ნაზი ბერიძე
31.05.2023

კრემლმა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში შეხვდებიან, თუმცა ჯერ შეთანხმებული არ არის, როდის და სად გაიმართება შეხვედრა. „რეზონანსთან" ანალიტიკოსების შეფასებით პრეზიდენტები ერთმანეთს მოკავშირეების სტატუსით ხვდებიან. თურქეთს კი სურს აიმაღლოს თავისი საერთაშორისო პრესტიჟი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მედიატორის როლში.

პუტინმა თავის "ძვირფას მეგობარს" ერდოღანს კვირას თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ოფიციალურმა ანკარამ აწარმოა დიპლომატიური დაბალანსების პოლიტიკა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები გასული წლის თებერვალში უკრინაში შეიჭრა, თურქეთი ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ხოლო მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან, ასევე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრას, თურქეთის ეროვნული ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებას უკავშირებს, თუმცა, როგორც პოლიტიკური აქტორი, თურქეთი რუსეთს იარაღს არ აწვდის.

„ხვდებიან ერთმანეთს იმიტომ რომ ორივე ქვეყნის ინტერესში შედის რა თქმა უნდა დასავლეთის დაბალანსება შავი ზღვის რეგიონში, დასავლეთის გარკვეულწილად გავლენის შემცირება იმიტომ, რომ თურქეთს სურს რომ იყოს რეგიონული აქტორი ამისთვის გარკვეულწილად რუსეთთან თანამშრრომლობა მას სჭირდება.

„მაგრამ, მეორე მხრივ თურქეთი რუსეთს ირანისგან განსხვავებით იარაღს არ აწვდის ნატოს წევრია და ამავე დროს ესე იგი დასავლეთის გადაკიდებაც არ სჭირდება. ეკონომიკურ ასპექტში თურქეთი დამოკიდებულია რუსეთზე, სავაჭრო ბრუნვა 40 მილიარდ დოლარს აღემატება და იგი 60 პროცენტითაა რუსეთის გაზით უზრუნველყოფილი.

„თუმცა, ახლა თურქეთში აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის მარაგი და შესაძლებელია საკუთარი ბუნებრივი აირის ათვისება დაიწყოს თურქეთმა და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, მაგრამ, მაინც თურქეთი ასევე დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, რომლებთანაც 50 მილიარდ დოლარს აღემატება სავაჭრი ბრუნვა.

„ერთი მხრივ თურქეთი დაინტერესებულია როგორც რუსეთთან თანამშრომლობით და ასევე დასავლეთთანაც. ამავე დროს თურქეთის მიზანია რომ აიმაღლოს საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟი და შუამავლის როლი რუსეთ-უკრაინის ომში" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ლიდერების შეხვედრას აფასებს როგორც მეგობრული ურთიერთობის გზავნილად, სადაც თურქეთს სურს გაიმყაროს თავისი მედიატორის სტატუსი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, ვინაიდან ის ომის დასრულების და სამშვიდობო მოლაპარეკების ერთერთი გარანტორი, პოლიტიკური აქტორია.

„პრეზიდენტ ერდოღანს არასდროს დაუმალავს რომ ის რუსეთის მოკავშირეა მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, განსხვავებული პოზიციებისა და მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

„რაც შეეხება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრას, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირდებიან როგორც მოკავშირეები და გასაკვირი ნამდვილად არ არის.

„რაც შეეხება უკრაინის თემას, აი აქ ვინ იქნება მედიატორი, ძალიან საინტერესოა იქედან გამომდინარე, რომ პუტინი სანქცირებულია და ბუნებრივია ის არ მიიღებს არცერთ დასავლელ აქტორს შუამავლად, და რჩებიან ის ქვეყნები რომლებთანაც რუსეთს აქვს ნორმალური ურთიერთობა დასავლეთისგან განსხვავებით, ვგულისხმობ თურქეთს ჩინეთს და ისრაელს, დიდი მოთამაშეები რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ჩნდებიან.

„ჩვენ ვნახეთ რომ ჩინეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა შემდეგ რაღაც უკვე პროცესი გაჩერდა და თითქოს აღარ ჩანს. შეიძლება რაღაც კულუარებში ბევრი მოლაპარაკებებია, რაც ჩვენ არ ვიცით და ვერ ვხედავთ საჯარო სივრციდან და მედიიდან მაგრამ აქ ახლა თურქეთის პრეზიდენტმა გაინაღდა რა მომდევნო 5 წლით მისი ხელისუფლება, ბუნებრივია, მას აქვს რეგიონული ამბიციები, ამ ერთერთ ამბიციაში, რომელსაც ნებისმიერი პრაგმატული ლიდერი გამოიყენებდა არის მშვიდობის დამყარება ორ დიდ ქვეყანასთან ბრძოლაში, უკრაინაში შეჭრილი რუსეთი როგორღაც უნდა გააჩეროს.

„თუმცაღა, ჩვენ ოფიციალური კიევიდან ვიცით რომ არცერთ კვადრატულ სანტიმეტრს არ დაუთმობენ. ასეთი სახით მოლაპარაკებები საკმაოდ რთულია, ვნახოთ როგორ შეძლებს ერდოღანი შეიძლება სხვა ქვეყანაც ჩართოს, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ პირველ რიგში მან უნდა მიიღოს, როგორც თიურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ეს დამსახურება. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები თუმცა ჯერჯერობით საჯარო სივრციდან ეს არ ჩანს, ამ მიმართულებით თუ გადაიდგა ნაბიჯები. შესაძლოა კულუარულად არის, მაგრამ ნებისმიერი ომი უნდა მოგვარდეს სამშვიდობო შეთანხმებით" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×