ბაჩანა ტყემალაძე
31.01.2023

გერმანიაში არსებულმა პრორუსი აქტივისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიის დივიზიებს თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა, მაგრამ თანხის გადაცემა რეალურად გასული წლის ოქტომბერში მოხდა.

სოციალური პლატფორმა „ვოტსაფის" დახურულ ჯგუფში, 2022 წლის ოქტომბერში ელენა კოლბასნიკოვამ დაწერა, რომ 500 ევრო რუსეთის ფედერაციის 42-ე მოტორიზებული მსროლელი დივიზიისთვის რადიოს, ყურსასმენებისა და რადიოტელეფონის შესაძენად გადარიცხა.

ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში, სააგენტო „როიტერსმა" გაავრცელა ინფორმაცია გერმანიაში არსებული პრორუსული დაჯგუფების შესახებ, რომელსაც სათავეში უდგანა რუსული არმიის ყოფილი ოფიცერი როსტისლავ ტესლიუკი, რომელმაც სახელი შეიცვალა და ახლა მაქს შლუნდი ჰქვია და მისი მეგობარი ქალი ელენა კოლბასნიკოვა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში პრორუსული მოძრაობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაზეც პროპაგანდისტული მესიჯები და გამართული აქციები მეტყველებს.

დახურული მიმოწერიდან ასევე ვკითხულობთ, რომ პრორუსული ჯგუფის ლიდერი, ელენა კოლბასნიკოვა უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს პირადად ესაუბრა.

„ჩვენ ვესაუბრეთ მათ დონეცკში. ისინი განლაგებული არიან ფრონტზე. ჩემი ქმარი მსახურობდა კიდეც ერთ-ერთ მათგანთან", - ვკითხულობთ პრორუსული დაჯგუფების ლიდერის წერილში.

2022 წლის 25 თებერვლიდან, ევროკავშირის რეგულაცია კრძალავს რუსეთის სამხედროებისთვის გარკვეული საქონლის მიწოდებას, ან დაფინანსებას. ამ სიაში კი შედის რადიო აღჭურვილობაც, გადამცემები, მიმღებები და ა.შ. მაქს შლუნდისა და ელენა კოლბასნიკოვას ქმედება კი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული მიმოწერებიდან ისიც ირკვევა, რომ კოლბასნიკოვამ და შლუნდმა ფული, რომელიც მათი თქმით, მხარდაჭერებისგან შეაგროვეს, რუს ოფიცერ დიმიტრი ტკაჩოვს პირადად, როსტოვში გადასცეს.

ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსული არმიის 42-ე განყოფილების კომუნიკაციების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმაც ოლეგ სილკინმა.

მაქს შლუნდმა „ვოთსაპის" ჯგუფში ასევე გამოაქვეყნა ქვითრების ფოტო. მოცემულ სურათზე ჩანს, რომ დახარჯულია 9000 რუბლი, რაც 125 ევროს უდრის. ამ თანხით მათ შეიძინეს ჩინური წარმოების ხუთი რადიოგადამცემი და ხუთი ტელეფონი. შესყიდვები 3 და 4 ოქტომბერსაა განხორციელებული.

ელენა კოლბასნიკოვამ აგრეთვე გამოაქვეყნა ხმოვანი ჩანაწერები, რომლებიც რუსული არმიის 42-ე დივიზიონში მებრძოლ ერთ-ერთ ჯარისკაცს ეკუთვნის.

„გამარჯობა, ძმაო. ჩვენ შევიძინეთ „ბაოფენგ" რადიოები და ყურსასმენები რადიოგადამცემებისთვის. ძალიან სასარგებლო რამეა, კლასიფიცირებული კომუნიკაციებიც გადის. დიდი მადლობა 42-ე განყოფილებიდან და კავშირგაბმულობის უფროსისგან", - ნათქვამია ჩანაწერში.

შეგახსენებთ, გერმანიაში არსებული პრო-რუსული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაქს შლუნდი რუსეთის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, რის შემდეგაც 2012 წელს გერმანიაში გადავიდა და ვინაობა შეიცვალა. სწორედ ამ დროს გაიცნო ელენა კოლბასნიკოვა, რომელიც წარმოშობით უკრაინელი იყო და გერმანიაში მედდად მუშაობდა.

მათ პირველი აქცია რუსეთის უკრაინაში პირველი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს გამართეს. წყვილმა აქციები ქალაქ კილონში მოაწყო და გერმანიის მთავრობას უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტისკენ და მოსკოვთან მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა.

გერმანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ძველი პოსტ-საბჭოური გავლენების ხარჯზე, რუსული აგენტურა მაინც ახერხებს თავისი პროპაგანდისტული საქმიანობა აწარმოოს თუნდაც ისეთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა.

„ჩემი აზრით, ეს რუსეთის სპეცასმსახურების ხრიკია და არა გერმანიისა და გერმანელი ხალხის პრობლემა. აღმოსავლეთ გერმანიის დასავლეთთან შეერთების შემდეგ, რუსეთმა აქტიურად დაიწყო თავისი აგენტური ჩანერგვა, რამაც გამოიწვია ის, რაც დღეს გერმანიაში ხდება.

„ეს მხოლოდ გერმანიის პრობლემა არ არის, პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც მრავლად აწუხებთ ის ავადმყოფობა, რომელსაც „კომუნიზმი" ჰქვია. გერმანიის მთავრობასა და ხალხში პრორუსული განწყობა არ არსებობს, სხვა დანარჩენი კი სპეცსამსახურების ოინებია", - განაცხადა ირაკლი მენაღარაშვილმა „რეზონანსთან".

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×