ხატია ბერიძე
27.12.2021

აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მძაფრ ფაზაში შედის - ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს, რომ არ გაბედოს უკრაინაში შეჭრა, თორემ "ჯერ არნახული" სანქციებით დაისჯება. რუსეთი კი ნატოსგან დაუყოვნებლივ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირებით იმუქრება და ამას ღიად აცხადებს. ანალიტიკოსის შეფასებით, კომპრომისს ჯერჯერობით არცერთი მხარე არ აპირებს, ხოლო, თუ რას უნდა ველოდოთ, ამას 12 იანვარს გავიგებთ.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და მისი მოკავშირეები უპრეცედენტო სანქციების დაწესებას აპირებენ.

„ჩვენ პირდაპირ ველაპარაკებით რუსეთს. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ვირტუალურად შეხვდა პუტინს. ჩვენ ძალიან ნათლად განვმარტეთ, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიოს უკრაინის სუვერენიტეტი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და ნათლად განვმარტეთ, რომ უპრეცედენტო სანქციების დაწესებისთვის მზად ვართ"

„გავიმეორებ, რომ საუბარია ისეთ სანქციებზე, რომლებიც აქამდე ჯერ არ დაგვიწესებია" - თქვა კამალა ჰარისმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში 7 დეკემბერს გამართა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ესკალაციის შემთხვევაში ძლიერი ზომებით უპასუხებენ. მან პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის „საშინელ ფასს გადაიხდის" და ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება.

პარალელურად დაძაბულია ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც აშშ-სთან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებას ეხება. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმდროიდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ნატოში მიიღებდნენ.

ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებას და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. რუსეთის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით, ნატომ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი რეაგირების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ და ნატო უარს იტყვიან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე.

„ეს, შესაძლოა, სხვადასხვანაირი იყოს. დამოკიდებული იქნება იმაზე, რა წინადადებებს მომაწვდიან ჩვენი სამხედრო ექსპერტები,"- აღნიშნა პუტინმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები „დაუყოვნებლივ" უნდა მისცეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას რუსეთის და აშშ-ს მხრიდან მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარს განიხილავს. საბოლოო კონსენსუსს კი 12 იანვარს ელოდება.

„ეს საკითხი გადაწყდება 12 იანვარს, როცა დიპლომატიური მოლაპარაკება გაიმართება და ორივე მხარე მათ პოზიციებს განიხილავენ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რას გეგმავს ერთი ან მეორე მხარე. ამ საუბრის შემდეგ არ გამოვრიცხავ ბაიდენსა და პუტინს შორის რამდენიმე დამატებითი ვიდეო შეხვედრა ჩაინიშნოს. რუსეთის მხრიდან, ვფიქრობ, რომ იგივე სცენარი შიძლება გაიმეოროს, რაც ჩვენს შემთხვევაში 2008 წელს მოხდა - ახლა კი უკრაინას შეიძლება ელოდეს იგივე."

„აშშ-ს რუსეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება შეუძლია - ეს იქნება „სვიფტიდან" გარიცხვა და ანგარიშების გაყინვა, რაც რუსეთს დიდად ვერ დააზარალებს, რადგან რუსეთს ისედაც არ აქვს მსოფლიო ბანკის ვალი. ასევე, შეიძლება ოლიგარქების ანგარიშების გაყინვა, მაგრამ, ეს ფაქტი მათ პუტინთან კიდევ უფრო დააახლოებს.

"მეტი, ამერიკას ფიზიკურად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია მის წინააღმდეგ. აშშ უკრაინას სამხედრო ძალით ვერ დაეხმარება - ეს გამორიცხულია, რადგან მათ ფიზიკურად არ ჰყავთ ამდენი სამხედრო. ასევე, რუსეთს შეუძლია სამხედროების გადაყვანის დაბლოკვის განახორციელებაც, ასე რომ, ეს ყველა ვარიანტში გამორცხულია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინისთვის თავგანწირვას დიდად არც ევროპა აპირებს, მათგან ეს მუხტი არ იგრძნობა. ამ ფაქტებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც 12 იანვარს დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად გახდება ნათელი", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×