რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, ამერიკული და სხვა დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე.
„ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ჩემი აზრით, ხრიკია უპირველეს ყოვლისა სამიზნეა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასე რომ, ეს მათ სინდისზეა", - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის და სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ კაპანაძის აზრით, ლავროვის ეს განცხადება არარეალისტურია, ამ ეტაპზე ამერიკა და ევროპა ამ კონფლიქტში ასე მკვეთრად არ ჩაერევიან.
„ლავროვის ეს განცხადება საკამოდ არადამაჯერებელია და რეალობასთან არანაირ კავშირში არაა. აშშ და დასავლეთი უკრაინას იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საშუალებას არ მისცემს, რადგან ისინი ამ დაპირისპირებაში ზედმეტად ჩარევისგან თავს იკავებენ. მომავალში, რა იქნება, რთული სათქმელია, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. რასაკვირველია, კიევის მხრიდან ამერიკისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით მოწოდებები არის იმის შესახებ, რომ მათი იარაღით თავის დაცვის უფლება მისცენ, მაგრამ ეს ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას. ასე რომ, როგორც აშშ, ასევე ევროპა ამ კონფლიქტში მკვეთრად არ ჩაერთვება. შემდეგში რა იქნება, არ ვიცი," - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ლაშა ბერიძის აზრით კი, ლავროვი ახლა იმას ცდილობს, რომ აშშ-მ უკრაინას მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება არ მისცეს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში ევროპამ და ამერიკამ კიევს ამ მხრივ ხელები გაუხსნან.
„სერგეი ლავროვი რას ეძახის რუსეთის ინფრასტრუქტურას, არ ვიცი, მაგრამ ეს რეალურად უკრაინისაა. როცა ომში ხარ და მტერს ბომბავ, უნდა იცოდე, რომ აქეთაც მოგხვდება. ლავროვი ახლა იმას ცდილობს, რომ აშშ-მ უკრაინას მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება არ მისცეს, თუმცა თუკი რუსეთი ვერ მიხვდება, რომეს ომი რაღაცნაირად შეწყვიტოს დაგამოსავალი მოიძებნოს, ადრე თუ გვიან ეს ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზეც გადავა. მათ შორის, სამოქალაქოს ვერ დავარქმევდი, მაგრამ სტრატეგიულ ობიექტებზე, რაც უკრაინელებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს. ასე რომ, ეს სრულიად რეალურია და გარდაუვალიც კია.
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ხორციელდება თუ არა ამერიკული და ევროპული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა. ვიცით, რომ დიდ ბრიტანეთმა უკრაინას ამის ნება დართო, თუმცა ჯერ სხვა სახელმწიფოები თავს იკავებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რუსეთი ასეთი ომის წარმოებას გააგრძელებს, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან წამოვიდეს განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინას ამის ნებას რთავენ," - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".