თამთა ჩაჩანიძე
25.11.2021

დონბასი პერმანენტული ბრძოლის ეპიცენტრად გადაიქცა, ექსპერტები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ღია კონფრონტაცია მოსალოდნელზე ადრე დაიწყოს. დონბასელმა სეპარატისტებმა ახალი ტიპის საცეცხლე ზალპური სარაკეტო სისტემები მიიღეს. ამის პარალელურად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა ხომალდმა „არლი ბერკმა" კურსი შავი ზღვისკენ აიღო, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

„არლი ბერკმა დაიწყო ჩრდილოეთით სვლა შავი ზღვის მიმართულებით, რომ იმუშაოს რეგიონში ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად", - ნათქვამია აშშ-ის მეექვსე ფლოტის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევს დონბასზე შეტევაში სდებს ბრალს.

„ვითარება უკრაინაში, კერძოდ დონბასში, კვლავ იწვევს სერიოზულ შფოთვას. კიევის რეჟიმის „გახურებულმა" თავებმა, როგორც ჩანს, სრული დაუსჯელობა იგრძნეს და შიდაუკრაინული კრიზისის ძალისმიერი გადაჭრა გადაწყვიტეს. კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება. მოდის ინფორმაცია მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული შეიარაღების გამოყენების თაობაზე, რომლებსაც უკრაინას ნატოს ქვეყნები აწვდიან", - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კი რუსეთის პოტენციური შეჭრის საშიშროების გამო, უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ავრცელებს. ამასთან, ვაშინგტონი უკრაინისთვის „ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების და ნაღმტყორცნების ახალი პარტიის გაგზავნას გეგმავს.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რუსეთი დასწრებაზეა, რადგან კრემლი ფიქრობს, რომ ნატო და ამერიკა უკრაინას პლაცდარმისთვის გამოიყენებენ.

„დონბასი პერმანენტული ბრძოლების ეპიცენტრად გადაიქცა, ორივე მხარე საბრძოლო მოქმეებებს აგრძელებს და ძალის დემონსტრირებას ახდენს, მინსკის ფორმატი ფაქტიურად არ მოქმედებს, უკრაინელები „ბაირახტარებს" იყენებენ და გაავრცელეს კადრები, როგორ ბომბავენ სეპარატისტებს. თუმცა რუსეთსაც აქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მათ შეუძლიათ გამოიყენონ და ბაირახტარები ჩამოაგდონ. დონბასში ტაქტიკური დივერსიული ჯგუფები ბრძოლებსა და საარტილერიო დუელებს აწარმოებენ, სეპარატისტებმა ახალი ტიპის საცეცხლე ზალპური სარაკეტო სისტემები მიიღეს. მოულოდნელობა არ იქნება, რომ რუსეთმა ოპერაცია იმაზე უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე ვარაუდობენ, ყოველ შემთხვევაში ერთსაც და მეორე მხარესაც ამის მოლოდინები აქვთ, რომ რუსული მხარე საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს, რასაც თავად რუსეთი არ მალავს, უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმაც კი აღიარა.

„რუსულ მედიაში იმაზე კი აღარაა საუბარი დაიწყებენ თუ არა, ახლა იმაზეა საუბარი თუ საომარი მოქმედებები როდის დაიწყება, თარიღს კი წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, თუმცა ამასთანავე აქ კლიმატური პირობებიცაა გასათვალისწინებელი, დეკემბერი უფრო ნისლიანია და ავიაციის გამოყენება ცოტა გართულებულია და იანვარ-თებერვალში კი მათთვის შედარებით ხელსაყრელი ამინდებია.

„აშშ-ის ნაღმოსნის შავ ზღვაში შემოსვლა რუსეთისთვის შემაფერხებელს მაინცდამაინც არაფერს წარმოადგენს, კი მას შეუძლია რაღაც ამოცანები შეასრულოს, მაგრამ ეს უფრო ძალის დემოსტრირებას ჰგავს, კიდეც რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს, სავარაუდოდ არ ჩაერთვებიან, რადგან აქ სულ სხვა პრინციპები მოქმედებს.

„რუსეთს უკრაინის საკითხი ადარდებს, რადგან ჰგონიათ, რომ ნატო და ამერიკა მას პლაცდარმისთვის გამოიყენებენ და დასწრებაზე მუშაობენ, შესაძლოა პროვკაციული ქმედება განახორციელონ და უკრაინაში შეიჭრან. მთელი ქვეყნის დაკავება არ მგონია, მაგრამ შესაძლოა ხარკოვი დაიკავონ, ასევე სეპატარისტული პლაცდარმი გააფართოვონ, მარიუპოლი, ნიკოლაევი, ოდესა დაიკავონ და ამით უკრაინა შავი ზღვის აკვატორიისგან მთლიანად ჩაჭრან, ასევე დაიკავონ ზაპოროჟიე და დნეპროპეტროვსკის მხარეები, სადაც სამხედრო-სამრეწველო კომპლესის დიდი ქარხნებია, რაც რუსეთს ჰაერივით სჭირდება.

„ხარკოვში დიდი სატანკო ქარხანაა, რომელიც ტე-84, 86 ტიპის საბრძოლო ტანკებსა და სატანკო ძრავებს ამზადებს. ეს მისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, დნეპროპერტროვსკში სამხედრო კოსმოსური ძალების ქარხნებია, რომლებიც კოსმოსური ხომალდებისთვის რეაქტიული ტიპის ძრავებს და სხვა ტიპის ელემენტებს ამზადებენ, უკრაინაზე ამ ძრავებისთვის ამერიკელებიც, ჩინელებიც და რუსებიც ნადირობენ, აქ უკვე რეჟიმის შეცვლაზე აღარაა საუბარი, აქ უკვე მიდის ომი სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის," - განაცხადა მაისაიამ „რაზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×