ხატია ბერიძე
13.12.2021

რუსეთი ნატოს სთხოვს, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს, რასაც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" არარეალურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ესაა პუტინის მცდელობა რომ ახალი მსოფლიო წესრიგი შემოიღოს და დიდი ქვეყნები ისევ ჰეგემონები გახდნენ.

რუსეთის პრეტენზია ნატოსთან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა, უწყება ნატოს სთხოვს, რომ ბუქარეტის სამიტზე დადებული პირობა გააუქმოს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ეხებოდა.

„ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებისთვის მნისვნელოვანია ოფიციალურად უკან იქნეს წაღებული ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროსვე ცნობით, ეუთო-ს სახელმწიფოების ვალდებულებების მიხედვით, საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე აღარ უნდა იყოს გამაგრებული. რუსეთი მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას აშშ-სა და ნატოს სხვა წევრებთან, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები. ეს მოთხოვნა ალიანსის წევრ და არაწევრ წვეყნებსაც ეხება.

რუსეთი ასევე ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში. რუსეთს სურს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის და აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგები განახლდეს.

რუსეთსა და ნატოს შორის ურთერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო გაუერესდა, რასაც ხელი შეუწყო უკრაინის საზღვრებთან არსებულ დაძაბულობამ.

რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების სიას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონ ბლინკენი გამოეხმაურა. მისი თქმით ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინასა და საქართველოსთვის, თუკი ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მისივე თქმით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს, დასავლეთი ამას მშვიდად არ შეხვდება.

,,ბაიდენმა გარკვევით განუცხადა პუტინს, რასაც მე ჩემს კოლეგას ლავროვს გავუმეორებ, რომ მზად ვართ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორი ნაბიჯების გადადგმისგანაც 2014 წელს თავი შევიკავეთ, რასაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ თუკი რუსეთი გაანახლებს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი სერიოზულ პასუხს მიიღებს".

"ჩვენ რუსეთთან სტაბილურ ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუკი რუსეთი გააგრძელებს წინდაუხედავ და აგრესიულ ქმედებებს ჩვენ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები აუცილებლად ვუპასუხებთ",- განაცხადა ბლინკენმა.

მისი, თქმით რუსეთის ქმედებები თუ დაუსჯელი გახდება, საერთაშორისო სისტემის წესები, რომლების სტაბილურობას უზრუნველყოფს, საფრთხეში აღმოჩნდება.

„მსურს, ხალხმა გაიგოს, რომ უკრაინა მნიშვნელოვანია და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აქ კიდევ უფრო დიდი რამე დევს სასწორზე და ეს არის საერთაშორისო სისტემის გზის ძირითადი წესები. წესები, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს.

"არ შეიძლება ერთმა ქვეყანამ მეორეს უკარნახოს მისი არჩევანი და გადაწყვეტილება, მისი საგარეო პოლიტიკა, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა. ეს არის ის, რაც არის რუსეთის მიზანი და თუ ჩვენ ამას დაუსჯელს დავტოვებთ, მაშინ მთელი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ომების თავიდან აცილებას, საფრთხეში აღმოჩნდება," - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთს სურს უკრაინას და საქართველოს თვითონ გადაუწყვიტოს როგორ მომავალს აირჩევენ

„რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ", - წერს ხავიერ კოლომინა.

"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი „რეზონანთან" ამ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის კრემლის მცდელობა, რომ საკუთარმა მოქალაქეებმა ყურადღება შიდა პორობლემებიდან გარე საკითხებზე გადაიტანონ.

„არასდროს ყოფილა, რომ ნატოს გადაწყვეტილებების დეზავუირება მოეხდინოს, და ვერც მოხდება, რადგან არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები, სადაც დაფიქსირებულია ყველა ქვეყნის უფლება, რომელიც უკეთესად მიაჩნიათ თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ევროპამ მოგონილ მოთხოვნებს, რომ არ დათანხმდება. ცხადია, შესაძლოა რუსეთი ამით მიზეზებს აგროვებდეს, რადაგან მას დობანსში შესაჭრელად რაიმე საბაბი სჭირდება, ან სურს უკრაინა აიძულოს მოხდეს ყირიმში რუსეთის ანექსიის აღიარება."

"რუსეთს უნდა წარმოჩნდეს ისე, თითქოს საერთაშორისო ასპარეზზე თავისი არგუმენტები აქვს. ამით საკუთარ ხალხს ეტყვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას თუ აქვს პრეტენზიები, ჩვენც გვაქვს პრეტენზია ნატოს მიმართ, ისინი გვაზარალებენ უკრაინა-საქართველოს ინტეგრაციით. ამ ყველაფრით ისინი მოსახლეობის უკმაყოფილების ჩახშობას ცდილობენ",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და ის უკან დახევას არ აპირებს, რასაც მისი ახალი მოთხოვნების სიაც ადასტურებს.

"ამ განცხადებით რუსეთმა ამერიკას მესიჯი გაუგზავნა და შესთავაზა, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი ამერიკამ და რუსეთმა ერთობლივად უნდა დავაწესოთო. პუტინის ღია სურვილია, აშშ დაითანხმოს, რომ ამერიკა-რუსეთმა ძალაუფლება გაინაწილონ მსოფლიოს სამართავად"

„რუსეთი საქართველოს და უკრაინას წითელ საზღვრებს უვლებს. შესაძლოა ეს კიდევ ერთი მინიშნება იყოს იმისა, რომ ომის დაწყებას ნამდვილად აპირებენ. ამ ომში კი ვფიქრობ, უკრაინა-საქართველოს ამერიკის უფრო დიდი იმედი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ნატოსი, რადგან ნატოში არიან სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც.

"ამ ყველაფრით, რუსეთმა შეიძლება საკუთარ მოსახლეობაში სიტუაციის განმუხტვა და ყურადღების გადატანა სცადა, რადგან სანქციების გამო მათ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ. ამასთან ერთად კი გავრცელდა ციხის კადრები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ, რასაც ხალხის აგრესია მოჰყვა. ასე რომ, რუსეთისგან არაფერია გასაკვირი. შეიძლება ეს მოთხოვნები ყველაფრისთვის მაქსიმალურად გამოიყენოს, რაც ვივარაუდე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×