ხატია ბერიძე
30.11.2021

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობა დღითიდღე მატულობს და ახლა ამას უკვე უკრაინა-ბელორუსის ურთიერთობის მკვეთრი გამწვავება დაემატა. უახლოეს პერიოდში უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ერთობლივი რუსულ-ბელორუსული წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი პირდაპირ აცხადებს, რომ დონბასში ახალი ომის დაწყების შემთხვევაში ბელარუსი „გვერდზე არ გადგება" და ის რუსეთის მხარეს იომებს.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს საბრძოლო დრონები. ამის შემდეგ, 10-15 სექტემბერს ჩატარდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლის დასრულების შემდეგაც რუსეთმა წვრთნებში მონაწილე 41-ე არმია ყაზარმებში დაბრუნების ნაცვლად უკრაინის საზღვრისკენ გადაისროლა.

11 ნოემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. პარალელურად კი პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისი შეიქმნა , რაშიც დასავლეთი პუტინის ხელს ხედავს და ამას სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულ ახალ კრიზისს უკავშრებს.

ორშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარზე ახლო მომავალში რუსულ-ბელარუსული ერთობლივი წვრთნები ჩატარდება. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ბიკტორ ხრენინმა განაცხადა, თუმცა წვრთნების თარიღი არ დაასახელა.

მისი ცნობით, წვრთნების სცენარი იქნება სახელმწიფო საზღვრის დაცვა შესაძლო აგრესიისგან. ამასთან, ხრენინი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ბელარუსის მოსაზღვრე ნატო-ს ქვეყნებში ჯარების მობიზებას უკავშირდება.

„ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო საზღვრის გარშემო ფორმაციებს... ჩვენ გვაწუხებს მეზობელი ქვეყნების მილიტარიზაცია, რის გამოც საპასუხო ქმედებების დაგეგმვა გვიწევს", - განაცხადა ვიქტორ ხრენინმა.

უფრო რადიკალური იყო ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შემთხვევაში, მინსკი გვერდზე არ გადგება და მხარს მოსკოვს დაუჭერს.

„მათ მშვენივრად ესმით, რომ თუ დონბასში კიდევ ერთხელ ომს წამოიწყებენ, ან სადმე სხვაგან რუსეთის საზღვრებთან, ბელარუსი გვერდზე არ გადგება და ნათელია თუ ვის მხარეს იქნება ის. მათ ეს ესმით, ამიტომ ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრება დაიწყეს. ბელარუსი-უკრაინის საზღვრის გამაგრება დაიწყეს, თუმცა ამისთვის არანაირი ფაქტი და მიზეზი დღეს არ არსებობს...

„კარგად ესმით, თუ უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება, ამიტომ საჭიროა ბეალრუსის ჯარის შეკავება, წნეხის ქვეშ მოქცევა დასავლეთიდან პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ და სამხრეთით, უკრაინის საზღვრების გაძლიერებით", - თქვა ლუკაშენკომ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბელარუსის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება, რომ ომის შემთხვევაში იგი მოსკოვს დაუჭერდა მხარს, მოულოდნელი არ ყოფილა.

„რუსეთი და ბელარუსი ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოა, მათ აქვთ ერთიანი საარმიო დაჯგუფება, გეოპოლიტიკური მიზნები და ა.შ. სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ უკრაინის წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო.

„მათი გაერთიანება უკრაინისთვის უფრო მძიმე შედეგის მომცემი შეიძლება იყოს, რადგან რუსეთი ბელარუსს პლაცდარმად გამოიყენებს, რისი შედეგადაც უკრაინას ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრებაც მოუწევს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×