თამთა ჩაჩანიძე
07.02.2023

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ლეოპარდ 2"-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას ორი კვირის წინ შეჰპირდა, სამშაბათს პოლონეთში ჩავიდა. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, ფრონტზე „ლეოპარდების" პირველი სატანკო ბატალიონი სავარაუდოდ ერთ თვეში, მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება.

„პირველი კანადური „ლეოპარდ 2" საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით", - წერს კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი.

დაახლოებით ორი კვირის წინ, 26 იანვარს ანიტა ნანიდმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის 4 ერთეული ტანკი „ლეოპარდის" გადაცემით შეუერთდება აშშ-ს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მძიმე ტექნიკა გადასცენ კიევს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლველად.

როგორც ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, კანადიდან მიწოდებული „ლეოპარდების" პოლონეთში გამოჩენა მიგვითითებს იმაზე, რომ უშუალოდ ფრონტზე „ლეოპარდების" პირველი სატანკო ბატალიონი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებიდან გამოჩნდეს.

„ლეოპარდები" საბრძოლო მოქმედებებში, ჩემი გათვლით, სავარაუდოდ, ერთ თვეში ჩაერთვებიან, მარტის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. მანამდე ალბათ საბრძოლო ეკიპაჟებს მოაწყობენ, საბრძოლო თანწყობის პირობებს შექმნიან. ეს კი გარკვეულ დროს მოითხოვს.

„უკრაინელებს ეს ტანკები შეტევითი ოპერაციებისთის სჭირდებათ, ამ ეტაპზე კი ჯერჯერობით თავდაცვის ბრძოლებს აწარმოებენ. მარტში, როცა მობილიზირებული ძალებიც უკვე მზად იქნებიან და ახალი ქვედანაყოფები შეიქმნება, რომლებიც შესაბამის ოპერატიულ-ტაქტიკურ და ოპერატიულ-სტრატეგიულ შენაერთებში გაერთიანდებიან, ამით საშუალება მიეცემათ, რომ შეტევაზე გადავიდნენ.

„რუსები დაახლოებით ორი კვირის წინ წერდნენ, ნიკოლაევთან ორი „ლეოპარდი" გამოჩნდაო. შესაძლოა მართლაც იყო, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულები არ არიან. ეს ტერიტორია უკრაინის ოპერატიული ზურგია და როგორც ჩანს, კარგადაა დაცული და ელოდებიან, რომ როგორც კი საბრძოლო პარკი შეივსება, შეტევით ოპერაციებს დაიწყებენ.

„პირველ ეტაპისთის 14 ტანკიც რომ იყოს, უკვე სატანკო ბატალიონია და ამ ეტაპოზე სავსებით ოპტიმალური ვარიანტია. სავარაუდოდ, მარტის შუა პერიოდისთვის ამ რაოდენობის ტანკები იქნება მზად ფრონტზე გასასვლელად. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ტანკები პოლონეთში შეგროვდეს და მერე გადაისროლონ, რამაც შესაძლოა საბრძოლო ველზე კარდინალური ცვლილებები გამოიწვიოს.

„თუმცაღა თუ ჰაერიდან ტანკებს დაცვა არ ექნებათ, შესაძლება მათი მოქმედება ისეთი ეფექტური არ იყოს და იმედია აშშ ავიაგამანადგურებელ „ეფ-16"-ებზე პოზიციას შეიცვლის", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×