ელზა პაპოშვილი
08.07.2024

კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება. უკრაინაზე 9 ივლის დილიდან, რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 28-მდე ადამიანი და დაშავებულია 112-ზე მეტი.  

უკრაინის შს მინისტრი, რუსი ოკუპანტების მიერ დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისათვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. იგორ კლიმენკოს ცნობით, დაღუპულია 28 და დაშავებულია 112 ადამიანი.

"28 ადამიანი დაიღუპა: 11 - დნეპროპეტროვსკის ოლქში, 17 - კიევში. დაშავდა 112 ადამიანი: 62 - დნეპროპეტროვსკის ოლქში, 48 - დედაქალაქში, 2 - კიევის ოლქში", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა 50-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ბიზნეს ცენტრი და ორი სამედიცინო დაწესებულება. [ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო]

ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდა და არ არის გამორიცხული დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 66 ადამიანამდე გაიზარდა.  

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 30 ჩამოაგდეს დღევანდელი თავდასხმის დროს. უწყება ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას ფრთოსანი, ბალისტიკური, საჰაერო ბალისტიკური და მართვადი რაკეტები გამოიყენა.

კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

„ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, - იტყობინება დეპარტამენტი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "ოხმადეტზე" თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა. უწყება ამტკიცებს, რომ სამიზნე "უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები" და "უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები" იყო. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის განცხადებები სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ სარაკეტო თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"კიევიდან არაერთი გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო კადრები ნათლად ადასტურებს ქალაქში საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან გაშვებული უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ კიევის რეჟიმის მსგავსი ისტერიკა რამდენიმე წელია და ყოველ ჯერზე ხდება მათი პატრონების NATO-ს მორიგი შეხვედრის (სამიტის) წინა დღეს. ასეთი პროვოკაციების მიზანია კიევის რეჟიმის შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა და ომის გაგრძელება უკანასკნელ უკრაინამდე," - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმუარა რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს. მისი თქმით, ეს საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და რომ მან ათასობით ბავშვი გადაარჩინა. 

"ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი.

შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი", - დაწერა ზელენსკიმ.  

გამოხმაურება დასაველთიდან 

დასავლელი ლიდერები რუსეთის მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას გამოეხმაურნენ. 

"პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები"- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს და რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და კიევის ბავშვთ საავადმყოფოზე დღევანდელ თავდასხმას ეხმაურება.

„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენი მხარდაჭერა არ შეიცვლება“, - წერს კირ სტარმერი  X-ზე.  

X-ზე  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამ საზარელ დანაშაულს ეხმაურება.  

"რუსეთი მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო "ოხმატდეტი" განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს",- წერს  ბვორელი. 

რამ გააცოფა პუტინი, რომ სამხედრო დანაშაულებების მასშტაბებს ზრდის 

სამხედრო ანალიტკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ფაშისტურმა არმიამ უკრაინას ბირთვული ქობინის ტარების უნარის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა X-101-დან ესროლა და ააფეთქა „ოხმატდეტის“ სპეციალიზირებული საბავშვო საავადმყოფოს კორპუსი. მისი თქმით, ეს არის ცნობილი უკრაინული საბავშვო საავადმყოფო, რომელშიც ასობით პატარა პაციენტს მკურნალობდნენ. 

„სამწუხაროდ საუბარია ბავშვებზე და ღრმა მწუხარება მინდა უკრაინელი ხალხის წინაშე გამოვთქვა. ეს არის სადისტური და არაჰუმანური საქციელი. როგორც ჩანს, ეს არის ვაშინგტონისთვის გაგზავნილი ნატოს სამიტის წინ უმძიმესი მესიჯი. პუტინი ამით ცდილობს, რომ უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. პუტინმა წამოიწყო მოლაპარაკების მცდელობა, რომლსაც უნგრეთის პრემიერი ორბანიც აჰყვა. მანამდე პუტინი ჩინეთის ამ მიმართულებით დაყოლიებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 

ვინც გამოუვიდა, ეს არის ვიქტორ ორბანი. ბუნებრივია ამ ყველაფერში პუტინის ინტერესები დევს და მას უნდა საომარ მოქმედებებ შეჩერდეს. პუტინმა გააჟღერა უკვე, რომ მას უკრაინის 4 ძირითადი რეგიონის დაკავება სურს. ეს იქნება მისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ამ რეგიონებით ბუფერული ზონა შექმნას. მერე კვლავ გააგრძელოს სამხედრო აგრესია და უკრაინის ხელისუფლების სრული ჩამოშლა. პირველ რიგში ეს არის უკრაინის ხელისუფლებაზე მოლაპარაკებებზე ზეწოლა. ეს საშინელი და ამაზრზენი მესიჯი გაუგზავნა“,-ამბობს მაისაია.   

მისივე თქმით, ბალისიტკურ რაკეტას შემთხვვეით არ ისვრიან და მას ჯიპიესის სისტემა გააჩნია. ისინი თანამგზავრების მეშვეობით იმართებიან. მისი სიზუსტე ამიტომაც  ყველაზე მაღლია. შესაბამისად,  მაისაია რუსეთის ბრალდებებს გამორიცხავს, რომ რაკეტას მიმართულება ჩამოგდების დროს უკრაინამ შეუცვალა. 

„ბრითვული ქობინების გადატანაზეა საუბარი, რომელიც 15-20 ტონამდე იწონის.  ის ძალიან ზუსტ რაკეტად მოიაზრება. ჩამოგდების დროს, თუკი დავუშვებთ რუსების ვერსიას, რომ უკრაინელბემა მიმართულება შეუცვალეს, მაშინ ასეთი მძლავრი აღარ იქნებოდა. ფაქტობრივად ჩანგრეულია მთელი შენობა. 

„მიწისქვეშა  ბუნკერი რაც იყო, ისიც ჩანგრეულია. ეს პირადპირ დამიზნებით მოხვედრილია. ამხელა ბომბის ჩამოგდება ხომ ხვდებით რას ნიშნას? ნატომ ახლა უკრაინას რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვითი სისტემები სწრაფად უნდა გადასცეს. უკრაინის ქალაქები სასწრაფოდ ასეთი ბარბაროსული ტიპის დარტყმებისაგან აცილებული უნდა  იყოს“,-ამბობს მაისაია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×