ბაჩანა ტყემალაძე
26.01.2023

მთიან ყარაბაღში, რომლის სომეხთან დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანიც აზერბაიჯანის მიერ უკვე 45 დღეზე მეტია ჩაიკეტა, ვითარება იძაბება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება. სომხები ეჭვობენ, რომ ამ ბლოკადის მეშვეობით აზერბაიჯანს რეგიონის სომხებისგან დაცლა სურს. ომში გამარჯვებული ბაქო კი დამარცხებულ მხარეს სულ უფრო მძიმე მოთხოვნებს უყენებს და დიდად არ მალავს, რომ მათ მიერ ყარაბაღის დაცლას მიესალმება.

დასავლეთში უკვე ღიად დაიწყეს საუბარი ამ კრიზისზე და ბაქოსგან ბლოკადის მოხსნა მოითხოვეს, თუმცა როგორც ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სომხებს ამის დიდი იმდეი არ უნდა ჰქონდეს, რადგან „ბრიუსელი აზერბაიჯანის ენერგორესურსებს სომხეთის ინტერესებში არ გაცვლის",

„ბოლოს ილჰამ ალიევმა მედიას განუცხადა, რომ ვისაც ჩვენთან ცხოვრება არ უნდა, შეუძლია ავტობუსით წავიდეს, გზა ხსნილიაო. აზერბაიჯანის და ყარაბაღის მთავრობებს შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზე ბაქომ ხუთი ძალიან მძიმე მოთხოვნა წამოაყენა. მათ შორის ყველაზე კრიტიკული იყო აზერბაიჯანული ბლოკპოსტების ყარაბაღის ტერიტორიაზე დაყენება და რუსეთის ყოფილი მოქალაქე, მილიარდერი რუბენ ვარდარიანის ქვეყნიდან გაძევება, რომელიც ამავდროულად ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და ის ამ რეგიონში სწორედ რუსული ინტერესების გასატარებლად დაინიშნა.

„ეს შეხვედრა ასევე გამორჩეული იყო იმითაც, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, შუა პროცესში მოითხოვა იქ მყოფი რუსი სამშვიდობოების შეხვედრიდან გაძევება. ამით ბაქომ რუსეთს მიანიშნა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი მდგომარეობის შეცვლას ცდილობს და უკვე იმასაც მიაღწია, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები რეგიონში შემოდიან, დასავლეთის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირი მაქსიმალურად ეცდება, რომ ომი არ განახლდეს, მაგრამ ბრიუსელი აზერბაიჯანის ენერგორესურსებს სომხეთის ინტერესებში არ გაცვლის", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან"

რეგიონში არსებული სკოლამდელი დაწესებულებების 6 ათასამდე ბავშვი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 19 ათასამდე მოსწავლე და უნივერსიტეტების 6800-მდე სტუდენტი ერთი თვეა, რაც სასწავლო დაწესებულებაში სიარულს ვერ ახერხებენ, რადგან ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები საკმარისი რესურსების არქონის გამო დაკეტილია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

ის აცხადებს, რომ „აზერბაიჯანი არ დაკმაყოფილდა ლაჩინის დერეფნის დახურვით, ისინი გაზსადენსაც ხურავენ. საბავშვო ბაღებში საკვების ნაკლებობაა, რაც, რასაკვირველია, ლაჩინის დერეფნის დახურვას უკავშირდება. მთიანი ყარაბაღის სასიცოცხლო გზა 46 დღეა ჩაკეტილია, ჰუმანიტრაული კრიზისი კი ელვის სისწრაფით ვითარდება".

სომხეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა მთიან ყარაბაღში ელექტროენერგიის პრობლემაზე, რადგან აზერბაიჯანმა რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ხაზების მუშაობა შეაფერხა და მოსახლეობას დენი მხოლოდ ადგილობრივი ელექტროენერგიის ხარჯზე მიეწოდება, რაც საკმარისი არ არის.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება ამით ცდილობს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების ნება დაარღვიონ, რომ იცხოვრონ საკუთარ სამშობლოში. მეტიც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ბაქო აპირებს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა კულმინაციამდე მიიყვანოს, რის შემდეგაც რამდენიმე დღით გახსნიან დერეფანს, იმ იმედით, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები ტერიტორიას მასობრივად დატოვებენ", - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი დერეფანი 12 დეკემბრის შემდეგ იმ მოთხოვნით გადაკეტეს, რომ შემოწმდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მაღაროები, სადაც მათივე თქმით, არალეგალური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო რეგიონში შეიქმნა როგორც საკვების, ისე სხვა აუცილებელ რესურსთა კრიზისი, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ გზა ჰუმანიტარული ტვირთების, სასწრაფო დახმარებისა და სამშვიდობოებისთვის ღიაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×