ხატია ბერიძე
21.12.2021

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ნატო და ზოგადად დასავლეთი მის ინტერესესებსა და მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ასეთი შემთხვევისთვის შემუშავებული აქვთ „გეგმა ბ", თუმცა მის დეტალებს არ აკონკრეტებენ. ანალიტიკოსების აზრით კი, ეს შეიძლება გულისხმობდეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებას უკრაინაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოლდოვაში, ჰიბრიდული ომს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ და ზეწოლის გაძლიერებას საქართველოზე.

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების სურვილი „ცივ ომში" გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიის შედეგად ჩამოყალიბებული მცდარი წარმოდგენების შედეგია. მისივე თქმით, კრემლი მზადაა კონკრეტული სამხედრო-ტექნიკური ზომების მისაღებად, თუკი ნატო მის საზღვრებს მიუახლოვდება.

„ჩვენი დასავლელი კოლეგების აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, მივიღებთ ადეკვატურ საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ ზომებს და არამეგობრულ ნაბიჯებზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გვაქვს სრული უფლება განვახორციელოთ ქმედებები რუსეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, კონფლიქტები და სისხლისღვრა მათი არჩევანი არ არის და ურჩევნიათ მსგავსი საკითხები პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოაგვარონ.

„მინიმუმ მკაფიო, გასაგები და გაცხადებული სამართლებრივი გარანტიები უნდა გვქონდეს. ეს არის ჩვენი წინადადებების აზრი, რომელიც ქაღალდზეა დატანილი და ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაიგზავნა. იმედი გვაქვს, რომ ამომწურავ პასუხს მივიღებთ.

„არის იმისი საშიშროებაც, რომ საკითხზე უშინაარსო საუბრის მცდელობა იყოს, რათა ჩვენი წინადადებები გააჭიანურონ, მიღებული პაუზის გამოყენებით კი ისარგებლონ და გააკეთონ ის, რაც სურთ. მოვლენების ამგვარი განვითარება ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოგვადგება. მსოფლიოში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რჩება მძიმე - კონფლიქტების პოტენციალი მთელ რიგ რეგიონებშია გაზრდილი და დაძაბულობის ახალი კერები გაჩნდა", - განაცხადა პუტინმა.

ამასთანავე, ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ გავრილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას მომზადებული აქვს „გეგმა ბ" იმ შემთხვევისათვის, თუკი ნატო და ზოგადად დასავლეთი მოსკოვის მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებული მოთხოვნების შერულებაზე უარს იტყვის, ან მათ იგნორირებას მოახდენს.

„ქვეყნის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული აქვს „გეგმა ბ", მაგრამ არავის არ სურს, რომ მისი ამოქმედება აუცილებელი გახდეს. ეს ულტიმატუმი არაა, ესაა მკაცრი მოთხოვნა, რომელიც დრომ და გარემოიბებმა მოიტანა. უკვე დროა ყველა შეეგუოს იმ აზრს, რომ ჩვენი ინტერესებიც უნდა იყოს დაცული", - განაცხადა გავრილოვმა რუსული „რასია 24"-ის ეთერში.

მას „გეგმა ბ"-ს დეტალებზე არ უსაბრია, თუმცა თქვა, რომ იგი გულისხმობს რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ პასუხს დასავლეთისთვის, ან კონტრ-საფრთხეების შექმნას ნატო-სთვის „იმ ადგილებში, სადაც ისინი ამას არ ელიან".

რა სავარაუდო სცენარს მოიაზრებს კრემლი „გეგმა ბ"-ში ამასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს.

„რუსეთი ყველანაირად შეეცდება ჰიბრიდული ომის დაწყებას. „გეგმა ბ"-ში ის აუცილებლად მოიაზრებს სამხედრო ძალის გამოყენებით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას, ასევე მოლდოვაშიც. ასევე ჰიბრიდულ ომს განახორციელებს ბალტიის სახელმწიფოებშიც - თუნდაც „მიგრანტების მიქსევა" და ა.შ.

„საქართველოზეც იქნება ზეწოლა. მათი სურვილია მეტად გაატაროს ქვეყანამ რუსეთის პოლიტიკა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა ერთიანი თავდაცვის ცენტრი აამუშავა, სადაც მსგავსი საკითხები პუტინის დაკვეთით გვარდება",-განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×