რეზონანსი
09.12.2021

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ  მოქალაქე დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სპეცსამსახურის წარმომადგენელმა სტანისლავ ჟარინმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „დაკავებული 66 წლის მამაკაცი, აწარმოებდა ჯაშუშურ საქმიანობას რუსული დაზვერვის (ფსბ) სასარგებლოდ და პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა“-თქვა პრეს-სპიკერმა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რადოსლავ ს. ბრალს არ აღიარებს, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სტანისლავ ჟარინის თქმით, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაკავებული დაკავშირებული სხვა პირთან, რომელიც პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის მაისში  დააპატიმრა. ორივე მათგანს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ირკვევა, რადოსლავ ს. აქტიურად ეხმარებოდა მანამდე დაკავებულ 44 წლის მარჩინ კ.-ს, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობაში დაადანაშაულეს. პოლონეთის პროკურატურის ცნობით, ის რუსეთის სპეცსამსახურებს არმიის, იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციას და მასალებს აწვდიდა.

 რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რადოსლავ ს.-ს,  გამოძიება აცხადებს, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია ნივთები და დოკუმენტები, რომლებიც მის დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს.  ამ ჯაშუშობის საქმის მასალები დიდ წილად გასაიდუმლოებულია. საქმეს რამდენიმე უწყება ერთობლივად იძიებს. 

აღსანიშნავია, რომ ორიოდე თვის წინ, პოლონურმა სპეცსამსახურმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა მსგავსი საქმიანობის წარმოებისთვის, ის საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცი იყო, რომელიც წარსულში ძალოვან უწყებებთან იყო დაკავშირებული, მსახურობდა პოლიციაში, ხოლო 20 წლის წინ პენსიაზე სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლად გავიდა.

 ის, რომ კრემლი მუდმივად ცდილობს ევროპის ქვეყნებში ჯაშუშური საქმიანობა აწარმოოს და თავისი დანაშაულებრივი გეგმები აღასრულოს, უდავოა. თუმცა ასევე მუდმივად ხდება ამ მავნებლური საქმიანობის გამოაშკარავება და რუსეთის იმიჯის შელახვა. იგივე პოლონეთმა 2021 წელს ჯაშუშური საქმიანობისთვის რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელიც კი გააძევა ვარშავიდან და ისინი სამუდამოდ პერსონა ნონ გრატად შერაცხა. მართალია, „გაბრაზებულმა“ მოსკოვმა საპასუხოდ რუსეთიდან ხუთი პოლონელი დიპლომატი გააძევა, მაგრამ ყველამ იცის, რომ გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე კრემლს საპასუხო ფორმალობად მხოლოდ ეს რეაქცია  რჩება. ყოველწლიურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა თავისი ტერიტორიაზე მომუშავე  დიპლომატების საფარქვეშ მყოფ „კრემლის სპეცსამსახურის დესანტს“ მარტივად ადგენს და შემდეგ სამშობლოში აბრუნებს. კრემლის უფრო დიდი და სასტიკი დანაშაულებების გამო კი მოქმედებს ეკონომიკური სანქციები, რაც ადრე თუ გვიან პუტინის ძალადობრივ რეჟიმს უფრო მეტად შეარყევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×