თამთა ჩაჩანიძე
23.08.2022

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია. მკვლელობა კი, მათი ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს. ამ განცხადებამდე უკრაინის კვალზე რუსეთის ოფიციალური პირები წინასწარ ალაპარაკდნენ.

ანალიტიოკოსთა შეფასებით, ტერორისტულ აქტში უკრაინის დადანაშაულებით რუსები შესაძლოა გარკვეულ საფუძველს ამზადებდეს იმისთვის, რომ პირველ რიგში უკრაინას საერთაშორისო მხარდაჭერა შეუმცირდეს. პარალელურად რუსეთმა ასევე შესაძლოა გააძლიეროს შეტევა ქვეყნის დიდ ქალაქებზე, მათ შორის კიევზე და მიიტანოს იერიში ადმინისტრაციულ შენობებზე, მაგალითად, პრეზიდენტის ოფისზე.

გამოძიების ოფიციალური ვერსია

როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა, ბინა კი იმ შენობაში იქირავა, სადაც დუგინა ცხოვრობდა, რათა მასზე ინფორმაცია შგროვებინა.

მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ჟურნალისტზე დასაკვირვებლად კი ავტომობილი „მინი კუპერი" გამოიყენა.

„დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

„21 აგვისტოს, დუგინის მიერ მართული მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით გაემგზავრნენ ესტონეთში", - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.

უკრაინული კვალი, თუ რუსი პარტიზანები

მანამდე დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს. როგორც „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და კრემლსა და პირადად ვლადიმერ პუტინს განადგურებით ემუქრებიან. „ტელეგრამ" არხ „როსპარტიზანზე" გავრცელდა ე.წ. ნაციონალური რესპუბლიკური არმიის მანიფესტის ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პუტინი ხელისუფლების უზურპატორი და სამხედრო დამნაშავეა, რომელმაც კონსტიტუცია შეცვალა, ძმათამკვლელი ომი წამოიწყო სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გაწირა.

„ჩვენ გადავაყენებთ და გავანადგურებთ პუტინს! ჩვენი მიზანია შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებიც დანაშაულს სჩადიან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ დათმობს ძალაუფლებას, გავანადგურებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

მკვლელობის მეორე დღეს რუსულმა მდიასაშუალებებმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული, რომელმაც დარია დუგინა იმსხვერპლა, წინასწარ იყო დაგეგმილი და შეკვეთილი.

„ამ დროისთვის უკვე დადგინდა, რომ მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. დარია დუგინა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა", - განაცხადეს კომიტეტში.

მანამდე უკრაინის კვალზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ალაპარაკდა. მან თავის „ტელეგრამ" არხზე დაწერა, რომ „თუ დუგინის შვილის გარდაცვალების საქმეში უკრაინული კვალი დადასტურდა, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის ტერორიზმის პოლიტიკაზე".

როგორც რუსული მედია წერს, თავად ალექსანდრ დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი კომენტარი კი მან 22 აგვისტოს გააკეთა და მომხდარში მანაც უკრაინა დაადანაშაულა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, დარია დუგინა მის თვალწინ „უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად მოკლეს", თუმცა „რუს ხალხს ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გასტეხს".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პუტინმა დუგინას ოჯახს მიუსამძიმრა და მის სიკვდილს „მზაკვრული, სასტიკი დანაშაული" უწოდა.

დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც მოსკოვის ოლქში აფეთქდა, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მედიის ინფორმაციით, იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდო სამიზნე სწორედ ის იყო.

რისთვის ამზადებენ ნიადაგს რუსები უკრაინის დადანაშაულებით

როგორც „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნალი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთის მიზანია, რომ მკვლელობა უკრაინას დაბრალდეს, რათა ამით საერთაშორისო მხარდაჭერა შეუმციროს. გარდა ამისა, უკრაინის დადანაშაულებით შესაძლოა რუსეთი საფუძველს ამზადებდეს იმისთვის, რომ დიდ ქალაქებზე შეტევა გააძლიეროს, ან იერიში კიევზე და ადმინისტრაციულ შენობებზე მიიტანოს.

„ამ დღეებში ისედაც ყველა ვარაუდობდა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთისგან რაღაც იყო მოსალოდნელი. ახლა, ამ შემთხვევის ფონზე, ეს რისკები კიდევ უფრო გაიზრდება. არავინ იცის რითი შეიძლება უპასუხოს მოსკოვმა. შესაძლოა ეს იყოს ქალაქებში დაბომბვების კუთხით, ან შესაძლოა მიიტანოს შეტევა კიევზე.

„ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან სურვილია ეს ყველაფერი უკრაინას დაბრალდეს, რათა ამით მისი საერთაშორისო მხარდაჭერა შემცირდეს. ყველამ იცის, რომ უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს. ახლა კი უკრაინისკენ ხელის გაშვერით მოსკოვი ცდილობს უკრაინა გამოაჩინოს როგორც ტერორიზმის მფარველი სახელმწიფო.

„აქ საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრზე თამაშია, რომ საკუთარი აგრესია უკრაინისას გაუთანაბროს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რეალურად რა და როგორ მოხდა, თუმცა ფაქტია და გასაგებია, რომ ესაა მცდელობა, რომ ყველაფერი რაღაცნაირად უკრაინას დაბრალდეს", -განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, დუგინას აფეთქებაზე ყველაზე ცუდი პასუხი რა შეიძლება იყოს რუსეთისგან, კაკაჩიამ განაცხადა, რომ ეს შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თავდაცვის ან სხვა სამინისტროების შენობების დაბომბვა, ან ტყვედ ჩავარდნილი ყველა „აზოველის" სიკვდილით დასჯა.

„რუსი პროპაგანდისტები დიდი ხანია ითხოვენ, რომ ადმინისტრაციულ შენობებს დაარტყან. შესაძლოა სადაც პრეზიდენტი იმყოფება, თავდაცვის მინისტრი, ან მინისტრები და რეალურად საიდანაც იმართება უკრაინა, იერიში იქ მიიტანონ. ასევე რეფერენდუმს ისედაც აპირებდნენ და დააჩქარონ. თუ მთლად ატომურ იაღარს არ გამოიყენებს და მთლად არ გაგიჟდებიან, ბევრი ბერკეტიც არ დარჩა.

„არაა გამორიცხული ასევე „აზოვის" ბატალიონზე იძიონ შური, მათ საჯაროდ გასამართლებას ისედაც აპირებდნენ. შეიძლება თავიანთ სეპარატისტებს გადასცენ და დასაჯონ ისე, რომ ცოცხალმა ვერავინ ვერ გამოაღწიოს. თუმცა, ამის გარდა რუსეთისგან სხვა უამრავი რამაა მოსალოდნელი", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×