ნაზი ბერიძე
18.03.2023

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი ფორმალური საბაბი რუსეთის საზღვრებისკენ ნატოს გაფართოების შეჩერება იყო, თუმცა, მოსკოვმა საპირისპირო შედეგი მიიღო - უახლოეს პერიოდში ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება ფინეთი, რომელსაც რუსეთთან თითქმის 1300 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აქვს. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამას რუსეთისთვის სრიოზულ დარტყმად მიიჩნევს.

შაბათს გაირკვა, რომ უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი" მზადაა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. უნგრეთის პარლამენტში ფინეთის გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებისთვის კენჭისყრა 27 მარტს გაიმართება. მანამდე ნატოში ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა თურქეთმაც.

გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან მალევე ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ნატოშ გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ალიანსის წევრებიდან ამის წინააღმდეგი ორი სახელმწიფო აღმოჩნდა - თურქეთი და ფინეთი. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათთან საერთო ენის გამონახვა, მხოლოდ ფინეთის ხელისუფლებამ შეძლო.

კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოში ფინეთის გაწევრიანება შესაძლოა უკვე წელს ზაფხულში მოხდეს.

„აქამდე იყო მცდელობები ნატოს მხრიდან, აშშ-სა და სხვა მოკავშირეების მხრიდან, რომ შვედეთი და ფინეთი მიეღოთ ნატოში, მაგრამ ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი არ არის კმაყოფილი, შვედეთის პოზიციით და მიიჩნევს, რომ შვედეთმა არ შეასრულა თურქეთის მოთხოვნები. ამიტომ უფრო იზრდება შანსი, რომ ფინეთი, ცალკე გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

„როგორც ვიცით, შვედეთი არ ესაზღვრება პირდაპირ რუსეთს და ასეთი პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება ფინეთს, მას უზარმაზარი საზღვარი აქვს რუსეთთან და ამიტომ ნატოში მისი დროული გაწევრიანება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, უახლოეს ნატოს სამიტზე შეიძლება ფინეთი გაწევრიანდეს კიდეც ნატოში. იმიტომ რომ, არც თურქეთის და არც უნგრეთის მხრიდან ფორმალური წინააღმდეგობა არ არის ამ საკითხზე.

„ფინეთის გაწევრიანება ნატოში ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის პროპაგანდისტული ხედვა - რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან არ უნდა გაფართოვდეს - არ შესრულდა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი და უნგრეთი ალიანსის ბოლო წევრები არიან, რომლებსაც შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადი რატიფიცირებული ჯერჯერობით არ აქვთ. შვედეთი და ფინეთი ნატოში ერთად უნდა გაწევრიანებულიყვნენ, თუმცა თურქეთი შვედეთს ბრალს სდებს, რომ ზედმეტად რბილად ეპყრობა ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულად ან თურქეთისადმი საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

ნატოს უახლოესი სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისსაა დაგეგმილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×