თეონა ვეშაგური
21.08.2022

მოსკოვში ულტრა-ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. წესით აფეთქებისას მასთან ერთად თავად ალექსანდრ დუგინიც უნდა მჯდარიყო, მაგრამ მან რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა მანქანა. მომხდარმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც რუსეთის ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. ოფიციალური პირები „უკრაინულ კვალზე" საუბრობენ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მწვავე ფაზაშია შესული, რაც დაუცველობის განცდას აჩენს რუსეთის მოსახლეობაში. მისივე თქმით, ეს კონკრეტული ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ უბედურებისგან დაცულები არ არიან არც კრემლის ფავორიტები და მათი ოჯახის წევრები.

აფეთქების დეტალები და „უკრაინული კვალი"

გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრ და დარია დუგინები 20 აგვისტოს მოსკოვის მახლობლად ფესტივალ „ტრადიციაზე" იმყოფებოდნენ და საღამოს მოსკოვში ბრუნდებოდნენ. თავდაპირველად მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთი მანქანით მგზავრობა, თუმცა, ბოლო მომენტში, ალექსანდრ დუგინი სხვა მანქანაში ჩაჯდა.

აფეთქება მოსკოვის ოლქის სოფელ ბალშიე ვიაზემისთან მოხდა. გამოძიების ცნობით, დარია დუგინას „ტოიოტა ლენდ კრუიზერში" მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე 400 გრამი ტროტილის ექვივალენტის მქონე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დარია დუგინა ადგილზე დაიღუპა. ალექსანდრ დუგინი მანმანით უკან მიჰყვებოდა თავის ქალიშვილს და შემთხვევის ადგილას აფეთქებიდან რამდენიმე წამში მივიდა.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტი მმართველის, დენის პუშლინის განცხადებით, ინციდენტში „უკრაინის რეჟიმის ტერორისტები" მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო.

„უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრ დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს", - წერს პუშილინი „ტელეგრამში".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გამომძიებლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ არის თუ არა ამ აფეთქებაში უკრაინული კვალი. მისივე თქმით, თუკი ასეთი კვალის არსებობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვექნება „სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკასთან, რომლის რეალიზებაც კიევის რეჟიმის მიერ ხდება".

კიევში ამ აფეთქბესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მორალური ეფექტი

აფეთქებას სოციალურ ქსელებში სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. ზოგიერთი რუსული „ტელეგრამ" არხი იმასაც წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეყანაში დაუცველობის გრძნობა მატულობს და მოქალაქეები უკვე მოსკოვშიც აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.

ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს როგორც რუსეთის მოსახლეობის, ისე კრემლის პროპაგანდისტების განწყობებზე.

„ახლა რთულია ამ ყველაფრის გარჩევა. ფაქტია, რომ მომხდარს მოჰყვება რეაქცია. არსებობს ორი მიმართულება. ერთი, რომ შეიძლება უფრო მეტად აგრესიული გახდნენ კრემლის პროპაგანდისტები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ, რაც უფრო გაამწვავებს მათ განცხადებებს. მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, აღნიშნულმა დააფიქროს ეს ადამიანები. არ შეიძლება მსგავსი აგრესიული პოლიტიკა და იქნებ მიხვდნენ, რომ არავინ არის დაცული საფრთხისგან და ასეთი ადამიანები დაუსჯელები არ რჩებიან.

„ზუსტად ვერ გეტყვით რას გამოიწვევს მომხდარი, ან კონკრეტულად რა დასკვნებს გამოიტანენ თავად კრემლის პროპგანდისტები. ფაქტია, რომ ძალიან დაძაბულია ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ის ადამიანებიც კი აღარ არიან დაცულები, რომლებიც ითვლებიან კრემლის ფავორიტად.

„რაც შეეხება მორალურ ეფექტს, შემთხვევა ახალი მომხდარია, ამიტომ შედეგების გასაგებად დრო არის საჭირო. ვნახოთ რა გავლენას იქონიებს ფაქტი რუსულ საზოგადოებაზე", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვინ იყო დარია დუგინა და რით არის ცნობილი მისი მამა

მომხდარის შესახებ, სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, პოლიტოლოგი და საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე.

როგორც ის „ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს დარია დუგინას არარუსი ერებისადმი განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებდა. იგი უკრაინელებს „არშემდგარ ადამიანებს" უწოდებდა, ხოლო ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთს „ევრაზიული იმპერიის მომავალ ნაწილად" განიხილავდა. მეტიც, იგი მარიუპოლშიც ჩავიდა და ქალაქის უკრაინელ დამცველებს ქალაქის ამაოხრებლები უწოდა. ამასთან, დარია დუგინა სანქცირებულთა სიაში იყო დიდი ბრიტანეთის მიერ.

ექსპერტი იმ მწვავე განცხადებებსაც იხსენებს რაც ალექსანდრ დუგინის მიერ იყო გაჟღერებული საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის ომამდე. მისივე თქმით, სწირედ ამ იდეოლოგიით იყო გაზრდილი მისი ქალიშვილიც.

„ალექსანდრ დუგინმა დარია თავისი შეხედულებისამებრ გაზარდა. მას ბავშვობიდან დაატარებდა ღიად ფაშისტურ დემონსტრაციებზე და ატარებინებდა ისეთ სიმბოლოებს, რომელთა კავშირიც ნაცისტურ წარსულთან ნათელი იყო. დარია დუგინა მამასავით რუსეთის ექსპანსიონისტური სამხედრო კამპანიების აქტიური მომხრე იყო და ამას რუსეთის „სულიერი მისიით" ამართლებდა.

„თავად ალექსანდრე დუგინზეც რომ ვთქვათ ორიოდე სიტყვა: იგი ჯერ კიდევ 80-ნი წლებიდან მონაწილეობდა ნეო-პაგანიზმის ანუ რუსული წარმართული რელიგიის აღზევების პროცესში, რომლის შემდგომ პოლიტიზებასაც ცდილობდა და ამბობდა, რომ რუსეთის მიწასა და მდებარეობს რუსულ პოლიტიკურ და სულიერ მისიასთან აქვს კავშირი.

„იგი რელიგიურად ერთდროულად სტაროვერია, ანუ რუსული ეკლესიის ძველ ფორმას აღიარებს და ამასთან პაგანიზმის (წარმართიზმის) ეთაყვანება. მისი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს დიდი ევრაზიული იმპერია, რომელიც დაუპირისპირდება დასავლეთს, როგორც დესტრუქციულ, მოხმარებაზე ორიენტირებულ, მომაკვდინებელ სხეულს და აუცილებლად გაიმარჯვოს. იგი ამ პროცესში მთელი სლავურენოვანი ხალხების ერთიან რუსულ იმპერიაში გაერთიანების მომხრეა, რომლის შემდეგაც დასავლეთთან ომი დაიწყება. უკრაინა დიდი დაპყრობითი მისიის ერთ-ერთ ნაწილად აქვს მოაზრებული და უკრაინის, როგორც ქვეყნის არსებობას დასავლურ სეკულარიზმს აბრალებს. დუგინის აზრით კიევი, რუსების ცენტრად უნდა იქცეს.

„მას საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, განსაკუთრებული ზიზღი აქვს. 1997 წელს თავის წიგნში „ასნოვი გეოპოლიტიკი" („გეოპოლიტიკის საფუძვლები") აღნიშნავს, რომ საქართველო უნდა დაიშალოს და აფხაზეთი და სამაჩაბლო (იგი „ერთიან ოსეთს" უწოდებს) რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, რომელთა გავლითაც რუსეთი სამხრეთ კავკასიას დაიკავებს.

„2008 წელს ომამდე იგი ცხინვალში ჩავიდა. ამბობდა მალე აქაურობიდან რუსეთის აღდგენა დაიწყებაო. მან იქ „ევრაზიული ახალგაზრდული კონგრესის" შეხვედრა გამართა. ომის პერიოდში კი თბილისის აღებას ითხოვდა.

„მას - დუგინს - კრემლში ბევრი მოკავშირე და ბოლო წლებში ბევრი მტერიც ჰყავს. ერთი პერიოდი იგი მიჩნეული იყო, როგორც პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი.

„სავარაუდოა, რომ გუშინ თავად ალექსანდრე დუგინი იყო მთავარი სამიზნე, რადგან იგი თავის შვილთან ერთად გახლდათ შეხვედრაზე მისული, მაგრამ სხვა მანქანით დაბრუნდა უკან. უცნობია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ არ არის გამორიცხული რუსეთში დიდი შიდა დაპირისპირების კონტურებიც იკვეთებოდეს, სადაც უკრაინაში ომში წარუმატებლობებისა და შიდა ეკონომიკური ქაოსის ფონზე ურთიერთწმენდა დაიწყოს", - წერს კობერიძე „ფეისბუქში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×