თამთა ჩაჩანიძე
09.11.2022

აშშ-ს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია, შედეგები კი გადაწყვეტს ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები დაწინაურდნენ, ხოლო, ჯერჯერობით გაურკვეველია სენატში ვის ექნება უპირატესობა. ანალიტიკოსთა შეფასებით, პრეზიდენტ ბაიდენის მომდევნო ორი წლის დღის წესრიგიც, სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, „სიენენის" ინფორმაციით, ოთხშაბათის დილის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა" 190 ადგილი, „დემოკრატებმა" კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებსა" და „დემოკრატებს" ჯერჯერობით თანაბარი, 46-46 ადგილი აქვთ. წელს კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყველა მანდატს და სენატის დაახლოებით მესამედს.

არჩევნებში კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატს და სენატის 100 მანდატიდან 35-ს. ამომრჩევლები რამდენიმე შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, საგარეო პოლიტიკის კუთხით მთავარი სენატია, სადაც რესპუბლიკელებმა იმდენი მანდატი ვერ აიღეს, რამდენიც სურდათ. შესაბამისად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბაიდენის პოლიტიკა არ შეიცვლება, არც უკრაინის სამხედრო დაფინანსების კუთხით და არც სხვა თვალსაზრისით.

„სენატში რესპუბლიკელებმა ის უმრავლესობა ვერ მიიღეს, რაც მათ უნდოდათ - აქ მთავარი სენატია და არა წარმომადგენელთა პალატა. სენატი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, მას აქვს უფლება დანიშნოს ელჩები, ხელშეკრულებებს მოაწეროს ხელი და სამხედრო და სხვა დახმარებები გამოყოს, რაც საგარეო პოლიტიკის კონექსტში ხორცლედება.

„ამიტომაც, შესაძლოა რესპუბლიკელებმა მცირე უპირატესობა მიიღონ, მაგრამ დიდი უპირატესობა არ აქვთ და მაინც დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობა მოუწევთ. ასე რომ, არა მგონია აშშ-ს პოლიტიკაში და მთლიანად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ამ ორი წლის განმავლობაში რამე შეიცვალოს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის კურსი ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, მერე უკვე გააჩნია ვინ მოვა და შემდეგ ახალი ათვლის წერტილი დაიწყება", - განაცხადა მაისაიამ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 15 ნოემბერს „ძალიან დიდი განცხადების" გაკეთებას გეგმავს. მანამდე ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს და თქვა, რომ საზოგადოებამ თვალყური ადევნოს, რადგან „ალბათ ისევ მოუწევს ამის გაკეთება". მაისაია ამბობს, რომ ნაკლესავარაუდოა, რომ 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურა დააყენოს.

„მან შეიძლება თქვას, რომ წარმომადგენელთა პალატაში შესაძლოა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნა დაიწყოს და რომელიც გამოიძიებს რა მოხდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სადაც დამარცხდა. ისევ წინა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს დასვამს და იტყვის, რომ ამაზე გამოძიება დაიწყეს, პრეზიდენტობის კანდიდტიურაზე ნაკლებად მგონია, რომ განცხადება გააკეთოს",- განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×