თამთა ჩაჩანიძე
21.03.2023

ბახმუტში სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა. რუსებს რკალის შეკვრისა და უკრაინული ნაწილების ალყაში მოსაქცევად ბრძოლით 2 კმ-ის გავლა სჭირდებათ. თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა თავადაც ემუქრებოდეთ ალყაში მოქცევის საფრთხე, რაზე ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსათვის მიწერილი წერილიც მეტყველებს.

ამის პარალელურად ვითარება თანდათან რთულდება დონეცკის ოლქის კიევ ერთ ქალაქ ავდიივკაში, რომელსაც ზოგიერთი სამხედრო მიმომხილველი „მეორე ბახმუტსაც" კი უწოდებს.

„ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მინისტრის სერგეი შოიგუსგან დახმარებას ითხოვს და წერილობით მიმართვაში არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ფლანგური დარტყმებით თავად „ვაგნერი" მოაქციონ ალყაში და რუსეთის რეგულარული არმიის ძირითად დაჯგუფებას მოწყვიტონ.

სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას ამ სცენარს სრულიად რეალურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ უკრაინამ ბახმუტის დაცვისთვის 4 ახალი სამხედრო დაჯგუფება შექმნა და შესაძლოა წინ წაწეული „ვაგნერის" პოზიციებზე არა ფრონტალურ, არამედ ფლანგებიდან შემოვლით შეტევას გეგმავდეს.

მათივე თქმით, ამის პარალელურად რუსები ცდილობენ უკრაინელებს ყურადღბა ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაატანინონ და ბახმუტის მიმართულებით კონცენტრაციის საშუალება არ მისცენ.

ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონში რუსები თავდაცვით საინჟინრო ნაგებობებს აგებენ, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელთა შეტევას ამ მიმართულებითაც ელიან.

უკრაინის შეტევის შესაძლო მიმართულებაზე გერმანული „ბილდიც" წერს ნატოში თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდონით. მათი ცნობით კიევი შეტევას ამზადებს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ლუგანსკისა და ზაპოროჟიესკენ. შეტევის მიზანი კი ოკუპირებულ ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი სახმელეთო კომუნიკაციის ხაზების გადაჭრა იქნება.

გამოცემის თანამოსაუბრე ამბობს, რომ ასევე „უკრაინის შიარაღებული ძალები შეეცდებიან, რომ ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდი გაანადგურონ". ნატოს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ კიევი დასავლურ იარაღს უკვე მაისში გამოიყენებს. ამერიკულმა გამოცემა „პოლიტიკომ" კი დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა მაისში დაიწყება.

ახალი ცხელი წერტილები ფრონტზე

უკრაინელები შიშობენ, რომ რუსები ბახმუტის გარდა ავდიივკას განსაკუთრებით უტევენ და შესაძლოა, უახლოეს მომავალში იგი „მეორე ბახმუტად" იქცეს.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებითაც, ავდიივკა მალე შეიძლება კიდევ ერთი ისეთი ცხელი წერტილი გახდეს, როგორიც ბახმუტია. მათი თქმით, რუსები თანდათან უახლოვდებიან ქალაქს, მაგრამ ძალიან მძიმე დანაკარგები აქვთ და არაა გამორიცხული ეს გეგმაც ჩაუვარდეთ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს ავდიივკის ჩრდილოეთით გარკვეული წარმატებები კი აქვთ, თუმცა ისეთი არა, რომ ამ მიმართულებაზე გარდამტეხი იყოს.

„ავდიივკაშიც იგივე სურათი იხატება - „მეორე ბახმუტის" შექმნას ცდილობენ, რომ ქალაქი ალყაში მოაქციონ. ჩრდილოეთ მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტს. გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, კრასნაგორკა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს. ამბობენ უკრაინელების რაღაც დაცვის ზოლი გავარღვიეთო, მაგრამ ამაზე თავს ვერ დავდებ.

„ავდიივკას ჩრდილოეთით პატარა დასახლებული პუნქტია, სადაც სარკინიგზო კვანძია. რუსები ცდილობენ, რომ ეს დაიკავონ, რათა ავდიივკის მომარაგების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაართულონ. ბრძოლა მიდის, ლოკალური და არცთუ ისეთი დიდი მასშტაბის წარმატებები რუსებს აქვთ, მაგრამ ეს მთლად ისეთი გარდამტეხი არაა. ავდიივკაში ბახმუტის სურათი ნამდვილად მეორდება, მაგრამ ალყის შემორტყმასთან ისე ახლოს არ არიან, როგორც ბახმუტთან.

„უგლედარისა და სამხრეთის მიმართულებაზე კი ორივე მხრიდან მხოლოდ შემაწუხებელი მოქმედებებია და მიდის დაზვერვა ბრძოლით. იქ ფართომასშტაბიანი შეტაკებები არაა. უკრაინელებმა აქცენტი ბახმუტისკენ გადაიტანეს და ზაპოროჟიედან რეზერვებს ამ მიმართულებაზე აგზავნიან.

„რუსები ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონში ძირითადად თავდაცვით საინჟინრო ნაგებობებს აგებენ. მათი თავდაცვის ზღუდეები საინჟინრო თვალსაზრისით კარგადაა მოწყობილი, ხოლო უკრაინელებს ისეთი ძალების კონცნტრაციის შესაძლებლობა ჯერ არ აქვს, რომ აქტიური მოქმედებები ერთდროულად ბახმუტშიც და ამ მიმართულბითაც შეძლონ.

„რადგან უკრაინელებმა აქცენტი ბახმუტისკენ აიღეს, მნიშვნელოვანი ბრძოლები ამ მმართულებით იქნება. ეს ალბათ უახლოეს დღეებში დაიწყება, სადღაც ერთი კვირა, ათი დღის განმავლობაში. ეს ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ უკრაინელები საბრძოლო მასალას როდის მიიღებენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაცია მარიინკაშიც რთულია, რუსები კი ცდილობენ, რომ უკრაინელები ბახმუტზე კონცენტრირების საშუალება არ მისცენ.

„ბახმუტის გარდა უკრაინებეისთვის რთული სიტუაცია ავდიივკასთანაა. რუსებმა შეტევა დაიწყეს და ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწიეს. სიტუაცია მარიინკაშიც რთულია. რუსები ახლა ინტენსიურად ცდილობენ, რომ შეტევები სხვა მიმართულებითაც იყოს. მათი მიზანია, რომ უკრაინამ ბახმუტზე კონცენტრაცია ვერ მოახდინოს.

„სამხრეთის მიმართულებაზე სიტუაცია იგივეა. ამ ეტაპზე პოზიციური ბრძოლები მიდის, ორივე მხარე სერიოზული საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება და როგორც ჩანს, მიწის გამოშრობას ელოდებიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რისი ეშინია პრიგოჟინს

ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დახმარებას სთხოვს. თავის საჯარო მიმართვაში იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ფლანგური დარტყმებით „ვაგნერს" ალყაში მოაქციონ.

ეს წერილი იმითაცაა საინტერესო, რომ პრიგოჟინს სერიოზული დაპირისპირება აქვს რუსეთის არმიის სარდგობასთან, გენერალური შტაბისა და პირადად მინისტრ შოიგუს ჩათვლით, რასაც აქამდე არც მალავდა თავის საჯარო განცხადებებში.

„არსებული ინფორმაციით, მარტის მიწურულს-აპრილის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალები აპირებენ ფართომასშტაბიანი იერიშის დაწყებას და ფლანგური დარტყმების განხორციელებას „ვაგნერის" ნაწილების ალყაში მოქცევისა და რუსული არმიის რეგულარული ნაწილებისგან მათი მოწყვეტის მიზნით. გთხოვთ მიიღოთ ყველა ზომები, რომ ასე არ მოხდეს", - წერს პრიგოჟინი შოიგუს და ამატებს, რომ საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი წერილის დახურულ ნაწილშია მითითებული.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრიგოჟნის შიშები რეალურია, რადგან შესაძლ;ოა უკრაინელების დარტყმა მართლაც სერიოზული აღმოჩნდეს. მანამდე კი „ვაგნერელები" გამალებით ცდილობენ, რომ ბახმუტს ალყა შეკრან.

„უკრაინამ შეტევისთვის 4 დაჯგუფება შექმნა. „ვაგნერი" ბახმუტის მიმართულებით შეტევას აგრძელებს. ორი კილომეტრი აქვთ დარჩენილი, რომ რკალი სრულად შეკრან. „ვაგნერის" დაჯგუფება ცდილობს, რომ ეს რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს, რათა მერე უკვე თავდაცვის ორგანიზება შეძლონ, რადგან ამ მიმართულებით უკრაინელების მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას ელოდებიან ბახმუტის გათავისუფლებისთვის.

„ვაგნერს" ამის მოლოდინი აქვს და არც იმის შიშები აკლიათ, რომ ეს უკრაინელების მხრიდან შესაძლოა მნიშვნელოვანი დარტყმა იყოს. ამავე დროს, რუსები ცდილობენ, რომ უკრაინელების ძალისხმევა გაფანტონ და ბახმუტის მიმართულებით კონცენტრაცია ვერ შეძლოს.

„ამ გაზაფხულზე გამოჩნდება ძალიან ბევრი ნიშანი იმისა, თუ შემდეგი მოვლენები როგორ განვითარდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ბახმუტისთვის ბრძოლა იქნება უკრაინელების მხრიდან (თუ რა თქმა უნდა მათ ეს დააპირეს). მაგრამ ის, რომ უკრაინელები გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევას დაწყებენ, უკვე ამის ნიშნები აღარაა და ახლა მაინც ბახმუტის დაცვაზე, გათავისუფლებაზე და არდათმობაზე არიან გადართული", - განახადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიაც ასევე მიიჩნევს, რომ პრიგოჟნი საკმაოდ რესლისტურ სცენარზე საუბრობს.

„უკრაინელებს სხვა ალტერნატივა არც აქვთ, რადგან რუსების შეტევა უნდა შეაჩერონ. ამიტომ ეს საკმაოდ ლოგიკური სცენარია. უკრაინელები ბახმუტთან თავიანთი სამხედრო ძალების საკმაოდ სერიოზულ კონცენტრაციას ახდენენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×