თამთა ჩაჩანიძე
29.11.2021

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რუსული აგრესიის შეკავებას სამი ელემენტი გააჩნია, რისთვისაც ოფიციალური კიევი მათთან აქტიურად თანამშრომლობს. ესენია - პოლიტიკური განცხადებები, სანქციების სერია და სამხედრო მხარდაჭერა. ანალიტიკოსების აზრით, სტრატეგია სწორია და რუსეთის შეკავება აუცილებელია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იცის რუსეთი კონფლიქტის გაღვივებით რის მიღწევას ცდილობს, შეკავების რა მეთოდი გაამართლებს, საუბარი რთულია.

სამმაგ სტრატეგიაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გამოცემა „ზეიტთან" ისაუბრა.

„ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ სიტყვიერი მხარდაჭერა. ეს არის სამმხრივი შეკავების სტრატეგია. პირველი - აშკარა პოლიტიკური სიგნალი, რომელიც უკვე გაისმა. მეორე - სანქციების სერია, ან სხვა შემზღუდავი ნორმები. მოსკოვმა იცის, რომ დასავლეთი სანქციებს ამზადებს და ორჯერ დაფიქრდება, სანამ ამის ფასის გადახდა მოუწევს. მესამე კი ეს არის სამხედრო მხარდაჭერა.

„რუსეთს სურს, რომ უკრაინა დარჩეს სუსტი. ვინც უარს იტყვის ჩვენთან სამხედრო და თავდაცვით თანამშრომლობაზე, ამ პოზიციას გააძლიერებს. თუმცა, ძალიან აქტიურ გაცვლას ვაწარმოებთ სხვადასხვა პარტნიორებთან, რომლებიც მზად არიან მოგვყიდონ სამხედრო ტექნიკა და იარაღი, რათა უკეთ დავიცვათ თავი", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ უკრაინამ კონტრაქტები უკვე გააფორმა სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გეგმები არ აქვს. პროგნოზებს იმის შესახებ, რომ რუსეთი იანვარ-თებერვალში უკრაინაში შეჭრას გეგმავს, კრემლი ჩვეული რიტორიკით პასუხობს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ეს „ბრალდებაა", რომელიც „აბსოლუტურად უსაფუძვლოა".

„ჩვენ ვშიშობთ და ეს უკვე ვთქვით, რომ ეს ბრალდებები შეიძლება მიზნად ისახავდეს [უკრაინის] საკუთარი სამზადისის დამალვას დონბასში ძალისმიერი სცენარისთვის. ეს იქნება სრული უგუნურება", - თქვა პესკოვმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კი აცხადებს, რომ პარტნიორებისადმი ალიანსის მხარდაჭერა რუსეთისადმი მუქარა არაა და ის აძლიერებს პარტნიორების თავდაცვას აგრესიისგან.სტოლტენბერგმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციაზეც გაამახვილა ყურადრება.

როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალის მობილიზება რაღაც მიზანს ემსახურება, თუმცა კონკრეტულად რას, პუტინის ჩანაფიქრის პროგნოზირება რთულია.

„ფაქტია, რომ უკრაინის საზღვართან ამხელა სამხედრო ძალის ასიათასამდე მეომრის მობილიზება ტყუილად არ ხდება, ამას რაღაც მიზანი გააჩნია. ის, რომ მთელს უკრაინასთან ომი რუსეთისთვისაც იქნება დამანგრეველი, ესეც ფაქტია, ამიტომაც საეჭვოა, რომ პუტინი უკრაინასთან ომს დაიწყებს - მას შეუძლია სხვანაირ პროვოკაციებს მიმართოს.

„მაგალითად პუტინმა დონბასში კონფლიქტის გაჩაღებას კვლავ ხელი შეუწყოს და უკრაინული ჯარები შეიტყუოს, ეს უკრაინას უბრალოდ დაასუსტებს, თორემ, ამის შედეგად რუსეთი ტერიტორიების ოკუპაციას ვერანაირად ვერ მოახდენს, შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის პროვოცირებას ცდილობდეს, რადგან პრორუსულ ძალებს უფრო მეტი მხარდაჭერა და სიმამაცე მიეცეს.

„შესაძლოა იმასაც ისახავდეს მიზნად, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ასეთი სახის დესტაბილიზაციის მენეჯმენტი ვერ მოახერხოს და მისი ინპიჩმენტი და რაიმე სახის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოხდეს, შესაძლოა ბევრი სხვა მიზეზიც არსებობდეს.

"მაგრამ, საბოლოო ჯამში არაინ ანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთს გამართული გეგმა არ აქვს, თუ რას აპირებს, უბრალოდ მიადგა საზღვრებს და იქ მუშტებს იქნევს, მაგრამ გეგმა ახლო მომავალში რისი განხორციელება სურს, პუტინს თითქოს არ აქვს.

„შესაძლოა რუსეთის შიდა პოლიტიკური თუ ეპიდვითარებისგანაც იყოს გამოწეული, პუტინს ახლა ომის წინავითარება აწყობს, რადგან უკმაყოფილო ხალხის ყურადღება რაღაცნაირად გადაიტანოს, ეს მისცემს საშუალებას, რომ ოპოზიციას გაუმკლავდეს, ასევე მისცემს საშუალებას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო ხისტი იყოს. მას ქვეყანა სრული დიქტატურისკენ მიჰყავს და ამ ვითარებაში ყურადღება საგარეო საქმეებზე გადაიტანოს.

„არსებობს სხვა მოსაზრებებიც, „ჩრდილოეთ ნაკადი 2" როგორც ვიცით გაჩერებულია - გერმანია ამ მომენტში ასამუშავებლად ლიცენზიას არ აძლევს და რუსეთის ეს ქმედება შესაძლოა შანტაჟიც იყოს, რადგან ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს და უთხრას, რომ ნაკადს აგიმუშავებთ, ოღონ უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაიყვანეო.

„პუტინს მეტი რესურსი არ დარჩა, ის სამხედრო მუქარას როგორც საგარეო, ისე საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად იყენებს. თუ დონბასთან დაკავშირებით კიდევ რაიმე მიზნები აქვს, ბოლომდე გარკვეული ჯერ არაა, მინსკის ფორმატი პრაქტიკულად დაირღვა და შეიძლება ისწრაფვის, რომ ახალი ფორმატი შეიქმნას ახალი პირობებით, სადაც ფიქრობს, რომ ბოლობოლო ამ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას მოახერხებს, ან უკრაინას აიძულებს, რომ მათი ავტონომიური სტატუსი სცნონ, რომელიც დამოუკიდებლობის დიდ ხარისხს მისცემს და რომელიც იქნება უკრაინის შიგნით რუსული ბომბი. ეს რამდენიმე მოსაზრება არსებობს, თუმცა, ზუსტად არავინ არ იცის რუსეთი ამას რატომ აკეთებს."- განაცხადა მან.

გოგოლაშვილმა იმ სამმაგ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა.

„ეს აბსოლუტურად სწორია, ახლა საჭიროა რუსეთის რაიმე ხერხით შეკავება. გააჩნია რა გაჭრის და რა არა - სანქციებმა თუ არ გაჭრა და მანამდე გაფრთხილებამ, რიტორიკამ და ზეწოლამ, შემდეგ უკვე საჭირო იქნება, რომ სამხედრო ძალით დაიცვან. ნატოს ქვეყნები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ არ მისცემენ საშუალებას, რომ უკრაინის ოკუპაცია მოახდინონ.

„ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო ძალით პირდაპირ ჩაერიონ, მაგრამ იარაღის გარდა კიდევ შესაძლოა სამხედრო მრჩევლები გაგზავნონ, რომლებიც ტაქტიკური მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციის წარმოების დაგეგმვაში დაეხმარებიან, თუმცა, უშუალოდ შეიარაღებული ძალები მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაძლოა ნატომ ყველა სახის სამხედრო ოპერაცია დაგეგმოს და შემდეგ ეს უკვე უკრაინის სამხედრო შენაერთებმა განახორციელონ.

„არაა გამორიცხული,რომ რუსეთმა ახალი იარაღი გამოსცადოს, რომ თავისი ჯარების მზადყოფნა გაზარდოს. უკრაინელებთან რაღაცა სახის შეტაკებები აწყობს კიდევაც. რუსეთისთვის სირიაში კონფლიქტის წარმოება უფრო რთულია, ვიდრე უკრაინაში.

„შესაძლოა ასეთი სახის ადგილობრივი კონფლიქტის წარმოებით იყოს დაინტერესებული, ოღონდ არა ფართომასთაბიანი და მთლიანად უკრაინის ოკუპაციით, ეს ძალიან რთული იქნება, საბოლოო ჯამში აუცილებლად მარცხს განიცდიან, რადგან რუსებს ამდენი ჯარი არ ჰყავთ, რომ მთლიანად უკრაინის ოკუპაცია მოხდეს," - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×