ხატია ბერიძე
05.01.2022

ყაზახეთში ბუნებრივი აირის ფასზე სოციალური პროტესტი, პოლიციელებსა და დემონსტანტებს შორის დაპირისპირებებში და არეულობებში გადაიზარდა რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. „ფერადი გაზის რევოლუცია", რომელიც ახლაც მიმდინარეობს ანალიტიკოსის მოსაზრებით შეუძლებელია პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, რადგან ქვეყანაში ეს მუხტი არ იგრძნობა, თუმცა, არ გამორიცხავს სპონტანურად ახალი პარტიის შექმნას, რომელიც ხელისუფლებას გადაიბარებს.

ყაზახეთში დემონსტრანტები გაზის ორჯერ გაძვირებას პირველი იანვრიდან აპროტესტებენ. ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკება მოხდა. სადაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა იერიშით აიღეს ქალაქის მერია. მერიის და ქალაქის პროკურატურის შენობაში ხანძარი გააჩინეს. შეტაკების შედეგად ეროვნული გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი სერიოზულად დაშავდა, არიან გარდაცვლილებიც.

ოფიციალური მონაცემებით გუშინდელი შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და 53 აქციია მონაწილე დაშავდა.

ქალაქ აქტობეში, ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში, პოლიციის თანამშრომლებმა უარი თქვეს დემონსტრანტების დაკავებაზე და განაცხადეს, რომ „ხალხთან" არიან. ქალაქის ადმინისტრაციასთან ასამდე ადამიანი დგას და გამგებელთან შეხვედრას ითხოვს.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს: რეჟიმის შეცვლა, გამგებლის სახალხოდ არჩევა, 1993 წლის კონსტიტუციის აღდგენა და სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა.

გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმათიში 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მთელ ქვეყანაში ცუდად მუშაობს ინტერნეტი. ალმათიში არ ფუნქციონირებს მობილური ინტერნეტი და მესენჯერი. ყახაზეთის ხელისუფლებამ ასევე დაბლოკა მასმედიის საიტები, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს აშუქებენ.

გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დარჩებიან.

ტოკაევის განცხადებით, რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს პოსტს დღეიდან თავად გაუძღვება, რაშიც ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს", - განაცხადა მან.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს. მისი განმარტებით ამ პროცესებს არანაირი პოლტიკური მოტივი არ აქვს საფუძვლად და ეს ყველაფერი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული.

„ყაზახეთი გაზის ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანაა და მისი მარაგები მსოფლიო ოცეულშია შესული. აქედან გამომდინარე ხალხს გაუჩნდა ბუნებრივი პროტესტი - ქვეყანა, რომელიც გაზს ყიდის სხვებზე, საკუთარ მოსახლეობას კი 60%-ით უძვირებს, ბუნებრივია ეს მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევდა.

"ბუნებრივი აირის გარდა ასევე გაძვირდა სამომხმარებლო პროდუქტებიც, რამაც ხალხში კიდევ უფრო გაამძაფრა პროტესტს გრძნობა. ყაზახები დაიღალნენ ფორმალური მმართველობით, ამაში ფასებთან მიმართ მთავრობის უმოქმედობა მოიაზრება.

"პროტესტი საკმაოდ მასშტაურია, როგორც ცნობილია პოლიციის ნაწილიც დემონსტრანტების მხარეს გადავიდა ანუ გამოდის, რომ ყაზახეთში კლასიკური„ფერადი გაზის რევოლუციაა."

„ეს აქციები, რომლებიც ყაზახეთის დასავლეთ ნაწილიდან დაიწყო, სრულიად სოციალურ-ეკონომიკურია, რადგან გამორიცხულია ეს რომელიმე ოპოზიციურიპარტიის მიერ პოლიტიკურად იყოს წახალისებული. ქვეყანის მთავრობას მსგავსი ოპონენტი არ ჰყავს.

"აქედან გამომდინარე ახლანდელი პროტესტის, დარეგულირებას ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს. ამისთვის იგი ხისტ ზომებს მიმართავს. ტოკაევმა უკვე გამოაცხადა, რომ გადადგა პრემიერ მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი, რომლის პოსტსაც თავად გაუძღვება.

"ამით იგი ცდილობს რბილი ძალით ჩაახშოს პროტესტი, მაგრამ, ვფიქრობ მოსახლეობამ შეიძლება სპოტანურად შექმნას რომელიმე ოპოზიციური პარტია და მმართველობა მათ გადასცეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×