ნატალია ჯვარიძე
26.08.2024

რუსეთმა უკრაინაზე ომის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა რის შედეგაც, 15 ოლქი დაზარალდა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბობმვის შესაჩერებლად აუცილებელია იმის განადგურება, საიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ.

„რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, „კინჟალები"- არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს.

ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოიყენოს ისინი რუსულ სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობას მოკავშირეების მხადაჭერის იმედი აქვს", - აღნიშნა შმიგალმა.

ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორი გახდა და სიტუაცია რთულია. „სიტუაცია რთულია, მიმიდნარეობს თავდასხმების შედეგების დადგენა, ენერგეტიკის მუშაკები უკვე მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად", - განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს კიდევ ერთხელ სთხოვს, უკრაინის მიმართ დახმარება გაზარდონ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ძალისხმევა რუსეთის დარტყმის შედეგების აღმოსაფხველად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა - კომბინირებული დარტყმა, სხვადასხვა ტიპის ასზე მეტი რაკეტისა და შაჰედის ტიპის ასამდე დრონის გამოყენებით. ეს იყო მზაკვრული დარტყმა, რომლის სამიზნეც კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ენერგეტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ზიანი მიდგა, მაგრამ ელექტროენერგიის შეწყვეტის შედეგად დაზარალებულ ყველა ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს", - წერს ზელენსკი „ტვიტერზე".

მისივე თქმით, ბევრად მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი ადამიანების გადასარჩენად, უკრაინის F-16-ებთან და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად მისი ევროპელი მეზობლების ავიაციასაც რომ ემოქმედა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაიცვან ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ერთად ავიღეთ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებთან, რაკეტებთან დაკავშირებით და ამის მიღმა. ჩვენ საბოლოოდ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად. დღეს მათი სამიზნეები იყო ვოლინის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის და ტერნოპოლის ოლქები.

„უკრაინის მასშტაბით ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო სიცოცხლის დასაცავად, ჩვენს F-16-ებთან და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად ჩვენი ევროპელი მეზობლების ავიაციასაც რომ ემოქმედა. თუ ასეთი ერთობა ეფექტური აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთში, მან უნდა იმოქმედოს ევროპაშიც. სიცოცხლეს ყველგან ერთნაირი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის, რომ ომის სამართლიანად დასასრულებლად გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო.

„პუტინს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ იმ საზღვრებში, რასაც მას მსოფლიო უდგენს. სისუსტე და არაადეკვატური პასუხები იწვევს ტერორს. ყველა ლიდერმა, თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა იცის, რომ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო.

„უკრაინა არ შეიძლება იყოს შეზღუდული შორი-მანძილის შესაძლებლობებით, როდესაც ტერორისტებს ასეთი შეზღუდვები არ ემუქრებათ. ჩვენს დამცველებს არ შეიძლება ჰქონდეთ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვა, როდესაც რუსეთი მთელ არსენალს იყენებს, მათ შორის შაჰედებს და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან. ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ჩვენს სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ამ ტერორის შეჩერებაში. გადამწყვეტი მოქმედების დროა", - წერს ზელენსკი.

„უკრაინა ამზადებს პასუხს რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა „ფეისბუქზე" განაცხადა.

„რუსეთმა კვლავ დაარტყა ქალაქებს, დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები, დაინგრა სახლები, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა მინისტრმა.

უმეროვის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები და მტრის სამხედრო ობიექტებზე დარტყმაზე შეზღუდვების მოხსნა. „უკრაინა ამზადებს პასუხებს", - აღნიშნა უმეროვმა.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, ამით პირველ რიგში რუსებმა უკრაინელებზე შური იძიეს იმისათვის, რომ ისინი კურსკის ოლქში შეიჭრნენ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინელებიც განახორცილებენ ანალოგიურ დარტყმას.

„რა თქმა უნდა, რუსების ამხელა შეტევა პირველ რიგში შურისძიებას უკავშირდება, რადგან კურსკის ოლქში უკრაინელები შეიჭრნენ. აქ არავითარი „ჰიბრიდული ომი" და რამე უკვე აღარ არის, ეს სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც ტაქტიკური ომის სტანდარტებით მიდის.

„ასე რომ, რა შედეგები უნდა მიიღოს ამ დაბომბვებმა ისედაც გასაგებია. ძალიან ბანალური სიტყვაა, მაგრამ ომის პირობებიდან გამომდინარე, სიტუაცია ისევ სტანდარტულ დონეზე რჩება. დასავლეთის შეშფოთების გარდა ამას რაღაც განსაკუთრებული დიდი გამოხმაურება ვერ ექნება.

„ვერ გეტყვით იქნება თუ არა კიდევ მსგავსი მასშტაბური შეტევები, მაგრამ, გამორიცხული არაა, რადგან სამწუხაროდ, უკრაინაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. უკრაინელებიც განახორციელებენ ანალოგიურ დარტყმას რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსების მთავარი მიზანი შურისძიებაა, თუმცა, ამასთან, ისინი ზამთრის მოახლოვებასთან ერთად ცდილობენ ენერგოსისტემების მწყობრიდან გამოყვანას. როგორც მანა აღნიშნა, ახლა „გამოფიტვადი დაპირისპირება" მიმდინარეობს.

„რუსების ერთ-ერთი მიზანი შურისძიებაც არის, თუმცა, ოპერატიული მიზანი ენერგოსისტემებზე დარტმაა, რადგანაც ზამთარი ახლოვდება და ეს ენერგო სისტემები მაქსიმალურად მწყობრიდან გამოიყვანონ.

„ამის გარდა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთი ბრძოლას აგრძელებს და უკრაინას არ აპატიებს სტრატეგიულ კურსკის ოლქში მიღწეულ წარმატებას. ამას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ ექნება. ჩვეულებრივი ომია, ჩვენ ამის მსგავსი მსგავსი შემთხვევები გვინახავს, შეიძლება ამ მასშტაბის არა, მაგრამ დაახლოებითი კი. უკრაინელები მიჩვეულები არიან ასეთ თავდასხმებს რუსების მხრიდან. მგონი ეს დიდი ცვლილების მომტანი არაა.

„რა თქმა უნდა, „გამოფიტვადი დაპირისპირებაა" ეს მიდის მოწინააღმდეგის ეკონომიკური, ენერგეტიკული, თუ სამხედრო პოტენციალის დაქვეითებისკენ. მთავარია, უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ასევე, უფლება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს დასავლური იარაღი", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×