ბაჩანა ტყემალაძე
20.03.2023

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 20 მარტს რუსეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთად „საერთაშორისო წესრიგის დასაცავად" მუშაობისთვის მზადაა. ანალიტიკოს თენგიზ ფხალხაძეს შეფასებით, ჩინეთი ცდილობს გაზარდოს გავლენა რუსეთზე და ამ მხრივ წარმატებასაც აღწევს, რაც გამოჩნდა კიდეც ორშაბათს მოსკოვში გამართულ ლიდერთა შეხვედრაზე, რომელზეც „პუტინისათვის დამახასიათებელი სადღაც გაქრა".

ორი ქვეყნის ლიდერები ორშაბათს ოფიციალურ სადილზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამშაბათს კი მათ შორის პირისპირ მოლაპარაკება გაიმართება.

სი ძინპინი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს სააერთაშორისო და რეგიონალური საკითხების განხილვას გეგმავს.

„ჩინეთი და რუსეთი არიან როგორც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო საქმეებში. არასტაბილური და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო წესრიგის მტკიცედ დასაცავად რუსეთთან მუშაობა გააგრძელოს.

„მოუთმენლად ველი ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე სიღრმისეულ განხილვას, რათა შევქმნათ გეგმა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული კოორდინაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ჩინეთისთვის მთავარია ამ შეხვედრაში თავისი როლი და მნიშვნელობა წარმოაჩინოს, გაიმყაროს რუსეთთან პოზიციები და სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ ძალათა ბალანსი ჩინეთსა და რუსეთს შორის უკვე ჩინეთის მხარესაა, რაც ორშაბათს გამართულ შეხვედრის დროსაც აშკარად ჩანდა.

„ამ შემთხვევაში რეალურად ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და მას ამის კარგი შანსიც აქვს. პირველ რიგში ჩინეთს სურს, რომ რუსეთი მასზე დამოკიდებული გახადოს ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი გავლენა გაზარდონ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, იმ რეგიონებში, რომელიც ჩინეთს ესაზღვრება და მინდა გითხრათ, რომ ამ ტერიტორიაზე ჩინეთის გავლენა ყოველდღიურად იზრდება.

„რაც შეეხება სი ძინპინის განცხადებას, საერთაშორისო წესრიგისთვის ერთად მუშაობაზე, ამით ჩინეთი ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე. კი, დასავლურ პრესაში ვრცელდება განცხადებები უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის შუამავლობის შესახებ, მაგრამ ამაზე ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩინეთისთვის ეს შეხვედრა მაინც საკუთარი გეგმების განხორციელების მთავარ ბერკეტს წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ პუტინსა და სი ძინპინს შორის ორშაბათს გამართული შეხვედრა განსხვავდებოდა წინა შეხვედრებისგან. ზოგადად, დიპლომატიაში ნიუანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გადახედავთ მოსკოვში და თუნდაც ჩინეთში გამართულ წინა შეხვედრებს, ნახავთ, რომ ის ქედმაღლობა, რაც ვლადიმერ პუტინს აქამდე ახასიათებდა, დღეს სადღაც გაქრა. თუ ადრე საათობით ალოდინებდა ჩინეთის ლიდერს, დღეს ეს ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ასევე გაიცვალა სიმბოლური ჟესტები, როდესაც ჩინურ პრესაში პუტინის შესახებ გამოქვეყნდა სტატია, ხოლო რუსულში - სი ძინპინის. სწორედ აქედან ჩანს, რომ ძალათა ბალანსი ჩინეთის სასარგებლოდ დაირღვა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×