაც ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„საბჭომ დღეს ცვლილებები შეიტანა სასანქციო რეჟიმში ბელარუსთან ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გათვალისიწინებით, რათა შეძლოს ბელარუსის რეჟიმის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების ინსტრუმენტალიზებაზე რეაგირება", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

სასანქციო რეჟიმის შესწორებების მიხედვით, გაფართოვდება სანქციების დაწესების კრიტერიუმები, ამგვარად, ევროკავშირს შეეძლება შეზღუდვები დაუწესოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან ლუკაშენკოს რეჟიმის საქმიანობაში, რომელიც ევროკავშირის გარე საზღვრების უკანონოდ გადაკვეთას ხელს უწყობს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის მტკიცე განწყობას ასახავს, წინ აღუდგეს მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ აღვკვეთავთ ამ არაადამიანურ და უკანონო პრაქტიკას. ამავდროულად, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ რეჟიმის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიუღებელ რეპრესიებს და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტაში დახმარების აღმოსაჩენად მზად არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცემა „ბელტა" ლუკაშენკოს სიტყვებს ავრცელებს. ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზღვარზე მოწყობილ სპონტანურ ბანაკში ლტოლვილები არ დაგროვდნენ.

„ჩვენ მზად ვართ ყველა იმ თვითმფრინავში ჩავსვათ, რომელიც მათ სახლში დააბრუნებს. მაგრამ ეს ხალხი, უნდა ითქვას, ძალიან ჯიუტია: არავის სურს დაბრუნება. მათ იქ საცხოვრებელი არ აქვთ, ესმით, რომ შვილების შესანახვას ვერ შეძლებენ" ,- თქვა ლუკაშენკომ.

მანვე დასძინა, რომ მიგრანტებს აქტიურად არწმუნებენ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე უკვე ერთი კვირაა დაძაბული ვითარება მიმდინარეობს. საზღვართან, ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მოხვედრას ცდილობენ. ბოლო დღეებში მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს პოლონეთის საზღვრის ძალით გარღვევა.

ცნობისთვის: პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა. მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ევროკავშირი ბელარუსს ადანაშაულებს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში. პოლონეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ პუტინისგან მიღებულ დავალებას ასრულებს. რუსეთი და ბელარუსი ამას უარყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×