თამთა ჩაჩანიძე
21.06.2022

კრემლი ლიეტუვას ემუქრება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თუ ვილნიუსი ევროკავშირის სანქციების ფარგლებში კალინინგრადისკენ რუსული სანქცირებული ტვირთების გატარების აკრძალვას არ გააუქმებს, მოსკოვი „იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად". როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთი უკრაინაში რთული საომარი ვითარების ფონზე ლიეტუვაში შეჭრას ვერ გაბედავს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მასშტაბური კიბერშეტევა მოუწყოს და ფსიქოლოგიური ომი წამოიწყოს.

„ლიეტუვის პროვოკაციულ ზომებს, რომელიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტის შესახებ, ღიად მტრულად განწყობილად მივიჩნევთ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის გამო მოსკოვში ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ლიეტუვაშ აცხადებენ, რომ აკრძალვა ეხება მხოლოდ იმ ტვირთებს, რომელთა გადატანაზეც შეზღუდვა ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვა. სხვა ტვირთების გადაადგილება და სამგზავრო მიმოსვლა ორივე მიმართულებით კვლავ თავისუფლად ხდება.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი ლიეტუვაში შეჭრას ვერ გაბედავს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ისეთივე მასშტაბური კიბერშეტევა მოუწყოს, როგორიც ესტონეთში 2007 წელს განახორციელა, როცა რამდნიმე კვირის განმავლობაში ესტონური მედიის ვებგვერდები, ბანკები, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და სამთავრობო უწყებები რუსი ჰაკერების სისტემატიური შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე რუსეთმა აწარმოოს ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი, ან სატრანსპორტო ბლოკადა მოუწყოს.

„რუსეთმა ლიეტუვის და საერთასორისო დემოკრატიული საზოგადოების დაშანტაჟება უკვე დაიწყო და ემუქრება კიდეც. რუსეთში აცხადებენ, რომ უნდა განიხილონ თუნდაც ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რადგან თავის დროზე მას არც ვილნიუსი ეკუთვნოდა (1940 წლამდე პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა) და არც მთავარი საპორტო ქალაქი კლაიპედა. ეს საკითხი წამოსწიეს და ამით ლიეტუვის დაშანტაჟებას ცდილობენ.

„ჩემი აზრით, იმ რთული საომარი ვითარების პირობებში, რასაც რუსეთი უკრაინაში წააწყდა, ლიეტუვაში შეჭრას ვერ გაბედავს, მაგრამ შეიძლება მასზე ისეთი კიბერშეტევა განახორციელოს, როგორიც ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს იყო. ასევე მოაწყოს სატრანსპორტო ბლოკადა, ასევე ბალტიის ზღვაში ლიეტუვის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო მანერები ჩაატაროს. პლიუს საინფორმაციო ომი, რომ თითქოს ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეტაპზე ეს მოქმედებებია მოსალოდნელი.

„ამ მოცემულობით კალინინგრადის ოლქი ბლოკადაშია. ეს რუსეთის ანკლავი და ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. მისი ბლოკირება რუსეთის ეკონომიკაზე აისახება, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთს ბალტიის ზღვაზე შეზღუდული წვდომა აქვს. პეტერბურგს კი აქვს გასასავლელი ამ ზღვაზე, მაგრამ აქ კალინინგრადისგან განსხვავებით, სანავსადგურო საპორტო ინფრასტრუქტიურა იმდენად განვითარებული არაა.

„თანაც ეს რუსეთის ავტორიტეტს არტყამს, რადგან რუსეთი ბალტიისა და შავ ზღვაზე გასასვლელისთვის ბევრს იბრძოდა და დამპყრობელ ომებს აწარმოებდა," - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×