რეზონანსი
16.02.2022

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი მიგრაციის პოლიტიკის ლიბერალიზაციას განაგრძობს და ამ კუთხით ევროპაში პოლიტიკურ მხარდაჭერას ეძებს. თუმცა მის გეგმებსა და მოსაზრებებს აკრიტიკებენ როგორც გერმანიაში, ასევე ევროპის მასშტაბით.

ნენსი ფეზერი მხარს უჭერს გერმანიაში მიგრაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამარტივებას და გერმანიაში ეგრეთ წოდებული „ახალი სოლიდარობის“ ტენდენციის დამკვიდრებას ცდილობს. როგორც ფეზერმა 11 თებერვალს ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისართან, ილვა იოჰანსონთან შეხვედრისას განაცხადა, იგი ეგრეთ წოდებული „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბების გზით ცდილობს ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშავოს ლტოლვილთა ლეგალიზაციის ერთიანი სისტემა, რამაც გერმანიის პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 

ფეზერის სიტყვებით, გერმანია საფრანგეთთან ერთად კოალიციის ერთ-ერთი შემადგენელი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც შეიმუშავებს ლტოლვილთა ლეგალიზაციის სისტემას, რაც, თავის მხრივ, არალეგალურ ემიგრაციას ხელს შეუშლის. 

„ეს უნდა მოხდეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის დასანახად, რომელიც ემიგრანტებს აშკარად ხელს ჰკრავს“, - განაცხადა ფეზერმა. 

კითხვაზე, თუ რა მასშტაბს შეიძენს კოალიცია, გერმანიის შს მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. 

იოჰანსონი არალეგალურ ემიგრაციასთან დაკავშირებით მეტ სიმკაცრეს მოითხოვს და თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ერთიანი სისტემა უნდა შექმნან, რომელიც არალეგალი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას ემსახურება.

„ფდპ“ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) ნენსი ფეზერისაგან მოითხოვს არალეგალური ემიგრაციის შესაჩერებლად გარკვეული რეგულაციების დაწესებას და ამ საკითხზე პასუხისმგებელი ერთეულის დასახელებას. „ფდპ“-ს გენერალურმა მდივანმა, ბიიან დირ-სარაიმ ბერლინში ჩატარებული პარტიულის ხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ემიგრაციის გამარტივება შეუძლებელია, სანამ არალეგალური ემიგრაციის შეჩერების საკითხი არ გადაწყდება, რაც, თავის მხრივ, კონკრეტულ დაწესებულებას უნდა დაევალოს.

მართალია, „ფდპ“ მხარს უჭერს გერმანიის შს მინისტრის გეგმებს ემიგრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ემიგრანტებმა გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რათა გერმანიაში დარჩენა შეძლონ. 

„ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, მხარს ვუბამთ ემიგრანტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, თუკი ისინი ჩვენს ღირებულებებს გაიზიარებენ და საზოგადოებაში დამკვიდრებას შეძლებენ“, - განუცხადა დირ-სარაიმ 11 თებერვალს ონლაინ გაზეთ „რნდ“-ს.

„ფდპ“-ს ფრაქციის თავმჯდომარე, მიქაელ ტოირერი ასევე თვლის, რომ ემიგრაციის პოლიტიკა გერმანიაში, უპირველეს ყოვლისა, არალეგალური ემიგრაციის აღმოფხვრას უნდა ეფუძნებოდეს. 

„არ უნდა დავუშვათ, რომ არალეგალურმა ემიგრაციამ დანაშაულის ფაქტების გაზრდას შეუწყოს ხელი. ამისათვის საჭიროა კონკრეტულმა დაწესებულებამ აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე“, - აცხადებს ტოირერი.

ალექსანდერ დობრინდტი, „ცსუ“-ს (ქრისტიანულ-სოციალური უნიონი) რეგიონალური ფრაქციის ხელმძღვანელი, სკეპტიკურად უყურებს ფეზერის იდეას და თვლის, რომ მიგრაციის ამგვარი პოლიტიკა ძირს უთხრის ევროკავშირის ერთიანობას. 

„სანამ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები გამოსავალს ეძებენ მოზღვავებული ემიგრაციის შესაჩერებლად, ქალბატონი ფეზერი ახალ ნიადაგს უმზადებს არაკონტროლირებად ემიგრაციას“, - განაცხადა დობრინდტმა გაზეთ „აუგსბურგერ ალგემაინესთან“ ინტერვიუში.

დობრინდტის მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ლიტვის კონფერენციაზე ევროკავშირის 16-მა ქვეყანამ ევროკავშირის გარე საზღვრებთან კონტროლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერარდ კარნერმა „მსურველთაკოალიციის“ ნაცვლად ეგრეთ წოდებული „ცივი გონების ალიანსის“ დაფუძნების იდეა წამოაყენა. მისი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გარე საზღვრების კონტროლი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ემიგრანტები სახელმწიფოთა საზღვრები ხშირად სხვა ქვეყანაში ემიგრაციის მიზნით იკვეთება. ამის მაგალითად კარნერმა ის ლტოლვილები დაასახელა, რომლებიც ბელარუსის გავლით პოლონეთსა და ლიტვაში მოხვედრას ლამობენ.

ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიუნტერ ბურქარდტი. 

„მსურველთა კოალიციის“ მიზანი უნდა გახდეს არა მარტო ლტოლვილთა დაბინავება, არამედ აღმოსავლეთ ევროპისათვის „ჭკუის სწავლება“. მათ უნდა ისწავლონ ემიგრანტებისთვის ხელის გაწოდება და თავი დაანებონ ლტოლვილთა უკანონო გზით უკან დაბრუნებას“, - გაუზიარა ბურქარდტმა 11 თებერვალს თავისი შეხედულება „რნდ“-ს.

„მსურველთა კოალიციის“ შექმნის საკითხს კიდევ უფრო ართულებს ომის საფრთხე უკრაინაში. გერმანიაში არ გამორიცხავენ, რომ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში ევროკავშირი უკრაინიდან ლტოლვილთა მოზღვავებას უნდა ელოდოს. ამისდა მიუხედავად, გერმანიის მთავრობა, უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთისგან განსხვავებით, ზომების მიღებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

მხოლოდ 2022 წლის იანვარში 13 700-მა პირმა მოითხოვა გერმანიაში თავშესაფარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 61%-ით აღემატება.

თინათინ ბახტაძე

სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ბერლინიდან

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×