F-35 ტიპის თვითმფრინავები, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და Abrams-ის საბრძოლო ტანკები.
ნატალია ჯვარიძე
09.07.2024

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები პოლონეთს იარღის შესაძენად 2 მილიარდ დოლარს სესხის სახით გამოუყოფს. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, პოლონეთი ნატოში ლიდერია და ამჟამად თავდაცვაზე მშპ-ს 4 პროცენტს ხარჯავს, რაც ალიანსში ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

„პოლონეთი აშშ-ის მტკიცე მოკავშირეა და ეს შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს. პოლონეთი ახორციელებს სამხედრო მოდერნიზაციის მთავარ პროგრამას, რომელიც ამერიკის თავდაცვის აღჭურვილობის შეძენას მოიცავს, როგორიცაა F-35 ტიპის თვითმფრინავები, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და Abrams-ის საბრძოლო ტანკები.

ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის ამერიკის მთავრობა 60 მილიონ აშშ დოლარამდე საგარეო სამხედრო დაფინანსებას გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს პოლონეთის თავდაცვის მოდერნიზაციის დაჩქარებას შეერთებული შტატებიდან თავდაცვის პროდუქციისა და მომსახურეობის გადაუდებელი შესყიდვების მხარდაჭერით.

საგარეო სამხედრო დაფინანსების პირდაპირი სესხები არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინსტრუმენტი, რომელიც დაცულია უსაფრთხოების სფეროში ზოგიერთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორისთვის. სესხის თანხები კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთის სამხედრო მოდერნიზაციის ძალისხმევას, რაც არსებითად შეუწყობს ხელს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებას", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სერიოზული პრობლემები გამოჩნდა და ამის გამოსწორება ამერიკამ საკუთარ თავზე აიღო. როგორც იგი აღნიშნავს, პოლონეთი აპირებს თავისი საბჭოური იარაღის უკრაინისთვის მიცემას და თვითონ ახალის შეძენას.

„პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სერიოზული ხარვეზები გამოჩნდა, ეს უკრაინის ომმა გამოაჩინა და როგორც ჩანს, ამ ხარვეზების გამოსწორება ამერიკამ თავის თავზე აიღო.

„საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა პოლონეთის შეიარაღებული ძალები და პოლონეთის თავდაცვის პოლიტიკა, ასევე საკმაოდ არასაიმედო, ამიტომ ამ კუთხით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. პოლონელები აპირებენ თავიანთი მთლიანი საბჭოური ტიპის შეიარაღება უკარაინას გადასცენ, ამით კომპენსაცია მოახდინონ და ახალი ტიპის დასავლური შეიარაღების ერთეულები შეიძინონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი უკავშირდება იმას, რომ პოლონეთი უკრაინის უახლესი მეზობელია და ამით ამერიკა მათ საშუალებას მისცემს, რომ უკრაინას უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ნატოს ნაწილიც გაძლიერებაც.

„ვაშინგტონმა პოლონეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება იმიტომ დაიწყო, რომ პოლონეთი უკრაინის უახლოესი მეზობელია და შესაბამისად ამით მას მისცემს საშუალებას, რომ უკრაინას მეტი დახმარება აღმოუჩინოს, საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს, რაც ახლა ომის მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს ნატოს აღმოსავლეთი ნაწილიც გააძლიეროს".

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, აქამდე ეს ვერ გაკეთდა, რადგან ომი ასეთ რთულ ეტაპზე მისული არ იყო და თან ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები სწრაფად ვერ მიიღება.

„აქამდე ეს ვერ მოხერხდა, რადგან ამხელა თანხის ასე გამოყოფა ვერ ხდება. საჭიროა შესაბამისი გათვლები და შეთანხმებები. თან ეს ომიც ასეთ გაჭინურებული და გამოფიტულ ფაზაშიც არ იყო შესული. ამის გარდა კიდევ ბიუროკრატიაა, რომელიც ასეთი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია და საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღებას დრო დასჭირდა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×