თამთა ჩაჩანიძე
09.12.2021

შემცირდა თუ არა აშშ რუსეთის პრეზიდენტების დიალოგის მერე უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის წამოწყების საფრთხე - აშშ და ევროკავშირი ერთხმად აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს დასავლეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება და იმედოვნებენ, რომ კრემლი ამას გააცნობიერებს, თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტები უკვე აჟღერებენ განცხადებებს, რომ შეტაკების რისკები არ გამქრალა.

გერმანიის ახლადარჩეული კანცლერი ოლაფ შოლცი კიევს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ გერმანიას ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს - თუ მოვლენები კიევისთვის არასასურველი სცენარით განვითარდა, რუსეთს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ პატივი სცეს საზღვრების მთლიანობას. ყველას ესმის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას შედეგები მოჰყვება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზღვრები ხელუხლებელი დარჩეს", - განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ. სააგენტო „როიტერზმა" აშშ-ის კონგრესზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენს დახურავს.

გერმანიის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის რუსეთს მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მინისტრის თქმით, საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური გზები უნ და მოიძებნოს და აუცილებელია საერთო ევროპული პოზიციის ჩამოყალიბება მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, როგორიცაა რუსეთი.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, კრემლის შეკავების მიზნით, მოკავშირეებთან შეერთებული შტატებსა და გაერთიანებული სამეფოსთან მუშაობს.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა გავხადოთ ეს ფასი აუტანელი პუტინისთვის. მათ (ჩვენს პარტნიორებს) შეუძლიათ ეკონომიკური დარტყმის მიყენება. ჩვენ ვიბრძოლებთ ადგილზე, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს ეს მოხდეს.ჩვენ ვითხოვთ ომის თავიდან აცილებაში დახმარებას, თუ ალტერნატივა არ დაგვრჩა რუსეთის მიერ ომის დაწყების სურვილის გამო, მაშინ დაგვეხმარეთ ჩვენი არმიის გაძლიერებაში," - აღნიშნა კულებამ.

რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ სიცრუეა, მაგრამ დონბასში კიევის ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება, მათივე განცხადებით, უკრაინისთვის ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების და თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი და საშიში ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

„უკრაინისთვის ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების და თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი და საშიში ნაბიჯებისკენ უბიძგებს. კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ განცხადებას დონბასში აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა და თურქული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დაწყების შესახებ. შედეგად, უკვე დაძაბული ვითარება ამ ქვეყნის აღმოსავლეთში კიდევ უფრო უარესდება. დონბასში სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიმართული უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია ჩახშობილი იქნება.

„ნატო-ს ქვეყნები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ ჯარის გადაადგილებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საბრძოლო მომზადების დროს ქვედანაყოფების ხელახალი დისლოცირება რუტინული პრაქტიკაა ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისთვის," - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა.

„შეცდომაა იმის დაჯერება, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებების შემდეგ სამხედრო კონფლიქტის წამოწყების რისკები შემცირდა, შემცირდა, საფრთხე გრძელდება და რუსეთი მხარს უჭერს ორივე მხარის სამხედრო ჯგუფების ქმედებებს", - აღნიშნა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ბორის იულინმა „ლენტა.რუ"-სთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×