თეონა ვეშაგური
25.12.2021

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული დაახლოებით 10 ათასი რუსი ჯარისკაცი მუდმივი დისლოკაციის ადგულს დაუბრუნდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკრაინის კრიზისი ამოიწურა? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ ეს კრემლის სატყუარაა და შესაძლოა 10 ათასი ჯარისკაცის ოფიციალურად გაყვანის პარალელურად ამდენივე ან უფრო მეტი ჯარისკაცი ფარულად გადაისროლა უკრაინის საზღვარზე.

ცნობა, რომ უკრაინის საზღვართან განხორციელებული ერთთვიანი წვრთნების შემდეგ 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ბაზებზე ბრუნდება, შაბათს რუსულმა „ინტერფაქსმა" გაავრცელა. უკრაინის საზღვართან, სხვადასხვა ინფორმაციით, 90-დან 175 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

რუსების მიერ 10 ათასი ჯარისკაცის ყაზარმებში დაბრუნებას ეჭვის თვალით უყურებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. მისი ვარაუდით, თუ რუსეთმა ღიად გაიყვანა სამხედრო დანაყოფები, არ არის გამორიცხული სტრატეგიულ ობიექტებზე ფარულად ბევრად მეტი ჯარისკაცი შეიყვანოს.

„არ მგონია რუსეთზე რაიმე გავლენა მოეხდინა დაწესებულ სანქციებს. უბრალოდ ისინი მიმართავენ ერთგვარ სატყარა მანევრს. 10 000 ჯარისკაცი დააბრუნეს ბაზებში, მაგრამ, არავინ იცის სამაგიეროდ რამდენი განათავსეს საზღვრებთან ფარულად. ეს არის ჩვეულებრივი ე.წ. დეზინფორმაციული სატყუარა მანევრი.

„მე, როგორც სამხედრო დარგის სპეციალისტი, რუსეთის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ერთგვარ სამხედრო მანევრად განვიხილავ. შესაძლოა 10 000 კაცი დააბრუნეს სამხედრო ბაზებზე, მაგრამ ფარულად 20 000 შეიყვანეს. მეტსაც გეტყვით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის გამოც ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა შეშფოთება და რუსულ მხარეს სთხოვა შეეჩერებინათ ეს წვრთნები. 22-ე საარმიო კორპუსი ფაქტიურად მუდმივმოქმედ წვრთნებზეა გადასული ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ეს უფრო სახიფათოა, რადგან, როგორც ჩანს, რუსები ყირიმიდან აპირებენ დაარტყან უკრაინას.

„ჯარის ნაწილი კი დააბრუნეს, მაგრამ სამაგიეროდ ყირიმში აამოქმედეს სრული ოპერატიული სტრატეგიული შენაერთი", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×