რეზონანსი
23.08.2022

„ერევნის სპეცოპერაცია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ყაზახეთის წინააღმდეგ“, - ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული ტელეარხი 5.ua სტატიას, სადაც ერევნის ცენტრში გაკრულ საოკუპაციო პლაკატებს ეხმაურება, რომლებზეც კრემლის სიმბოლიკა და ასო „Z“ არის გამოსახული. 

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, პლაკატის ავტორები უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სუვერენული ტერიტორიების ანექსიას აანონსებენ. 

უკრაინული მედია ერევნის ცენტრში გამოქვეყნებული პლაკატების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ანექსირებული ყირიმი რუსეთია, ისევე, როგორც დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ტირასპოლი (დნესტრისპირეთი), ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი). „ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება“, არცახი - დაე, ისიც რუსეთი გახდეს!“ 

ტერიტორიები, რომლებიც პლაკატზე წერია, ან უკვე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ან მათ ოკუპაცია და შემდგომი ანექსია ემუქრება. საბაბი კი თითქოს ჩაგრული ეთნიკური უმცირესობების დაცვაა. 

უკრაინული მედია ორ კატეგორიაზე საუბრობს, რომლის მიხედვით პირველ კატეგორიაში შედის უკრაინის დროებით დაპყრობილი ქალაქები და რეგიონები, აგრეთვე, მოლდოვის (დნესტრისპირეთი) და საქართველოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ყარაბაღი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს და ნაწილობრივ დაკავებულია სომხური უმცირესობის მიერ, ისევე როგორც ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც ზოგიერთ რაიონში რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი ცხოვრობს. 

5.ua ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა ამ ტერიტორიაზე კრემლის საოკუპაციო ჯარები (აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინა, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი) ან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და არმიის კონტინგენტია (ყარაბაღი, ჩრდილოეთ ყაზახეთი) განთავსებული.

უკრაინული მედია სტატიაში იმ გარემოებაზე საუბრობს, რომელიც ამ ტერიტორიებს აერთიანებს: თითოეული მათგანისთვის კრემლი უკვე ამზადებს ყალბ რეფერენდუმებს ანექსიის მიზნით, ან ბოლო წლებში „ნიადაგს ამზადებდა“ მსგავსი  „პერსპექტივისთვის“. 

ჯერ კიდევ 26 მაისს , უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის დაგეგმილია საყოველთაო „რეფერენდუმი“ „მინი-სსრკ“-ს აღდგენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან ცალკე ახსენა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიები და სამხრეთ ოსეთი.

„ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება დიდი და ძლიერი. ისევ იქნება საბჭოთა კავშირი და არავინ არსად წავა“,  - ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 14 ივლისს განაცხადა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ აღიარა, რომ პუტინის აგრესიისგან „არავინ არის დაზღვეული“ და „ბევრი ქვეყანა შეშფოთებულია“, - ამ თემაზე „მეხუთე არხი“ ჯერ კიდევ 26 ივლისს იტყობინებოდა.

უკრაინული მედია ერევნის ცენტრში გამოკრულ ანტისაოკუპაციო პლაკატებს პროპაგანდისტულ „სპეცოპერაციას“ უწოდებს და წერს, რომ ამ იდეის ავტორები ერევანში კრემლის მიმდევრები არიან. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი ნათლად აჩვენებს, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით.

ახლა, პროპაგანდისტულმა „სპეცოპერაციამ“, რომელიც ერევანში კრემლის მიმდევრებმა ჩაატარეს, ნათლად აჩვენა, უკრაინის გარდა  რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით. ეს ქვეყნებია: საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. 

თითოეულ ზემოთ ნახსენებ ქვეყანაზე უკრაინული ტელეარხი დეტალურად საუბრობს.  

მოლდოვა

ერევნის ცენტრში გაკრულ პლაკატებზე, რომელზედაც იმპერიული სიმბოლიკაა გამოსახული, წერია: „ტირასპოლი არის რუსეთი!“. როგორც რუსეთის ფედერაციის მე-14 არმიის შტაბის ყოფილმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლაი ლიზუნოვმა რომელმაც განახორციელა დნესტრისპირეთის ოკუპაცია, 8 აპრილს Gazeta.ru-ს განუცხადა, ამჟამად რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი სამხედრო კონტინგენტი 1700 ადამიანს შეადგენს.

22 აპრილს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ რუსტამ მინეკაევმა განაცხადა: „უკრაინის სამხრეთ ნაწილზე კონტროლი კიდევ ერთი გზაა „დნესტრისპირეთისკენ“, სადაც, აგრეთვე შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები“.

ის, რომ რუსეთის ფედერაციამ უკვე შეიმუშავა მოლდოვაში შეჭრის გეგმა, ამის შესახებ ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემამ The Times-მა ინფორმაცია 1-ელ მაისს, უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა, ხოლო 10 მაისს აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღავნელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 7 ივნისს განაცხადა, რომ მოლდოვა უნდა მოემზადოს „რუსული ჯარების შეჭრისთვის“. 25 ივნისს კი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის დაახლოებით 220 000  მოქალაქე ცხოვრობს დნესტრისპირეთში“. ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-ოფიცერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა 28 ივნისს გაიხსენა, რომ რუსეთის ხელისუფლება „ოცნებობს სახმელეთო დერეფანზე არაღიარებული დნესტრისპირეთისკენ, მოლდოვის შემდგომი ოკუპაციის მიზნით“. 

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 14 ივლისს პირველად საჯაროდ დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ „ისეთივე ტრაგედია მოხდება“ - როგორსაც  „რუსეთი  უკრაინაში ახორციელებს“. 21 ივლისს კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა მოლდოვის ხელისუფლება „სისხლისღვრის განახლების“ ალბათობის შესახებ გააფრთხილა. მან, ასევე, გაიხსენა, რომ „დნესტრისპირეთში რუსეთის 220 000 მოქალაქე ცხოვრობს“. რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში დნესტრისპირეთის პრორუსული ანკლავის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიტალი იგნატიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, თვითგამოცხადებული არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის“ მიზანია: „დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვება თავისუფალი გაწევრიანება რუსეთის ფედერაციაში“. 

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ The Wall Street Journal-თან 25 ივლისს ინტერვიუში აღიარა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო შეჭრით. „შეშფოთებულები ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს“, -  დაადასტუა 29 ივლისს მაია სანდუმ.

„ამისთვის მხოლოდ პარლამენტისა და რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებია აუცილებელი. დნესტრისპირეთი შესაძლოა ქვეყნის (რუსეთის) ნაწილი ამ შემოდგომაზე გახდეს“, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის ყოფილმა სენატორმა ფრანც კლინცევიჩმა  კრემლის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას. ანუ ეს პროცესი სინქრონიზებულია დონბასის, ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეში დაგეგმილი ანექსიისთვის ყალბი რეფერენდუმების შედეგების მიხედვით.

საქართველო

4000-მდე რუსი ჯარისკაცი აკონტროლებს სამხრეთ ოსეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია. ამ ქვედანაყოფების ნაწილი მარტში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობდა. „ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ნაცისტებს ბოლო მოუღონ“, - საზეიმოდ დაწერა საკუთარ ტელეგრამ არხზე სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ.  

30 მარტს ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მაშინ „პრეზიდენტის“ პოსტს იკავებდა, „სტრატეგიულ მიზნად“ რუსეთის ფედერაციაში შესვლა გამოაცხადა. „ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის, ამაში არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს. დღეს მთავარია რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანება,“ - აღნიშნა იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა.

31 მარტს საქართველოს მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მიუღებელია რაიმე რეფერენდუმზე საუბარი იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. 

„ოკუპაციის პირობებში არცერთ რეფერენდუმს არ ექნება სამართლებრივი ძალა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე გააძევეს საკუთარი სახლებიდან...“, - განმარტა დიპლომატმა.

თუმცა, მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. უკვე 31 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში“  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ  ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. 1-ელ აპრილს კრემლის დიქტატორის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ „საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე, ჩვენ მათ პატივისცემით ვეპყრობით“. და სახელმწიფო სათათბიროს „დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის შესახებ“ კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთს „უფლება აქვს ჩაატაროს რეფერენდუმი და ახლა არის შესაფერისი დრო ჩაატაროს ყველა სამართლებრივი პროცედურა“. ამასთან, ამ ინიციატივას თბილად შეხვდნენ ანექსირებული ყირიმის და ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული „ლიდერები“. რუსი სენატორებისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერების წარმომადგენლობითი დელეგაცია 8 აპრილს ცხინვალში ჩავიდა და  რეფერენდუმს მხარი დაუჭირა.  თუმცა, მოგვიანებით კრემლმა გადახედა თავის პოზიციას. რეფერენდუმის გადადება გადაწყდა, რათა ეს საკითხი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისადმი მისი პოზიციის კუთხით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად გამოეყენებინათ. ამიტომ გამოცხადდა, რომ რეფერენდუმის იდეა იყო ანატოლი ბიბილოვის კერძო ინიციატივა, რომელმაც მაისში დაკარგა „პრეზიდენტის“ პოსტი. მისი თქმით, აღნიშნული იდეა მოსკოვთან შეთანხმებული საერთოდ არ ყოფილა და არც კოორდინაცია მომხდარა. 

„სამხრეთ ოსეთში პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს რუსული მხარის აზრის გაუთვალისწინებლად, ჩვენი შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა რუსეთის „ელჩმა“ ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა.

რეინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რუსულ გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  „თეორიულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები და საქართველოს პოლიტიკის ცვლილება, რომელიც არ შედის მოსკოვის ინტერესებში. რუსეთის ფედერაცია ამას ითვალისწინებს და ამიტომ დგამს ნაბიჯებს რეფერენდუმის ჩატარების თავიდან ასაცილებლად“. 

ამგვარად, საქართველოს მიეცა მკაფიო მესიჯი: სანამ ის უკრაინაში პუტინის აგრესიასთან დაკავშირებით „სწორად“ მოიქცევა, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის პროექტი შეჩერდება.

11 მაისს სამხრეთ ოსეთის ახალმა ე.წ. პრეზიდენმტა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ  აუცილებლად ჩაატარებენ ამ რეფერენდუმს“, როგორც კი იქნება სიგნალი და ამის დრო დადგება. 

რუსეთის პრეზიდენტმა 28 მაისს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისანიჭებლად გამარტივებული პროცედურა დაამტკიცა. 15 ივნისს კი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის რეფერენდუმის შემდგომი პერსპექტივების შესახებ კონსულტაციები გაიმართა . დისკუსიის შედეგად „უფლებამოსილ ორგანოებს დაევალა, გაეტარებინათ საჭირო კონსულტაციები რუსულ მხარესთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის ფორმებზე“.  

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი გაურკვეველი ვადით გადაიდო, სამხრეთ ოსეთის რეალურ სტატუსს მჭერმეტყველად მოწმობს ერევნის ცენტრში გაკრული პლაკატები, რომლებზეც ნათად აწერია: „ცხინვალი რუსეთია!“

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის განთავსებულია 1960-კაციანი ნაწილები. ამას ემატება მეზობელ სომხეთში დისლოცირებული 5000 რუსი სამხედრო, რომლებიც S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემებით და MiG-29 ავიგამანადგურებლებით არიან შეიარაღებულები.

ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები სავარაუდოდ, სომხური ეროვნული უმცირესობის „დასაცავად“ იმყოფებიან, რომლის ლიდერები თავს არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებად წარმოადგენენ. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, კრემლის დიქტატორისთვის მიწერილ ღია წერილში, ამ ფსევდორესპუბლიკის „პრეზიდენტი“ არაიიკ არუტუნიანი ნოსტალგიით იხსენებდა, რომ ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო და დასძინა, რომ ეს ყარაბაღისთვის მშვიდობის, შენების ხანგრძლივი პერიოდი იყო...“. 

„არცახის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ხალხის სახელით მივესალმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებას. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ... ვულოცავთ დონბასის მოსახლეობას ამ ისტორიულ მოვლენას“, - ამის შესახებ 2022 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას დონბასში რუსეთის პლაცდარმების აღიარების შესახებ“, არუთუნიანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე დაპოსტა.

ჯერ კიდევ 2021 წლის 26 დეკემბერს, აშკარად იმის შიშით, რომ ყარაბაღიდან რუსული სამხედრო კონტინგენტი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთვება, „პრეზიდენტი“ არუთუნიანი დაჟინებით მოითხოვდა რუსული სამშვიდობო ძალების არცახში მუდმივი და განუსაზღვრელი ვადით დატოვებას“.

17 იანვარს მიქაელ ბადალიანმა, რომელიც მოძრაობა „აზატაგრუმის“ ლიდერია რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებასთან აღნიშნა: 

„რუსი სამშვიდობოები ჩამოვიდნენ არცახში, სამუდამოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნით, და ამას არავინ ჰკითხავს არც ბაქოს, არც ერევანს“.

ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, „აზატაგრუმის“ აქტივისტებმა ერევანში რუსეთის საელჩოს წინ „აზოვსტალის“ დამცველების მხარდასაჭერად დაგეგმილი პიკეტი ჩაშალეს და რუსეთის მიერ მარიუპოლის ოკუპაციას სიხარულით მიესალმნენ.

უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის ფონზე, მეზობელ სომხეთში არცახელმა მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა დაიწყეს ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბარი, ასევე, მოითხოვდნენ განუსაზღვრელი ვადით მის დარჩენას და რუსეთის ფედერაციასთან ყარაბაღის მიერთებაზე რეფერენდუმის გამართვას.

„არცახში დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც ეხება რუსეთთან მიერთებას, ისევე, როგორც ყირიმში რვა წლის წინ“, - ამის შესახებ 18 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტაშეს გეგამიანმა საინფორმაციო საიტ Oragir.news-სთან განაცხადა.

„არცახის უშიშროების საბჭომ“ 25 მარტს კრემლის დიქტატორისადმი აზერბაიჯანის ყარაბაღში „რუსი სამშვიდობოების ამჟამინდელი რაოდენობისა და მათი მომსახურე ობიექტების რაოდენობის გადახედვისა და, შესაბამისად, სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით“ მიმართვა დაამტკიცა.

31 მარტს ყარაბაღის ასკერანის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა სასუნ ბარსეღიანმა „არცახის“ ხელისუფლებასმოუწოდა  „რაც შეიძლება მალე ჩაატაროს ეროვნული რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში არცახის გაერთიანების საკითხზე“. 6 აპრილს სომხურმა გამოცემა Grapark-მა  სტეფანაკერტში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნა:

„თუ სომხეთი ხელებს დაიბანს არცახში და აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ რუსეთთან შეერთების გარდა სხვა გზა არ გვექნება, ამიტომ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება“.

8 აპრილს ერევნის გამარჯვების პარკში რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდამჭერ აქციაზე სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა მიქაელ ამბარცუმიანმა განაცხადა:

არცახში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება იმ იმედით, რომ შეაგროვებენ იმდენ ხელმოწერას, რომ დააყენონ რუსეთთან მიერთების საკითხი“.

12 აპრილს „პრეზიდენტმა“ არუთუნიანმა განაცხადა, რომ „არცახს“ „შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთობა პირდაპირი ვერტიკალის ფორმატში“. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო წარმომადგენლობა ყარაბაღში „გარანტირებული და განუსაზღვრელი უნდა იყოს სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის შესაბამისი ზრდის შესაძლებლობით“.

„არცახს სურს გახდეს რუსეთის ნაწილი“, - ამის შესახებ 14 აპრილს News.am-თან საუბარში სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა  განაცხადა და დადებითად შეაფასა ის, რომ „არცახსა და რუსეთს ვერტიკალური ურთიერთობები“ აქვთ. მეორე დღეს თადარიგის პოლკოვნიკმა ჰაიკ ნააპეტიანმა სომხური არხის Live News-ის ეთერში ხაზი გაუსვა, რომ „არცახის“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ გზად მან დაასახელა ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიერ რუსული პასპორტების მასიური მიღება - ყირიმის ანექსიის, დონბასის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის დროს მოქმედი სქემის მიხედვით. 

„ყარაბაღელმა სომხებმა უნდა მიმართონ სომხეთში რუსეთის საელჩოს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებისთვის. ანუ, ისინი იღებენ ორმაგ მოქალაქეობას - რუსეთისა და სომხეთის. და თქვენ მიიღებთ არაღიარებულ, მაგრამ რეალურ ტერიტორიას, რომელიც დასახლებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებით. ამ შემთხვევაში თქვენ აძლევთ რუსეთს არა მხოლოდ მორალურ, არამედ კანონიერ უფლებას, რომ პროცესში ჩაერიოს“, - განმარტა ნააპეტიანმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არტაშეს გეგამიანმა 10 მაისს YouTube არხზე Hayeli AM განაცხადა: „არცახის რესპუბლიკამ ოფიციალურად უნდა მიმართოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რათა გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც ეს 2014 წელს ყირიმში მოხდა“.

პარალელურად „არცახის“ მოღვაწეები აგრძელებდნენ მონაწილეობას პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პროპაგანდისტულ მხარდაჭერაში. 24 მაისს ყარაბაღის სომხური ანკლავის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დავით ბაბაიანმა სამხრეთ ოსეთის პრორუსული ანკლავის „საგარეო საქმეთა მინისტრთან“ დიმიტრი მედოევთან ერთად იმედი გამოთქვა „დონეცკის და ლუგანსკის სწრაფი გამარჯვების შესახებ“, რასაც დონბასში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარება მოჰყვება“.

„რუსი სამხედროები განუსაზღვრელი ვადით უნდა დარჩნენ მთიან ყარაბაღში“, - ამის შესახებ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა“ არტაკ ბეგლარიანმა რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტოსთან 3 ივნისს ისაუბრა.

„არცახის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სომხეთმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსი სამშვიდობოების გრძელვადიან ყოფას არცახში“, - აღნიშნული სიტყვები18 ივნისს YouTube-ის არხმა PastinfoTV-მ გაავრცელა, რომელიც სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს არტაკ ზაქარიანს ეკუთვნის.

26 ივნისს „არცახის ეროვნული კრების“ წევრმა აშოტ დანიელიანმა MediaLab-ის საინფორმაციო საიტს განუცხადა: „რუსეთის სამშვიდობო ძალები რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია“. 30 ივნისს კი „პრეზიდენტმა“ არუთუნიანმა ArtsakhPress-ზე გაიმეორა, რომ აუცილებელია „რუსული სამშვიდობო ძალების განუსაზღვრელი ვადით განლაგება“ და „პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა“.

საერთაშორისო სომხურ გაზეთ „ნოეს კიდობანის“ ივნისის ნომერში „არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩევლის“ გრიგორი გაბრიელიანცის სიტყვები გამოქვენდა, რომლის თანახმად ის აღნიშნავს, რომ „დღეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არცახის ხალხის გულწრფელი სურვილია“,

ამ ფონზე აშკარა ხდება, რომ ყარაბაღში სომხური ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები აქტიურად ასრულებენ კრემლის „მეხუთე კოლონის“ როლს სამხრეთ კავკასიაში. სწორედ აქედან მომდინარეობს სლოგანი „არცახი - დაე, იყოს რუსეთი!", რომელიც ერევნის ცენტრში ყირიმის ანექსიის „აღიარებასთან“ ერთად გავრცელდა, რაც, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის სომეხი მარიონეტებისთვის სანიმუშოა.

ყაზახეთი

ჯერ კიდევ 2009 წლის 6 იანვარს, The New York Times-ში ევროკავშირისა და აშშ-ის ყოფილმა დიპლომატებმა, ხუთი თვით ადრე საქართველოში რუსეთის შეჭრის გამოცდილების გათვალისწინებით, ყირიმი და ყაზახეთი „პოტენციური აალების წერტილებად“ დაასახელეს. 2014 წლის 24 თებერვალს, ყირიმის ანექსიის დაწყების პარალელურად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყაზახეთი უნდა შევიდეს „ცენტრალური აზიის ფედერალურ ოლქში“ და „მთავარი ქალაქის სახელი უნდა იყოს ვერნი, დღეს მას არასწორი სახელი აქვს - ალმა-ატა“.

„მოხდა ყირიმის დე ფაქტო ანექსია... შემდეგი იქნება აღმოსავლეთ უკრაინა და ჩრდილოეთ ყაზახეთი, რუსების დიდი პროცენტით“, - დაწერა იმავე წლის 11 მარტს ამერიკულმა ჟურნალმა The New Republic-მა.

ხაკასიის ონლაინ გამოცემა Chance 2014 წლის 9 აპრილს „ედინაია როსიას“  ფრაქციის ხელმძღვანელის და ხაკასიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ შტიგაშევის სიტყვებს ციტირებდა:

„აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი ან რუდნი ალტაი, ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა... ჯამში ჩვენ ყაზახეთს ხუთი რეგიონი გადავეცით“. მოულოდნელად ხალხს უჩნდება ქვეყნის გაერთიანების სურვილი... ხალხის ლტოლვა რაღაც გამაერთიანებელი მოძრაობისკენ რჩება. და ეს ფაქტია. ახლა ყაზახეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა: 80% გაერთიანების მომხრეა“.

და მეორე დღესვე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება მიიღეს სოციოლოგიური გამოკითხვის შემდეგ, რომლის თანახმადაც, ნახევარკუნძულის მოსახლეობის 80% თითქოს „გაერთიანების“ მომხრე იყო.

„თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო არასოდეს არსებობდა“, - ამის შესახებ 2014 წლის 29 აგვისტოს კრემლის დიქტატორმა განაცხადა. იმავე დღეს კი რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა: „ყაზახეთი საბაჟო კავშირის წევრია, მაგრამ იქაც რუსოფობიური განწყობების კულტივირება ხდება... ჯერ დაველოდებით. მოდით ჯერ უკრაინის საკითხი მოვაგვაროთ“.

2016 წელს, Exclusive.kz-თან ინტერვიუში, ყაზახმა სოციოლოგმა სერიკ ჯაკსილიკოვმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ ხელი შეუწყო ეთნიკური დაძაბულობის ზრდას რესპუბლიკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსია.

„ყაზახეთში რუს თანამემამულეებს დიასპორას რომ ვუწოდებთ, შეიძლება პოლიტიკურ შეცდომად მივიჩნიოთ, რადგან ეს არის ჩვენი მიწები, რომლებიც დროებით მოწყვეტილია. საზღვრები მარადიული არ არის და ჩვენ დავუბრუნდებით რუსეთის სახელმწიფოს საზღვრებს“, - განაცხადა 2017 წლის 26 იანვარს რუსმა დეპუტატმა ოკუპირებული ყირიმიდან პაველ შპეროვმა.

ამასთან დაკავშირებით მან ცალკე ახსენა ჩრდილოეთ ყაზახეთისა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები.

„თუკი ამ ქვეყნებში სამშობლოსთან გაერთიანების საკითხები რეფერენდუმზე ჩატარდებოდა, საერთო კენჭისყრის შედეგები გააკვირვებს ყველაზე თავხედურ სკეპტიკოსებს“, - აღნიშნა მან რამდენიმე დღის შემდეგ ჟირინოვსკის პარტიის ყირიმის ფილიალის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ჩნდება შეკითხვა: თუ ესა თუ ის რესპუბლიკა შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ ის იღებდა ტრადიციული რუსული მიწების უზარმაზარ ტერიტორიებს, და შემდეგ გადაწყვიტა კავშირის დატოვება, მაშინ წადი იმით, რითაც მოხვედი, არ წაიღო საჩუქრები რუსი ხალხისგან“, - ამბობდა პუტინი 2020 წლის 21 ივნისს ტელეკომპანია „Russia-1“-ის ეთერში. ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ჩრდილოეთ ყაზახეთზე ზუსტად ისე დაიწყო საუბარი, როგორც ასეთ „საჩუქარზე“.

„ყაზახეთის ტერიტორია დიდი საჩუქარია რუსეთისგან“, - განაცხადა იმავე წლის 10 დეკემბერს რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა და „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს წევრმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა. 

„რუსეთმა უნდა მოითხოვოს, თუ ამას საჩუქრად არ აღიარებთ, უნდა დააბრუნოთ, იმიტომ რომ უკანონოდ აიღეთ... წადით, დაიკარგეთ თქვენი სახელმწიფო კონსტრუქციით! ყაზახეთო, დააბრუნე ტერიტორია!“, - 14 დეკემბერს, სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთმა დეპუტატმა და „ედინაია როსიას“ ცენტრალური პოლიტსაბჭოს წევრმა ევგენი ფიოდოროვმა, შუა აზიის ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას მიმართა და Belrusinfo-ს ეთერში და დასძინა:

„რატომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ დონეცკი უკრაინას გადაეცა?! ეს 1922 წლისთვის რუსეთის ტერიტორია იყო, ასე, რომ გთხოვთ, დააბრუნეთ უკან!“ 

ორი დღის შემდეგ კი ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყაზახეთი საბჭოთა ხელისუფლების მიერ „ხელოვნურად შეიქმნა... რუსეთის მიწებზე“.

2021 წლის 10 აპრილს ჟირინოვსკიმ LDPR TV-ს ეთერში თქვა: „სად იყავი, ყაზახეთო, 300 წლის წინ? შენ უბრალოდ არ არსებობდი...“ და გააფრთხილა, რომ „რუსული სივრცე აღადგენს თავის საზღვრებს და წესრიგს დაამყარებს!“ 

იმავე წლის აგვისტოში დაიწყო ფართო პროპაგანდისტული კამპანია რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ მედიაში, სადაც ყაზახეთს „რუსების ჩაგვრასა“ და „რუსოფობიაში“ დასდეს ბრალი.

„ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ის, რაც კეთდებოდა უკრაინაში 2014 წლამდე. და არის უამრავი მსგავსი ანტირუსული ტენდენცია“, - ამბობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ანდრეი გროზინი.

„ყაზახეთის რუსი მოსახლეობის დისკრიმინაცია შეიძლება მართლაც სისტემური გახდეს“, - აშინებდა მკითხველს რუსული მედია Lenta.ru.

11 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო Rossotrudnichestvo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზახეთში „რუსებზე და რუსულენოვანებზე თავდასხმები“ „საშიში ტენდენციაა“. 

„რუსეთი მიიღებს ზომებს ამის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა 19 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ და იმავე თვის 31 რიცხვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრმა სერგეი ცვეტკოვმა აღნიშნა, რომ „ყაზახეთში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები ირღვევა.

გარდა ამისა, ამ კამპანიას პირადად შეუერთდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი. 11 სექტემბერს დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი საავტორო სტატია გამოქვეყნდა. 

„სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენ შევესწარით ქსენოფობიის არაერთ რეზონანსულ გამოვლინებას ყაზახეთის რუსულენოვანი მოქალაქეების მიმართ“. 23 დეკემბერს კი პუტინმა საჯაროდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი არის „რუსულენოვანი ქვეყანა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - აღნიშნავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

და უკვე 2022 წლის 6 იანვარს, რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა განმარტა: „ყაზახეთში, უკრაინის შემდეგ რუსები რაოდენობრივად მეორე ადგილზე არიან. მათი უმეტესობა უკრაინაშია, მეორე ადგილზე კი ყაზახეთში“.

„ეს ისეთი ხელოვნური მყიფე სახელმწიფოა. ყაზახეთის თითქმის მთელი ტერიტორია არის ყოფილი რუსული ტერიტორიები... მათი ტერიტორია ყაზახეთის სამხრეთითაა. ყველაფერი დანარჩენი - სტალინმა მისცა, ისევე, როგორც ხრუშოვმა მოგვიანებით მისცა ყირიმი უკრაინას“, - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის წევრმა ბიისულთან ხამზაევმა იმავე დღეს ფეისბუკგვერდზე დაწერა: „მხარს ვუჭერ ყაზახეთში რეფერენდუმის ჩატარებას ყაზახეთის ისტორიულ სამშობლოსთან - რუსეთთან გაერთიანების შესახებ“. სამი დღის შემდეგ, რადიოსადგურ „ეხო მოსკოვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ჟირინოვსკიმ მოითხოვა, რომ რუსებს ყაზახეთში  „ხელისუფლებაში პოლიტიკური წარმომადგენლობა მიეცეთ“.

„ყაზახეთს უნდა ესმოდეს, რომ ნაციონალიზმთან თამაშს მივყავართ იქამდე, რისკენაც დღეს უკრაინა მივიდა“, - გააფრთხილა ყაზახეთი კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემამ Pravda.ru-მ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებიდან ცოტა ხანში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაცის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი ტვიტერზე დაწერა:

„რუსეთის ფედერაცია, როგორც ჩანს, უტევს პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ყაზახეთს,  გლობალური სამხედრო სპეცოპერაციის, დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის ფარგლებში“.

27 აპრილს კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი ყაზახეთის ხელისუფლების უარის გამო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერაზე აღშფოთდა და საშინელი მუქარით შეუტია ყაზახეთს. 

„ყაზახებო, ძმებო, ეს რა უმადურობაა? უკრაინას ყურადღებით შეხედეთ, სერიოზულად იფიქრეთ… თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ ასეთი ვირეშმაკობა და სამაგიეროდ არაფერს მიიღებთ, ცდებით!“ - გააფრთხილა კეოსაიანმა ყაზახეთის ხელისუფლება.

იგივე თემა 18 ივნისს რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ ეთერში დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განავრცო და აღნიშნა:

„ზოგიერთ რეგიონს, დასახლებებს, რომლებიც ძირითადად რუსებით იყვნენ დასახლებულები, ძალზე მცირე კავშირი ჰქონდა იმასთან, რასაც ყაზახეთი ჰქვია. თუ ჩვენს შორის არის მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა, მაშინ ტერიტორიული საკითხი არ უნდა იდგეს და თუ არა, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია! როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა“.

და ბოლოს, 2 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ VKontakte-ზე ალბათ, „ნაადრევად“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც პუტინის გაფართოების შემდგომ გეგმებს ასახავდა. და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ სტატია წაიშალა, სოციალურ ქსელებში სკრინშოტები სწრაფად გავრცელდა:

„კიევისა და პატარა რუსეთის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ ნაციონალისტების ბანდებისაგან, რომლებიც ქადაგებდნენ მათ მიერ გამოგონილ უკრაინიზმს, რუსეთი კვლავ გახდება ერთიანი, ძლიერი და უძლეველი, როგორც ეს იყო ათასი წლის წინ, ძველი რუსული სახელმწიფოს დროს იყო. ამის შემდეგ, მოსკოვის ხელმძღვანელობით სლავი ხალხის სათავეში, დავიწყებთ შემდგომ კამპანიას ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არსად არ მთავრდება. ჩვენგან წართმეული მიწები მორწყულია ჩვენი წინაპრების სისხლით, ის დაპყრობილია საუკუნეების მანძილზე მრავალრიცხოვან ბრძოლებში და მას არავის დავუთმობთ“, - წერდა მედვედევი.

დასასრულს, სტატიის ავტორი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩრდილოეთ ყაზახეთის მოსახლეობის 62,5% სლავები იყვნენ. ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოა, რუსეთის ყოფილი ტერიტორია. ეს არის პუტინის რეჟიმის ორატორების წინა გამოსვლების კვინტესენცია დიდი ძალაუფლების ამბიციების შესახებ და, კერძოდ, ყაზახეთის შესახებ.

სტატიის ავტორი ერევანში პლაკატების გავრცელებას იმპერიული სიმბოლოებითა და წარწერებით - „ჩრდილოეთი ყაზახეთი - ეს იქნება რუსეთი!“ კიდევ ერთი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ კრემლისა და მისი სატელიტების აგრესიული კამპანიის გაგრძელებას უწოდებს და დასძენს, რომ რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი სამხედრო ბაზები, რომლებიც საერთო ჯამში 11 მილიონ ჰექტარზეა განთავსებული, ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში სწორედ ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

წყარო: 5.ua

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×