უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინას დასავლეთისა და ამერიკის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება არ აქვს მოხსნის.
რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ხარკოვის მაგალითზე ისაუბრა, სადაც მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა ჩაახშო ამერიკის გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა.
„მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა.
„წარმოიდგინეთ რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა წინ ნაბიჯს გადადგამს და საშუალებას მოგვცემს მათ ბაზაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები გავანადგუროთ. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინას მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის ქმედებებს სამხრეთ უკრაინაში და განდევნის ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა საჭირო შესაძლებლობებით დაეხმარება, რომ განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ამერიკა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო აეროდრომების დამომბვის უფლებას მისცემს, რადგან იგი ყველანაირ ზღვარს გადავიდა. როგორც იგი აღნიშნავს, ამით რუსეთი მსგავს ქმედებას ვეღარ გაბედავს.
„ჩემი აზრით, ამერიკა უკრაინას ნებას მისცემს, რომ დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს, რადგან რუსეთი უკვე დიდი ხანია ყველა ზღვარს გადავიდა, თუნდაც ორი დღის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სადაც მან საავადმყოფო დაბომბა.
„მე პირადად მგონია, რომ საპასუხო ზომებია მისაღები, რომ მომავალში მსგავსი რამის გაკეთება ვეღარ გაბედონ. რუსეთს ყოველთვის ეცოდინება, რომ ასეთი ქმედებებისთვის დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან შესაბამისი ადეკვატური რეგირება აუცილებლად იქნება.
„ეს ეფექტური იქნება, რუსეთი მოქმედებს იქამდე სანამ „გასდის". აქედან გამომდინარე რეაგირებას შედეგი ექნება. ეს არამარტო ამ ზომების მიღებასთან არის დაკავშირებული, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტები დაიბომბოს, არამედ ასევე იმასთან, რომ ამერიკა და დასავლეთი პარალელურად უკრაინას საჰაერო სისტემებს აწვდის და უკრაინის საჰაერო სივცრცის დასაცავად ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ ყველაფერმა შეიძლება ის ეფექტი გამოიწვიოს, რომ თანდათან უპირატესობა უკრაინის მხარეს გადავიდეს და თუ რუსეთი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას გადაწყვეტს, შესაბამისად მათ ეცოდინებათ, რომ საპასუხო ქმედებებიც იქნება. ამიტომ, ეს საჭიროა, რომ რუსეთი ასე ვეღარ მოიქცეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი, ამ ეტაპზე ამერიკას უკრაინასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს, რომლის მეშვეობითაც უკრაინის თავდაცვა უფრო გაძლიერდება.
„ამერიკა უკრაინას რის ნებასაც აძლევს, ამაზე მეტს არ იზამს. ნატო მათ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს შესთავაზებს, შეიმუშავებს კონკრეტულ, ამ შემთხვევაში ნატოს მისიის განუსაზღვრელ ფუნქციებს, რომელიც იგივე იქნება უკრაინაში და ეს ნატოს სამხედრო მისია იქნება. აქ იქნება გარკვეული კონსულტაციები შეიარაღების კუთხით გასაუმჯობესებლად, პროცესებში უშუალო მონაწილეობა და ა.შ.
„ასევე, ნატო ფონდის შექმნას აპირებს, რომლის დახმარებითაც მეტ თანხებს შეაგროვებენ იმისათვის, რომ უკრაინის თავდაცვა უფრო გააძლიერონ და განამტკიცონ. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რასაც ნატო უკრაინასთან დაკავშირებით აპირებს.
„უკრაინელები სამხედრო აეროდრომების დაბომბვის ნებართვას ითხოვენ, არ ვიცი ნატოსა და უკრაინის მხარეები ამაზე რამდენად შეთანხმდებიან. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების და ინტეგრაციის კიდევ უფრო ამაღლების საკითხი ამ სამიტზე არ იქნება განხილული. ეს სამწუხარი ამბავია, თუმცა რეალობა", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".