რეზონანსი
01.03.2022

რამდენიმე კვირიანი მცდელობის შემდეგ, გადაეჭრა უკრაინის კონფლიქტი დიპლომატიური გზით, გერმანიამ მყისიერად და რადიკალურად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. იგი უკრაინას იარაღს აწვდის და აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მკაცრ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. ეს რადიკალური ცვლილება ანალიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვირას გამართულ ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე ვრცელი განცხადება გააკეთა გერმანიის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაში მონაწილეობის თაობაზე. მისი სიტყვებით, მიღებული ზომები ემსახურება მიზანს, რომ პუტინისათვის მისივე წამოწყებული ომი კატასტროფად იქცეს. 

„არ უნდა დავუშვათ, რომ ძალაუფლებამ ადამიანის უფლებებზე გაიმარჯვოს“, -განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ბუნდესტაგში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ზომები გერმანიის ეკონომიკას მილიარდობით ევროთი დააზარალებს. ეს ეხება როგორც უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების საკითხს, ასევე „სვიფტ“-თან დაკავშირებულ სანქციას. თუმცა, გერმანიის მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებაში მყარად არის დარწმუნებული.

„სანქციები ისე არის შედგენილი, რომ ისინი გერმანიის ეკონომიკას ბევრად უფრო ნაკლებად დააზარალებენ, ვიდრე რუსეთისას“, - უპასუხა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად წამგებიანია გერმანიისათვის კურსის ამგვარი რადიკალური ცვლილება.

ბუნდესტაგში „ცდუ“-ს (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) ფრაქციის ხელმძღვანელმა, ფრიდრიხ მერცმა ბოლო დრომდე გერმანიის „გაუბედაობა“ პუტინის მიმართ მემარცხენეთა პარტიას გადააბრალა, რომლებიც პუტინის მიმართ ყოველთვის ზედმეტად ლოიალურები იყვნენ.

„მათ სხას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა იდიოტებს“, - განაცხადა მერცმა გაზეთ „ცაიტ“-თან ინტერვიუში.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და „ფდპ“-ს (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) წევრმა, კრისტიან ლინდნერმა კვირა საღამოს ტელეარხ „არდ“-ზე განაცხადა, რომ გერმანიის მიერ მიღებული ზომები ადეკვატური პასუხია პუტინის ბოლოდროინდელ მოქმედებებზე:

„პუტინმა, როგორც იქნა, კარტები გაშალა, რამაც გერმანიას გადამწყვეტი ზომებისკენ უბიძგა. გერმანია დროებით რეალობას იყო მოწყვეტილი, სანამ არ გაიაზრა, თუ რეალურად რა საფრთხე ემუქრება მას“.

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წევრმა ნორბერტ როეტგენმა კურსის ცვლილება შეაფასა, როგორც „სამხედრო მზადყოფნის გერმანიის საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად აღიარება“.

გერმანულ-უკრაინული ურთიერთობების ექსპერტმა და ანალიტიკოსმა ლიუდმილა მელნიკმა ზოგადი კრიტიკა გამოხატა გერმანიის თავდაცვითი პოლიტიკის მიმართ და განაცხადა, რომ იგი მეტისმეტად დამოკიდებულია აქტუალურ მოვლენებზე. მისი აზრით, გერმანიის საგარეო პოლიტიკას, რომელიც შოკური ეფექტებს ეფუძნება, ვიდრე წინასწარ შემუშავებულ გეგმას, მეტი სტრატეგიულობა არ აწყენდა.

ანალიტიკოს ტომას რაიხჰარტის შეფასებით, გერმანიამ შეცვალა უკრაინული კურსი, რადგან გაიაზრა რა ის მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა საკუთარი უმოქმედობის გამო. 

„გერმანია დროებით „შემაკავებლის“ როლში აღმოჩნდა - როგორც ქვეყანა, რომელიც, პირველ რიგში, უკრაინის მაგალითის შემყურე, საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებაზე ფიქრობს. თუმცა, საბოლოოდ, გერმანიამ გაიაზრა, რომ ეს გადამწყვეტი არ არის“, - გააცხადა რაიხჰარტმა „ცდფ“-თან ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ტორსტენ კლედიჩი კი ფიქრობს, რომ კურსის ცვლილებაში თავად უკრაინას მიუძღვის დიდი წვლილი.

„გერმანიამ უსაფრთხოების პოლიტიკა მთლიანად შეცვალა“, - განაცხადა კლედიჩმა ფრაიე პრესსეს სატელევიზიო პლატფორმაზე, - „არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ გერმანია აქამდე არასწორ გზაზე იდგა. თუმცა მოვლენების სწრაფმა განვითარებამ მოითხოვა სპონტანური ნაბიჯები, რაც მოცემულ სიტუაციაში გამართლებულია. ეს პირველ რიგში უკრაინის დამსახურებაა, რომელმაც თავისი ბრძოლისუნარიანობით ევროპას მაგალითი აჩვენა. რაც შეეხება „სვიფტ“-თან დაკავშირებულ სანქციას, იგი ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც დიდხანს მზადდებოდა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ იყო“.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწინააღმდგებოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, გასულ შაბათს კი უკრაინისათვის „სტინგერის“ 500 საზენიტო რაკეტისა და 1000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. გერმანიამ ასევე მხარი დაუჭირა რუსული ბანკების ჩახსნას გადახდების საერთაშორისო სისტემა „სვიფტ“-იდან. ამასთან, გერმანია იყო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

თინათინ ბახტაძე

სპეციალურად „რეზონანსისთვის“ ბერლინიდან

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×