თეონა ვეშაგური
25.04.2022

საფრანგეთის პრეზიდენტი მეორე ვადით ემანუელ მაკრონი გახდა. ექსიტპოლების მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 58.55% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა კი - 41.45%. ანალიტიკოსთა ნაწილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ არჩევნებში ლე პენის გამარჯვება ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანდიდატი საკმაოდ დაახლოებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. გარდა ამისა, ის აპირებდა საფრანგეთი გაეყვანა ნატო-ს სტრუქტურებიდან.

ანალიტიკოს თენგიზ ფხალაძის აზრით, მისასალმებელია მაკრონის გამარჯვება, რადგან, ამ შემთხვევაში ევროპა კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ერთმანეთთან და მეტი დახმარება გაეწევა უკრაინას. ამასთან, საფრანგეთის პოზიცია კიდევ უფრო მწვავე გახდება პუტინთან მიმართებით.

„ლე პენის მოგება, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი სცენარი, რადგან მან პირდაპირ განაცხადა, რომ აპირებდა ნატოდან გასვლას. გარდა ამისა, ის გამოირჩევა პუტინისადმი მეგობრული დამოკიდებულებით და არის პოლიტიკოსი, რომელიც ფინანსდებოდა მოსკოვიდან, ამიტომ ეს იქნებოდა სერიოზული პრობლემა, მათ შორის - სანქციების, ევროპული ერთიანობის საკითხებში და ა.შ.

„რაც შეეხება მაკრონის გამარჯვებას, ნამდვილად მისასალმებელია. მე ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პოზიცია კიდევ უფრო მკვეთრი გახდება პუტინთან მიმართებით. რადგან, მას შეეძლება ახლა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებისგანაც წინასაარჩევნოდ თავს იკავებდა.

„რუსეთის მიმართ ევროპიდან მიმდინარე ზეწოლის გაძლიერებაში საფრანგეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ, ახლა დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება უკრაინისათვის მაკრონის ხელმეორედ არჩევა", - განაცხადა ფხალაძემ.

აღნიშნულზე ისაუბრა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლეთთან, ის არც განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა რუსეთეთთან მიმართებით.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საფრანგეთი შუამავლის როლს ითამაშებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.

„ლე პენის რომ მოეგო, აუცილებლად გაიყვანდა საფრანგეთს ნატოს ალიანსიდან და ალბათ, რუსეთთან ექნებოდა მჭიდრო ურთიერთობები - სავარაუდოდ, ასე მოხდებოდა, თუმცა, არც მაკრონს აქვს მაინცდამაინც კონფრონტაციული ურთიერთობები რუსეთთან.

„საფრანგეთი იარაღს აწვდის უკრაინას, თუმცა, რუსეთთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას, ანუ, მაკრონი დიდად არ არის დაპირისპირებული კრემლთან. სავარაუდოდ, ის შეეცდება, იშუამდგომლოს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში", - განაცხადა მაისაიამ.

ემანუელ მაკრონმა არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადა არ იქნება პირველის გაგრძელება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურებში ნდობა გამომიცხადეს, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის.

„ეს ახალი ერა არ იქნება იმ ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არამედ - ახალი მეთოდის კოლექტიური გამოგონება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის უკეთესი სამსახურისთვის მომავალი 5 წლის განმავლობაში", - აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.

„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრამემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მან მიმართა იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც ხმა ლე პენს მისცეს და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტმა, უნდა მოძებნოს პასუხი „ბრაზსა და უთანხმოებაზე", რამაც აიძულა ისინი, ხმა ულტრამემარჯვენეებისთვის მიეცათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს საფრანგეთში პრეზიდენტის ზედიზედ ორი ვადით გამარჯვების პირველი შემთხვევაა.

მაკრონს გამარჯვება უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ვუსურვებ მას ახალ წარმატებებს ხალხის სასიკეთოდ. ვაფასებ მის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ წინ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ, ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!" - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×