უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. საოკუპაციო ძალები აქტიურად უტევენ ხარკოვსა და სუმს, საიდანაც ამ დრომდე გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია. ოკუპანტები ამ რეგიონებში ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც.
დაიბომბა ნიკოპოლი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათში, რუსებმა ზაპოროჟიეს 268-ჯერ დაარტყეს. დაინგრა 6 და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი.
რუსეთის აგრესიის მთავარი სამიზნე ისევ ხარკოვია, მოსახლეობა ინტენსიური დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს. თავდასხმის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. გამოცხადებულია ევაკუაცია, ათასობით ადგილობრივმა ხარკოვი უკვე დატოვა. ოკუპანტების იერიშების შედეგად, რეგიონში ასობით შენობა მიწასთანაა გასწორებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი დაიღუპა 4 კი დაშავდა.
ცამეტი ათასამდე ადამიანმა დატოვა სუმის ოლქი, მათ შორის ორი ათასი ბავშვია. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა რუსეთის ინტენსიურმა საჰაერო იერიშებმა განაპირობა. დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი განადგურებულია. რუსეთი ბომბავს საცხოვრებელ სახლებს. მასობრივი იერიშების ფონზე კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, ამერიკული მხარე უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო დახმარების საკითხებს განიხილავს.
პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კი გადადო ყველა უცხოური ვიზიტი, რადგან ოთხშაბათს ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესდა და კიევმა განაცხადა, რომ რუსი ქვეითი ჯარი ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკში შევიდა.
სააგენტო Reuters-ი წერს, თუ ოკუპანტები საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარე ქალაქის დაკავებას შეძლებენ, ეს, ბოლო ერთ კვირაში, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ძალები ახლა "გამოფიტულია" და ვითარების სირთულეს თავად უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აღიარებენ.
"სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. მტერი იკავებს პოზიციებს ქალაქ ვოვჩანსკის ქუჩებში", - წერს Facebook-ზე ვოვჩანსკის საპატრულო პოლიციის უფროსი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვისთვის უმთავრეს ამოცანად საჰაერო სისტემების გადაცემა დაასახელა. ზელენსკი ამერიკასა და პარტნიორებს ომის დაწყებიდან დღემდე მუდმივად მოუწოდებს გადასცენ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ქალაქებზე მუდმივი თავდასხმის პირობებში ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს.
უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქვეყნის აღდგენის საკითხზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ გამარჯვების გარეშე უკრაინის რეკონსტრუქცია ვერ მოხდება, თავად რეკონსტრუქციის პროცესზე საუბარი კი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი კომპლექსურია და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
ფრონტზე გაზრდილი შეტაკებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დახმარებას ფრონტის ხაზზე სიტუაციის უკრაინის სასარგებლოდ გარდატეხა შეუძლია.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ რუსეთმა მოახერხა და გაზარდა როგორც საფრენი აპარატების, ასევე უპილოტო საფრენი მოწობილობების წარმოება, ასევე შეძენის მექანიზმები. ბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სწორედ ამ იარაღის საშუელბით ესხმის ის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას თავს.
„სამწუხაროდ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების ტერორს აგრძელებს. ვხედავთ როგორ ცდილობენ ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებას და მოსახლეობის დატერორებს. ამ ყველაფერს აქვს ერთი მიზანი, მოსახლეობა გატყდეს. ხალხი ომით გადაიღალოს და შიდა უკმაყოფილება გაჩნდეს.
„თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ უკარინა რუსეთს სიღრმეში ზუსტად იგივეს უპასუხებს. ჩვენ ალბათ ვიხილავთ მოსკოვსაც და ასევე დიდ ქალაქებსაც ამ წლის განმავლობაში. ძირითადი თავდასხმები უკრაინის მხრიდან მაინც იქნება ყირიმზე, როსტოვზე და ახლო ქალაქებზე. რუსეთს არა აქვს იმდენი საშუალებები, რომ ყველა ტერიტორია დაიცვას.
„ამიტომ 2024 წელი იქნება უკრაინის აქტიურობა რუსეთს სხვა ქალაქებზე. თავდასხმა იქნება კარგი პრეცედენტები. დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება ამერიკის და ევროპის მიერ გადაცემული იარაღებით. აქ უკრაინული ეროვნული წარმოების იარაღით უნდა მოხდეს. ეს არის ხმელეთი - ხმელეთზე.
„თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთის დახმარება იქნება ასევე იმაზე ორიენტირებული, რომ უკრაინის წარმოებამ მოიმატოს. ახლა უკრაინის მთავარი მიზანია რომ ეს ომი რუსეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება ღრმად გადავიდეს და დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას მშვიდად არ ეძინოს. ეს იქნება უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგია“,-ამბობს ბერიძე.
მისივე თქმით ახლა უკრაინას ესაჭიროება ნებისმიერ ფასად რუსეთზე წნევა შეინარჩუნოს. ეს იქნებაა თავდაცვითი თუ შემდეგ რეიდების სახით თავდასხმა, ასევე ნებისმიერი სხვა ოპერაცია.
„მოლაპარაკებებით ამ კონფლიქტის დასრულება წელს ნაკლებად სავარაუდოა. ორივე პოლიტიკურად ჩიხშია. რისკი არსებობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს ისე, როგორც თავის დროზე ყარაბახი გაიყინა. ვერცერთი მხარე წინ ვერ წავიდეს. ეს უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ამიტომ უკარინისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა ნებისმიერი სახით გააგრძელოს. ახლა რუსეთის მხრიდან ფრონტის ხაზზე შეუძლებელია რაიმე მასშტაბური სახის გარღვევა მოხდეს.
„იმის მიხედვით, რაც ღია და სადაზვერვო წყაროებით ხდება ცნობილი, სად ახდენს რუსეთი ძალის კონცენტრაციას, აქ არის მთავარი და ძირითადი მიმართულებები ავდეევკა, ბახმუტის მხარეს. სწორედ დონეცკის ოლქში ახდენს ძალთა კონცენტრირებას. რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი შესაძლოა იყოს კიდევ უფორ მეტი ტერიტორიების დაკავება დონეცკის მიმართულებით.
„ალბათ ეს არის ყველაზე რეალისტური მიზანი. მეორე მიმართულება, სადაც ასევე რუსების კონცენტრირება ხდება, ეს არის ქალაქი ლიმანი. ასევე კუპიანსკის - კრემნინას ხაზზე, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარკოვის ოქლისკენ რუსეთი შეტევას ეცდება. ეს იქნება ძალიან ნელი და მეთოდური. რუსები შეეცდებიან ზაფხულის პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ. უკრაინას დრო ჰქონდა და ის მომზადებულია, ამიტომ მათი შეტევა ესეთი მარტივი ვერ იქნება“,-ამბობს ბერიძე.