თამთა ჩაჩანიძე
16.11.2021

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მწვავე კრიზისი დაიწყო. სომხური მხარის ცნობით, სამშაბათს, 16 ნოემბერს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 15 სომეხი სამხედრო მოსამსახურე, სომხური ნაწილები იძლებული გახდნენ დაეთმო 2 საბრძოლო პოზიცია და განაგგურებულია აზერბაიჯანელების კუთვნილი სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ერთეული. რაც მთავარია, შეტაკებები არა ყარაბაღის, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე ხდება, რის გამოც სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართა.

ოფიციალური ერევანი მოსკოვს რუსეთსა და სომხეთს შორის 1997 წელს დადებული, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ფარგლებში სამხედრო დახმარება და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა სთხოვა. შესაბამისი განცხადება სომხეთის უშიშრობის საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა გააკეთა. მისი ცნობით, ეს თხოვნა ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირსიტყვიერია, თუმცა უახლოეს მომავალში დაგეგმილია ოფიციალური მიმართვაც.

„რადგან თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მოხდა, ჩვენ მივმართავთ რუსეთს, რომ ორ ქვეყანას შორის 1997 წლის შეთანხმების ფარგლებში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას ორმხრივი ვალდებულებების შესრულების ლოგიკით", - განაცხადა გრიგორიანმა.

მისივე თქმით, თუ სომხეთი კრიზისს „ოდეკაბეს" (დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) ფარგლებში ვერ მოაგვარებს, ქვეყანას მოუწევს დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართოს.

რუსული მხარის რეაქცია ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ, რომ სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

ცითარების ამ უკიდურესად გამწვავებას წინ უძღოდა ურთიერთბრალდებები შეიარაღებულ პროვოკაციებში. ვითარების გამწვავებას სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებაც დაემატა, რომ „თანამემამულეები სამშობლოს დასაცავად მზად იყვნენ". 16 ნოემბერს დაახლოებით შუადღის 3 საათისთვის კი საომხეთის სამხრეთით, სიუნიკის პროვინციში, მთა ციცერნაკართან პრაქტიკულად სრულასშტაბიანი ომი დაიწყო.

სომხური მხარის ცნობით, შეტაკებებში უკვე დაიღუპა 15 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, აზერბაიჯანელებმა ტყვედ აიყვანეს 7-დან 12-მდე სომეხი სამხედრო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრძოლის შედეგად მათ საზღვარზე ორი საბრძლო პოზიციის დატოვება მოუწიათ. ამასთან, სამინისტრომ აზერბაიჯანული ჯავშანტექნიკის განადგურების კარდებიც გაავრცელა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 16 ნოემბერს, დღის საათებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და ქელბაჯარისა და ლაჩინის მონაკვეთებზე არსებული აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გახსნეს, ასევე სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან.

თავდაცვის უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით დაჭრილია ორი აზერბაიჯანელი სამხედრო. აზერბაიჯანულმა არმიამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ ტექნიკის მხრივ აქვთ დანაკარგები - 4 ჯავშანტრანსპორტიორი და „ურალის" მარკის ერთ სამხედრო-სატრანსპორტო ავტომობილი.

ნიშნავს თუ არა ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომის დაყებას?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არც ახლა და არც უახლოეს 4 წელიწადში ყარაბაღის ომის გამეორების საფრთხე არაა, რადგან 2020 წლის 9 ნოემბრის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებით, რუსეთს ხუთი წლით ყარაბაღში ყოფნის უფლება მიეცა, რუსეთი კი ეჭვქვეშ არ აყენებს საკითხს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის.

„ომის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. ომის საფრთხე თუ არსებობს, არსებობს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ამას უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ვერ ვხედავ. ზუსტად ოთხი წლის შემდეგ ამ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება და აზერბაიჯანმა რუსეთს ნება უნდა დართოს, რომ კიდევ ხუთი წლით დარჩეს. შარშან 9 ნოემბერს ხელი ასე მოაწერეს. ანუ ეს ოთხი წელი რუსეთს ყარაბაღის ტერიტორიაზე ყოფნა გარანტირებული აქვს. იმ დროისთვის კი, თუ გამოსავალი ვერ იპოვეს, შესაძლოა ვითარება დაიძაბოს.

„ბუნებრივია რუსეთს ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენა მოუნდება, ხოლო აზერბაიჯანს მოუნდება, რომ მისი ტერიტორია თვითონ აკონტროლოს.

„რუსეთი ეჭვქვეშ არ აყენებს, რომ ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ კონტროლი უნდა რომ განახორციელოს. ამ ფონზე კი ცოტა უცნაურია სომხეთს რისი იმედი აქვს. ის თუ ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დავუძახებო, ამით რუსეთს აშანტაჟებს, რადგან მოსკოვს საერთოდ არ აწყობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთოს. მას უნდა, რომ სიტუაცია თავად აკონტროლოს.

„სომხეთს ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა და ვერც რუსეთი ვერ დაეხმარება. ფაქტია, რომ სომხეთმა ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიაზე კონტროილი დაკარგა. დღეს ამ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აზერბაიჯანი აკონტროლებს და შედარებით მცირე ნაწილს - რუსეთი, სომხეთი კი ყარაბაღის ტერიტორიაზე ვერცერთ მტკაველ მიწას ვერ აკონტროლებს.

„სომხეთს უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა, ანუ რის მიღწევას ცდილობს. გაჟღერებული ინფორმაციაა, რომ მას სურს გარკვეულწილად სტატუსი შეუნარჩუნოს ყარაბაღს და აქ მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს სტატუსიანი დაცვა ჰქონდეთ, ანუ რაღაც ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულში იყვნენ გაერთიანებული, ამას კი უფრო მეტი მკაფიოობა უნდა.

„სომხეთისთვის ალბათ სჯობს, რომ თუთქეთთან კონტაქტების გზები ეძებოს და იგივე საერთაშორისო თანამეგობრობაზე როცა ვლაპარაკობთ, სჯობია ბრიუსელის, ვაშინგტონისა და ანკარას მხარდაჭერით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისთვის გზები ეძებოს. ის აზერბაიჯანთან პირდაპირ ვერ გავა, მაგრამ ამ გზითაც ეჭვი მეპარება, რომ შედეგს მიაღწიოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×