თამთა ჩაჩანიძე
05.09.2022

მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა მესამედ ახალი ქალი პრემიერ-მინისტრი აირჩია. მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მისი მოწინააღმდეგე, რიში სუნაკი დაამარცხა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრასი ბორის ჯონსონის ხაზს არ გადაუხვევს და მისი პოლიტიკა, როგორც უკრაინის, ისე გლობალური თვალსაზრისით იგივე მიმართულებით წავა. თუმცაღა ძალისხმევის გახარჯვა ამჯერად ორ ფრონზტე მოუწევს, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებისა და უკრაინის ფინანსური, თუ სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.

დიდ ბრიტანეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ჯამში კი 172 437 მოქალაქემ მისცა ხმა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო. ტრასი ბალმორალში სამშაბათს შოტლანდიაში დედოფალთან შესახვედრად გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.

„ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსითი. თქვენ გაანადგურეთ ჯერემი კორბინი, თქვენ შექმენით ვაქცინა და თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები "კონსერვატიულ პარტიას", უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე",-განაცხადა არჩეულმა პრემიერმა ლიზ ტრასმა.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ტრასი იმავე ხაზს გაატარებს, რა პოლიტიკასაც ბორის ჯონსონი ატარებდა. მისი თქმით, ტრასს ახლა დამატებით ის გამოწვევა აქვს, რომ ბრიტანელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეამსუბუქოს.

"ლიზ ტრასი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე იყო. როგორც კონსერვატიული პარტია ამბობს, ის იმ ხაზს გაატარებს, რასაც ბორის ჯონსონი უკრაინასთან მიმართებაში ატარებდა.

„როცა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში აღარაა, მას დიდი ამბიცია აქვს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში წონადი მოთამაშე იყოს. ეს კი არსებული პრემიერის ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება.

„კონსერვატიულ მმართველ პარტიას შიდა პოლიტიკაში უდიდესი გამოწვევები აქვს, როცა ინფლაცია ქვეყანაში გაჭენებულია, ენერგოტარიფები საგრძნობლადაა მომატებული და ამომრჩეველი ითხოვს, რომ მათი სოციალურ-ეკონომიუკური მდგომარეობა შემსუბუქდეს. ამიტომაც ტრასს ძალისხმევის გახარჯვა ორ ფრონტზე თანაბრად მოუწევს.

„ინგლისელი ანალიტიკოსების ნაწილს ძალიან საინტერესო შეფასება ჰქონდათ თუ ლიზ ტრასი როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება, პასუხია: მარგარეტ ტეტჩერზე უარესი, მაგრამ უკეთესი, ვიდრე ტერეზა მეი, რომელიც ბორის ჯონსონამდე იყო.

ინგლისში მმართველი პარტია და ახალი პრემიერი უდიდესი გამოწვევების წინაშე დადგა, ისევე, როგორც უდიდესი გამოწვევების წინაშეა დეკემბერში არჩეული გერმანიის კლანცლერი შოლცი და ევროპის სხვა ლიდერები. რადგან უკრაინის სამხედრო დახმარებასთან და სანქციების გამოცხადებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში მწვავე ეკონომიკური პრობლემებია. ასე რომ, ტრასს დიდი გამოცდების ჩაბარება მოუიწევს, როგორც საგარეო ფლანგზე, ისე საშინაო საქმეებში."- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ტრასი კრემლის მიმართ იგივე პოლიტიკას გაატარებს, როგორი კრიტიკულიც აქამდე იყო.

„როცა ლიზ ტრასი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ის კრემლის მისამართით ძალიან მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა და რასაკვირველია ამ ხაზს არ გადაუხვევს. დასავლელ პოლიტიკოსებს მარჯვნივ და მარცხნივ სიარული არ ახასიათებთ ხოლმე. რუსეთთან სწორხაზოვან პოლიტიკას გაატარებს, რაც არის მეტი სიმკაცრე, სანქციები, უკრაინის მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა.

„დაახლოებით იგივე ხაზი გაგრძელდება, როგორც ჯონსონს ჰქონდა, ვერ ვიტყვით ჯონსონზე მეტი იქნება თუ ნაკლები, მაგრამ პარტიას სწორხაზოვნება ახასიათებს ხოლმე, ამიტომაც როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და პრემიერი იმ პოლიტიკას გაატარებს, როგორიც მანამდე ჯონსონის პრემიერობის დროს იყო. თუმცა, ამას უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ჩამონათვალი ემატება, რისი მოგვარებაც მოუწევს", -განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება ბორის ჯონსონს, პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ჯონსონმა დეპუტატების მხარდაჭერა დაკარგა და გადადგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×