ნაზი ბერიძე
20.03.2023

რა მოჰყვება რუსეთ უკრაინის ომის პოლონეთის ჩართვას? ასეთ შესაძლო სცენარზე განცხადება საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა გააკეთა. ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლონეთის მხრიდან ეს საკმაოდ ძლიერი განცხადებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამყარო ახალი მსოფლიო ომის ზღვარზეა.

როგორც საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა, თუ უკრაინა ვერ შეძლებს თავდაცვას, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს.

„ამიტომ, დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან, თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია. ამიტომ არჩევანი არ გვექნება", - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომში ნატოს წევრი პოლონეთის ჩართვა ნიშნავს, რომ ნატოს ყველა წევრ ქვეყანას უკრაინის დაცვა დაეკისრება.

„თუ პოლონეთი დაინახავს, რომ უკრაინა ვერ იმარჯვებს, ისინი ჩაერთვებიან ომში იმისათვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს. ძნელია საუბარი, ასეთ შემთხვევაში კიდევ რომელი სახელმწიფოები ჩაერთვებიან, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლონეთის მხრიდან ძალიან ძლიერი განცხადებაა და ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს", - აცხადებს ფხალაძე.

მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ ახალი მსოფლიო ომის წინაშე ვდგავართ, რადგანაც რუსეთთან სამხედრო კოალიციაში არავინაა და უკრაინის მიმართ დასავლეთის მხრიდან დიდი სამხედრო დახმარების ფონზე, გამორიცხულია უკრაინა დამარცხდეს.

„მიუხედავად ამისა, მსოფლიო ომის წინაშე მაინც არ ვდგავართ. მსოფლიო ომი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. ჯერ ერთი, მსოფლიო ომის გეოგრაფიული მასშტაბი გაცილებით მეტია; და მეორე, მხრივ უნდა იყოს ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სახელმწიფოების ბლოკები, კოალიციები.

„რუსეთთან ჯერჯერობით სამხედრო კოალიციის შექმნის სურვილი არავის გამოუთქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებს აქვთ დიპლომატიური აქტივობები რუსეთთან, ეს არ არის სამხედრო კოალიცია. ამიტომ მსოფლიო ომზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია და ნამდვილად არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს.

„მე არც ის მგონია, რომ უკრაინამ ვერ მოახერხოს იმ დახმარების ფონზე წარმატებული კონტრშეტევა. მგონია, რომ მოახერხებს და საბოლოო ჯამში ამას უნდა მოჰყვეს რუსეთის დამარცხება ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ასეთი ომი აწარმოოს და ეს რესურსი ელემენტარულად არ ეყოფა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×