თამთა ჩაჩანიძე
17.11.2021

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელარუსის საზღვარზე რთული ვითარება შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მიგრაციული კრიზისის დასაწყისში ვარშავამ საზღვარზე მავთულხლართი გაავლო, რაც მიგრანტებისთვის სერიოზული დაბრკოლება არ აღმოჩნდა, ამის შემდეგ კი 15 დეკემბრიდან ღობის აშენება გადაწყვიტეს.

პოლონეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „კუზნიცასთან" შეკრებილი მიგრანტები ბელარუს ძალოვანებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. სამშაბათს კი მიგრანტების ნაწილი შეეცადა, რომ პოლონეთის საზღვარი გაერღვია, რასაც შეტაკებები მოჰყვა, პოლონელმა სამართალდამცველებმა ცრელმსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ევროკავშირი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების ორგანიზებულ მობილიზაციაში ლუკაშენკოს და მის მთავრობას ადანაშაულებს, რუსეთი და ბელარუსი კი შექმნილში დასავლეთს სდებს ბრალს.

პოლონეთის გადაწყვეტილება, რომ ააგოს ახალი და უფრო საიმედო კონსტრუქცია, 1,615 მილიარდი პოლონური ზლოტი დაუჯდება, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი დოლარია და ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, გალავნის სიმაღლე 5.5 მეტრი იქნება, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. ეს იქნება სათვალთვალო კამერები, სენსორები თუ სხვა საჭირო მექანიზმები.

კედლის მშენებლობის დასრულება 2022 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, ბელორუსიასთან ქვეყნის საზღვრის საერთო სიგრძე 418 კმ-ია, ხოლო ახალი გალავანი 180 კმ-ზე იქნება გადაჭიმული.

მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს. მობილიზებული თანხები გადაირიცხება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" მეშვეობით და მოხმარდება საკვების, საბნების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენას.

„ევროკავშირი მხარს უჭერს მის პარტნიორებს, რათა ისინი დაეხმარონ ბელარუსის საზღვარზე და სხვა ტერიტორიებზე ჩარჩენილ ადამიანებს ტანჯვის შემსუბუქებაში. მოვუწოდებ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუდმივი ხელმისაწვდომობის გაგრძელებას, რათა მათ მეტ მიგრანტს გაუწიონ დახმარება", - განაცხადა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონელმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის 161 მცდელობა დააფიქსირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×