„უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩება - რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს“ - ბაიდენი
ელზა პაპოშვილი
10.07.2024

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ სისტემას და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.

„შეერთებული შტატები, გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, რუმინეთთან და იტალიასთან ერთად, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის 5 სისტემისთვის და უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით დამატებითი სისტემა მიაწოდონ“, - განაცხადა ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ეს დახმარება მანამდე მიიღოს, ვიდრე მას სხვა ვინმე მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ბაიდენმა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს.

„პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება და რუკიდან წაშლა სურს, ნაკლები არაფერი, ნაკლები არაფერი. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ნატო დღეს ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა.

„ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს მის ისტორიაში. როდესაც ეს უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს ის კვლავ თავისუფალი ქვეყანაა და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა და გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და რუმინეთის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დასაცავად ქვეყანას Patriot-ის დამატებით 5 სისტემასა და სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებს მიაწვდიან.   

კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.

„რა თქმა უნდა, რაკეტები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ რაკეტების „თავდაცვითი მიზნებისთვის“ გამოყენება უნდა მოხდეს. „უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი ამ თავდაცვითი მიზნებისთვის“, - აღნიშნა სტარმერმა.  

ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ. „მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის სერიოზულად ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებით აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკას სთხოვს, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლება მისცეს. აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაცია კი განსაკუთრებული სიჯიუტით ნებას არ რთავს უკრაინის არმიას, რომ ამერიკული ბალისტიკური რაკეტები აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს. ეს კრემლმა ძალიან კარგად იცის და ამით სარგებლობს. 

უკრაინას 100 კმ-ის მაძილამდე აქვს ნება დართული, რომ ჩრდილოეთი საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეუტიონ რუსებს ამერიკული რაკეტებით. ამიტომ კრემლს 100 კმ-ზე ღრმად აქვს განთავსებული ის ბომბდამშენები, რომლითაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ობიექტებს თავს ესხმის.       

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს.  

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ ისაუბრა ხარკოვის მაგალითზე, სადაც, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა ჩაახშო აშშ-ის გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ქვეყანას დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვა მისცა.

„მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. 

„ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას მნიშვნელოვნად შევზღუდოთ რუსეთის ქმედებები სამხრეთ უკრაინაში და განდევნოს ოკუპანტი, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა დაეხმარება საჭირო შესაძლებლობებით, რომ განახორციელოს დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში.      

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ამ ომის ყველაზე დიდი შემადგენელი პოლიტიკაა. ამიტომ გენერალი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ძალიან გამოზომილი და ფრთხილი ნაბიჯებით მოქმედებს.     „ზელენსკი პუტინივით ყველაფერს ერთად არ ითხოვს. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მოთხოვნები უკვე შეცვლილია და კარგად იცის რა როდის უნდა მოითხოვოს. ის ნაბიჯ - ნაბიჯ ცდილობს რომ წინ წაიწიოს. ზელენსკი ცდილობს დასავლეთის ყველა ქვეყნისგან მოიპოვოს აღიარება, რომ პუტინი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ეს არ იყოს მხოლოდ რუსეთ უკრაინის დაპირისპირების დასახელება და ა.შ. პუტინი კი სიტუაცა შემდეგ ნაირად მიჰყვება, თუ გინდა მიიღო საბურავი მოითხოვე ტრაქტორი. მის დევიზი ეს არის.  

„თუმცა, ნამდვილად ჩანს პუტინის მხრიდან იმისთვის მზადება, რომ დღეს თუ ხვალ, მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ნამდვილად მოუწევს. პუტინი მოლაპარაკებისთვის შედარებით მტკიცე პოზიციების ჩვენებას ცდილობს. თითქოს და რუსეთია შემძლე, რომ გამოიყენოს ის იარაღი, რომელიც მას არ გამოუყენებია. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო მისი რიტორიკაა, რომლითაც ჰგონია, რომ რაღაცა დათმობებს მიიღებს“, - ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, ყოველი კრიტიკული სიტუაციის დროს პუტინი გამოდის და გაჰყვირის, რომ მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მისი გამოყენება ასე ადვილად არ ხდება და პუტინმაც კარგად იცის, რომ ის ჯერ უნდა გაუშვას და მერე მიაღწიოს დანიშნულების ადგილას. მისი გამოყენების შემთხვევაში იცის რა პასუხსაც მიიღებს. ამიტომ გენერალი ფიქრობს, რომ ამაზე პუტინი არ წავა.   

„ახლა დასავლეთიდან მიღებული იარაღის შედეგად რუსები ფრონტის ხაზზე შეტევას ვეღარ ახორციელებს და ის კულმინაციურ სიტუაციამდეა მისული. უკრაინა ძლიერდება, ამას ხვდება რუსეთი და ეს საჰაერო თავდასხმები სწორედ ამის ნიშანია. ხვალ-ზეგ, ივლისის ბოლოსთვის უკვე მიიღებს იმ დაპირებულ თვითმფრინავებსაც და მის საჰაერო ძალა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. 

„როგორც ომის პირველ ეტაპზე დასავლეთი უკრაინას არ აწვდიდა და ელოდებოდა, როგორ განვითარდებოდა უკრაინაში მოვლენები. უკრაინამ შეძლო რუსეთის მოგერიება და ამ ეტაპზეც იგივე სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ ახლა დასვლეთმა ერთი პერიოდი გარკვეული პაუზა აიღო და ელოდებოდა, შეძლებდა თუ არა რუსეთი ამ შეტევის განვითარებას, დაინახა რომ ვერა და უკრაინა მედგრადად დგას, ამ შეიარაღების მიწოდებას დაიწყებს და ასევე მისცემს უფლებას რუსეთის სიღრმეში მის გამოყენებასაც“, - ამბობს გენერალი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×