თამთა ჩაჩანიძე
01.12.2021

კიევი მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ომის შეჩერების სხვა შესაძლებლობას უკვე ვეღარ ხედავს - რუსეთი კი ჩვეული რიტორიკით აცხადებს, რომ თუ უკრაინას ურთიერთობების დალაგება გამოუვა, „საქმე წითელი ხაზების გაჩენამდე არ მივა". როგორც სამხედო ექსპერტები მიიჩნევენ, უკრაინა ჩიხშია, რადგან, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ფეთქებადსაშიში სიტუაციისა, პრობლემაა შიდა სამოქალაქო დაპირისპირებისა და მიგრანტთა კრიზისის თვალსაზრისითაც.

„სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ გააცნობიერა. ყველა გარე პარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმის. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით ეს გავაკეთოთ და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი გავაკეთოთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ფიქრობს, რომ თუ „უკრაინას ურთიერთობების დალაგება გამოუვა", ვითარება „წითელი ხაზების" გაჩენამდე არ მივა.

„საქმე ჯარების შეყვანა - არშეყვანაში, ბრძოლასა და უბრძოლველობაში არ არის, არამედ საქმე ეხება ურთიერთობების გაუმჯობესებას - უფრო სამართლიანი მდგრადი განვითარების შექმნას და საერთაშორისო აქტივობებში ყველა მონაწილის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას. აი, თუკი აქეთკენ იქნება ჭეშმარიტი სწრაფვა, არავინ არავითარ საფრთხეებს არ განიცდის.

„თუკი უკრაინის ტერიტორიაზე წარმოიქმნება რაღაც დარტყმითი კომპლექსები, მოსკოვამდე მოღწევის დროით 7-10, ხოლო ჰიპიერხმოვანი იარაღით 5 წუთი, ჩვენ რა ვქნათ? მაშინ ჩვენ ვალდებული ვიქნებით რაღაც მსგავსი შევქმნათ მათთან მიმართებით, ვინც ჩვენ ასე გვემუქრება. წარმოგიდგენიათ? ჩვენ კი ამის გაკეთება უკვე ახლა შეგვიძლია.

„ჩვენ ახლა წარმატებით გამოვცადეთ და წლის დასაწყისიდან შეიარაღებაში გვექნება ახალი რაკეტები, რომელთა ფრენის დროს ასევე ხუთი წუთი იქნება მათთვის, ვინც ბრძანებებს გასცემს. აი, ეს, ასეთი საფრთხეების შექმნა ჩვენთვის არის „წითელი ხაზები". ვიმედოვნებ, აქამდე საქმე არ მივა. ვიმედოვნებ, რომ საღი აზრის გრძნობა და საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობა მაინც გადაწონის", - განაცხადა პუტინმა.

როგორც„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, იმის გამო რომ უკრაინას ომი არანაირად არ აწყობს, ზელენსკი ცდილობს, რომ მოლაპარაკების რესურსი ბოლომდე გამოიყენოს, ხოლო რუსეთი კი თავის პრობლემების მოგვარებას „კუნთების თამაშით" ცდილობს.

„ომის საფრთხე არსებობს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე რამდენიმე კვირაა ამაზე საუბრობს. ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, იგი იმას გულისხმობს, რომ უკრაინა ყველანაირად ცდილობს, რომ რესურსი ბოლომდე ამოწუროს, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებით მოაგვაროს და ბუნებრივია, ამ ქვეყანას ომი არ სურს და არ უნდა, რომ ბოლო მომენტამდე მოლაპარაკებების ხიდი დაწვას.

„რაც შეეხება რუსეთს, მან იცის, რომ სამხედრო უპირატესობა აქვს და უკრაინა კიდევ ერთხელ დააშანტაჟოს, რომ გარკვეულწილად ის პირობები მიიღოს, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის დონბასთან და ყირიმთან დაკავშირებით ე.წ. ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში და ამ პრობლემის მოგვარებას კუნთების თამაშით ცდილობს.

„ახლა რუსეთი გარკვეულწილად ცდილობს, რომ საუთარი ჯარების განლაგებით ზეგავლენა და სიმულაცია მოახდინოს, ბუნებრივია, ცდილობენ, რომ დონბასში გავლენით ისარგებლონ და უკრაინის ხელისუფლება რაღაცნაირად დააშანტაჟონ და წარმოუდგინონ, რომ ამ კონფლიქტის დროს არა მხოლოდ დონბასს, არამედ უფრო მეტს დაკარგავს. ეს კი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ უკრაინამ მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც რუსეთისთვის მისაღებია,"- განაცხადა კაკაჩიამ.

ექსპერტი უსაფრთხოების ააკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას სამმხრივად უტევს, ოკუპირებული თუ კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ფეთქებადსაშიში ვითარებიდან დაწყებული,მიგრანტების ახალი ტალღის მისევით დამთავრებული.

„პუტინმა სერიოზული განცხადება გააკეთა, თუ რუსეთისთვის „წითელი ხაზი" რა არის, რის გადალახვით მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების შებღალვა მოხდება. ასეთ შემთხვევაში კი რუსეთისამხედრო ძალას გამოიყენებდა. მან ერთ-ერთ პირველ ინტერესად მოიყვანა ის მაგალითი, რომ მათ სიახლოვეს შემტევი, დამრტყმელი სარაკეტო კომპლექსი არ უნდა განთავსდეს, რომელსაც მოსკოვთან ხუთწუთიანი ფრენის დრო ექნებოდა. როცა უკრაინაზე ისაუბრა, ბუნებრივია, საქართველოსაც მოიაზრებდა.

„ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის რუსეთს მისცემს უფლებას, რომ მის ტერიტორიაზე ბირთვული სარაკეტო დამრტყმელი შეიარაღება განალაგოს. 2022 წლის იანვარში სტრატეგიული მნიშვნელობის წვრთნების ჩატარება იგეგმება, სადაც რუსეთი პირველად ბირთვული ტრიადის კომპონენტების უშუალო ტესტირებას მოახდენს, ფაქტიურად, რუსეთი დასავლეთს ბირთვულ მუშტს უღერებს.

„ასევე, ლუკაშენკომ რუსული „რია ნოვოსტის" დირექტორთან ინტერვიუში ყირიმი უკვე რუსეთის განუყოფელ ტერიტორიად აღიარა. ერთია, როცა რუსეთის მხარესაა, მაგრამ, მეორეა - აღიარება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების კუთხითაც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს.

„ზელენსკის ოლიგარქებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და აცხადებდა, რომ მათ მიერ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ოლიგარქებს არ აწყობთ მოსკოვთან ურთიერთობა დაეძაბოთ და უნდათ, რომ ზელენსკი როგორმე მოიცილონ და ისეთი პოლიტიკოსი მოიყვანონ, რომელიც მოსკოვთან საერთო ენას გამონახავს.

„უკრაინაში საპარლამენტო კრიზისია, ზელენსკის პარტიას დეპუტატები ტოვებენ და უმრავლესობა ფაქტიურად უკვე ეშლება, როგორც ჩანს ოლიგარქები მისი გუნდის წევრებს ყიდულობენ, სიტუაცია რთულადაა. ამიტომაც ზელენსკი იძულებულია, რომ პუტინთან რაღაცნაირად მოლაპარაკებაზე გავიდეს" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, კიევს რამდენიმე საფრთხის გარდა ახალი თავსატეხიც გაუჩნდა, ესაა მიგრანტების კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს პოლონეთი დგას.

„რუსეთს და ამერიკას შორის კოსმოსური ომი იწყება და ამ ომში მოსკოვს უკრაინის ტერიტორიებზე არსებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნები ჰაერივით სჭირდება და როგორც ჩანს პუტინმა უკრაინელ ოლიგარქებთან გარიგება შეძლო და მათი მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს. ამერიკელები და ნატოელები ძალიან შეშფოთებულები არიან, როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა.

„რაც შეეხება თვითონ დონბასს, უკრაინამ 125 ათასიანი დაჯგუფების მობილიზაცია მოახდინა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნახევარია, იქ ძალები საკმაოდ სერიოზულად არიან კონცენტრირებულები, რადგან შეჭრას რუსებისგან ელოდებიან, თუმცა, აქ სხვა პრობლემაც დგას - რუსები უკვე ლტოლვილებს ბელარუსის საზღვრიდან უკრაინას უქსევენ, სადაც კიევმა მთელი თავისი ეროვნული გვარდიის ნაწილები გადაისროლა და საზღვარს ამაგრებენ" - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×