თეონა ვეშაგური
29.12.2021

 

ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, აშშ-სა და რუსეთის მიერ იანვარში დაგეგმილი მოლაპარაკებების საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი გამოთქვამს შეშფოთებას. მისი განმარტებით, აბსურდია ის, რომ მოსკოვს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე დიალოგი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე სურს.

აღნიშნულზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია რა ხდება ბრიუსელისა და ვაშინგტონის კულუარებში, დასავლელი პარტნიორები, მხარდამხარ უნდა იდგნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბული ვითარების ფინზე აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები 10 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს. უკრაინის გარდა, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხი იქნება.

ბორელის თქმით, მოლაპარაკებებში ევროკავშირიც უნდა ჩაერთოს, რადგან შეხვედრაზე განხილული საკითხები მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს არ ეხება.

ის თვლის, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია მის შესახებ რამე გადაწყვეტილების მიღება ბლოკის ჩართულობის გარეშე.

„თუკი მოსკოვს სურს ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხზე და უსაფრთხოების გარანტიებზე იანვრიდან დიალოგი დაიწყოს, მაშინ ეს საკითხი მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს არ ეხება. ევროკავშირი ამ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი უნდა იყოს, ასეთ მოლაპარაკებებს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმდინარეობს ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით და მონაწილეობით.

„ის, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკება ევროკავშირის ჩართულობის გარეშე, არის "აბსურდი". ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენი იქ ყოფნის გარეშე ჩვენს შესახებ არაფერი გადაწყდება", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

აღნიშნულზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს. მისი განმარტებით, დასავლეთის იმედი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით წარმატებას მიაღწევს და მის ექსპანსიურ მმართველობას შეაჩერებს, ილუზიაა, რადგან ეს მხოლოდ მაკაცრი სანქციების დაწესებით მოხდება.

„დასავლეთს დღემდე აქვს ილუზიები, რომ პუტინთან, რომელიც საკუთარი იმპერიის გაფართოებას ცდილობს, მოლაპარაკებები შესაძლებელია. მაგრამ, რაიმე შედეგის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ქმედითი სანქციების საშუალებით მოხდება. სხვაგვარად, პუტინი და „მისი გუნდი ყოველთვის თვალთმაქცობს და „დასავლელ ლიდერებს, დროებით არწმუნებს რომ ის შეჩერდება და არ გააგრძელებს თავის იმპერიულ ექსპანსიას.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები კარგია მაგრამ, კრემლთან საუბრისას „მათრახი" და „კვერი" უნდა იყოს და არა მხოლოდ „თაფლაკვერი" და მოლაპარაკებები.

„ამასთან, თუ აშშ და ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართულობის საკითხზე ვერ შეთანხმდა, ეს უკვე ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობის პრობლემაა. თავის დროზე, ამას პრეზიდენტ ტრამპს აბრალებდნენ, თუმცა, ბაიდენმა განაცხადა, რომ ის შეცვლის სიტუაციას და როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოს წევრ ქვეყნებთან ინტეგრაციული პროცესები უფრო გაღრმავდება.

„ვერ გეტყვით ზუსტად რა ხდება ბრიუსელისა და ვაშინგტონის კულუარებში მაგრამ, უტყუარია, რომ დასავლელი პარტნიორები მხარდამხარ უნდა იდგნენ, რათა პუტინს ექსპანსიური ძრახვები იძულების გზით შეაჩერებინონ. სხვაგვარად მისი გაჩერება შეუძლებელია ამიტომ, ვეთანხმები არაერთი დასავლელი პოლიტიკოსისა, თუ ლიდერის განცხადებებს, რომ პუტინი ის დათვია, რომლის მოთვინიერებაც შეუძლებელია მკაცრი სანქციების გარეშე", - განაცხადა აბაშიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 12 იანვარს რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა იგეგმება, 13 იანვარს კი, სავარაუდოდ, მოსკოვსა და ეუთოს მუდმივ საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართება.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×