თამთა ჩაჩანიძე
12.12.2021

აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, „საშინელ ფასს" გადაიხდის. მსგავსი მიძმე შედეგის შესახებ ცალკე განცხადება გაავრცელა დიდმა შვიდეულმაც. თავად ოფიციალური მოსკოვის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე კი ჩანს, რომ უკანდახევას არც ის არ აპირებს. დგას თუ არა სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის სამხედრო მოქმედებებისთვის დღეს მზად არავინ არაა, ამ შემთხვევაში ორივე მხარე საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს, რათა ერთმანეთს დაანახონ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წითელი ხაზები აქვთ.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, 7 დეკემბრის ონლაინ სამიტზე მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ თუ ის უკრაინაში შეიჭრება, რუსეთი „საშინელ ფასს" გადაიხდის და დამანგრეველი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის საზღვარზე აშშ-ის ჯარების გაგზავნა არასდროს განიხილებოდა, თუმცა, შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს მოეთხოვებათ მეტი ძალების გაგზავნა აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს მათი თავდაცვა.

რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნებიც და მოუწოდებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ბრიტანეთში, ლივერპულში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსეთ-უკრაინის კრიზისზე იმსჯელეს. სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მტრულად განწყობილი აქტორების მზარდი საფრთხეებისგან და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინ აღვუდგეთ აგრესორებს, რომლებიც ცდილობენ შეზღუდონ თავისუფლებისა და დემოკრატიის საზღვრები", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კი განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის და უცილებელია ყველა ზომის მიღება დიალოგისკენ დასაბრუნებლად.

როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, სიტუაცია დაძაბულია, თუმცა არა იმდენად, რომ კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის წინაშე იდგას.

„სიტუაცია რომ დაძაბულია, ეს ფაქტია, თუმცა მგონია, რომ მესამე მსოფლიო ომზე საუბარი ზედმეტია, რადგან ამ შემთხვევაში ორივე მხარე საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს და სურთ ერთმანეთს დაანახონ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წითელი ხაზები აქვთ და ცდიან თუ ეს ხაზები სად გადის.

„მომავალში ალბათ ორივე მხარეს მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ. მოლაპარაკება ჯერჯერობით შეთანხმებას არ ნიშნავს. რუსეთი რეალურად დასავლეთს აშანტაჟებს, რადგან იცის, რომ დასავლეთისთვის ომი მიუღებელია და ამისთვის დღეს მზად არავინ არაა. რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ დასავლეთი უკრაინაში თავის ჯარებს არ გააგზავნის და სურს ნატო გაფართოებაზე დააშანტაჟოს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.

„იმ განცხადებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება, დასავლეთი ვერ გააკეთებს. ახლა კი რუსეთი ვაჭრობს, რომ შეაშინოს და იქნებ მერე დასავლეთი წამოვიდეს იმაზე, რომ თქვას, მაგალითად, მომავალი 10 ან 20 წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრად არ მივიღებთო.

„მათ შორის რუსეთი ცდილობს, რომ ბაიდენმა ზელენსკი უკრაინის ფედერალიზაციაზე დაითანხმოს. ფედერალიზაცია თუ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი. პუტინს აქეთკენ უნდა პროცესი რომ წაიყვანოს, ესაა მისი მიზანი. ასევე ისიც, რომ დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცე მისი გავლენის სფეროდ აღიაროს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკებებში გერმანია და საფრანგეთი კი არა, უშუალოდ აშშ ჩაერთოს. ამერიკელები მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ თავიანთ საპირწონედ არ მიიჩნევდნენ.

„რუსეთის მიერ ამ ეტაპზე წამოჭრილი საკითხი, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ გაწვერიანდეს, ესაა მოკლევადიანი მიზანი. ასევე აქვს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები. საშუალოვადიანია, რომ საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცე შემოიმტკიცოს, ევრაზიულ კავშირში გააერთიანოს და კომუნიზმის გარეშე ახალი საბჭოთა კავშირის მსგავსი შეაკოწიწოს.

„დღეს მთლიანად კოლექტიური დასავლეთის და განსაკუთრებით ევროპელები გლობალურად ჩინეთს უპირისპირდებიან და მათი ამოცანაა, რომ ამ დაპირისპირებას რუსეთიც არ დაემატოს. უკრაინის და საქართველოს ამბები დიდ საჭადრაკო დაფაზე პატარა ეპიზოდია, რომელიც ამ მომენტში მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანობაში ამ დაფაზე მიზანი სულ სხვაა - რომ რუსეთს უკან დაახევინონ. დასავლეთისთვის ეს საკითხი ღირებულებითია და ამაში დათმობას ვერ გააკეთებს.

„რუსეთის პოლიტიკის მთავარი სტრატეგია ასეთია - „საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა", იმიტომ, რომ მას პრობლემები აქვს ჩრდილეთ კავკასიაში, კიდევ სხვაგანაც და შესაძლოა იმპერია დაეშალოს. ამისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მას უნდა, რომ პროცესები საპირისპიროდ გააგრძელოს, რადგან რუსეთი ყოველთვის მეზობლების ხარჯზე დიდდებოდა," - განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×