ნატალია ჯვარიძე
24.08.2024

უკრაინა უკვე მესამე წელია დამოუკიდებლობის დღეს ომში ხვდება - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა და თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ წელს უკრაინის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ საბოლოოდ, უკრაინამ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთს, ვიდრე რუსეთმა უკრაინას. ისინი ტერიტორიების გაცვლასაც ვარაუდობენ.

ზელენსკიმ ყველა უკრაინელსა და უცხოელს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას იცავს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის რუსეთი პასუხს აგებს.

„დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს", - განაცხადა ზელენსკიმ

პრეზიდენტის თქმით, ვიდეომიმართვა სუმის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაწყებით მსოფლიო გააოცა.

„33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებში ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. იგი მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. მსოფლიოში არავინ იტყვის „სად არის უკრაინა?" რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს". ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინამ შეძლო და სიტუაცია დააბალანსა და უფრო მეტიც, ახლა ისინი მესამე რაიონზე ოპერაციას გეგმავენ, რაც სავარაუდოდ, ტერიტორიების გაცვლით დასრულდება.

„ზოგადად სიტუაცია კურსკის ოპერაციის გათვალისწინებით თანაბარია. როგორც რუსები არიან უკრაინელების ტერიტორიაზე შეჭრილი, ისე უკრაინელები არიან რუსეთის ტერიტორიაზე და სარკისესებური ტიპის დარტყმის სამხედრო-სტრატეგიის პრინციპებს ახორციელებენ, რაც მგონი ახალი მიდგომაა, რადგან ადრე ომიების წარმოების დროს საერთოდ არ იყო.

„უკრაინელებმა პირდაპირ თქვეს, მათ შორის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც აღიარა, რომ რუსეთში შეჭრის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რუსული ტერიტორიების დაკავება, რადგან შემდგომ ეს საკუთარ ტერიტორიებში გაცვალონ ე.წ სვოპის პრინციპით, რომელსაც ენერგოუსაფრთხოებაში იყენებენ.

„როგორც ჩანს, უკრაინელები კრემლს ამას პირდაპირ თავს ახვევენ, რაც საკმაოდ ადეკვატური და საინტერესო მომენტია. უკრაინელებმა დაიჭირეს რუსები იმ სუსტ წერტილებზე, რასაც ისინი არ მოელოდნენ.

„შესაბამისად, ეს მომენტია მთავარი, რადგან რუსებმა ოპერატიული ინიციატივა აიღეს და აფართოებენ ოკუპაციის ტერიტორიებს დონბასში, ლუგანსკი, ხარკოვი, დონეცკის მიმართულებებით და უკრაინა იძულებული იყო სიმეტრიული ტიპის ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარების დაბალანსება მოეხდინა, რაც ამ ეტაპზე უნდა ვაღიაროთ, რომ კარგად გამოსდით, მერე რა იქნება არავინ იცის.

„უნდა ითქვას, რომ ომიდან 2 წლის თავზე უკრაინელთა სიტუაცია შედარებით ბევრად უკეთესია. მინდა მათ დღევანდელი დღე, მივულოცო და გამარჯვება ვუსურვო. რა თქმა უნდა, ერთიანი დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე. ინდოეთის პრეზიდენტის ჩასვლა უკრაინაში შემთხვევითობა არ იყო და ეს ბევრ რამეს ნიშნავს", - აღნიშნავს მაისაია.

რა სიტუაციაა ფრონტის ხაზზე

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინელები უკვე ბრიანსკის მიმართულებით ოპერაციისთვის ემზადებიან. როგორც მან აღნიშნა, უკრაინას წინსვლა აქვს და შესაძლებელია სამი რაიონის დაკავების შემდეგ ტერიტორიების გაცვლაზე იყოს საუბარი.

„ჯერჯერობით კურსკის ოლქში მდგომარეობა უცვლელია. მე ვიცოდი, რომ უკრაინელების პლაცდარმი 1000 კვადრატული კოლომეტრი იყო, თუმცა გუშინ უკრაინაში ჩართვა მქონდა და გავიგე, რომ 1200 კვად. კილომეტრამდე ყოფილან ასულები.

„ისინი ბელგოროდის ტერიტორიაზეც გადავიდნენ და ახლა ბრიანსკის ოპერაციისთვის ემზადებიან. სამი რუსული რაიონის დაკავებაზეა საუბარი და შემდეგ სავარაუდოდ, ტერიტორიების გაცვლაზე იქნება საუბარი. ეს უკვე რეალური მომენტია დეოკუპაციის.

„უკრაინელები ინტენსიურ დარტყმებს ახორციელებენ ყირიმის მიმართულებით. მათ ფაქტობრივად, საზღვაო-სარკინიგზო გადამტან პლატფორმაზე მოახდინეს თავდასხმა და მწყობრიდან გამოიყვანეს, აქ რუსებს საბრძოლო მოქმედებისთვის საწვავის ავზები გადაჰქონდათ, ეს საკმაოდ სერიოზული ზიანია რუსეთისთვის.

„ამასთან, უკრაინელებმა პირველად მურმანსკის პორტის მიმართულებით განახორციელეს სტრატეგიული დრონების საავიაციო ტიპის გაშვება, ესეც საინტერესო ფაქტია. რუსები იძულებეულები არიან თავდაცვაზე გადავიდნენ, რადგან უკრაინელების შეტევები შეაჩერონ, თუმცა უნდა ითქვას, რომ დონბასის მიმართულებით რუსები ტემპს არ აგდებენ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ უკრაინელებმა უფრო დიდი დარტყმა მიაყენეს რუსებს, ვიდრე რუსებმა უკრაინელებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×