26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა, თავდასხმა კომბინირებული იყო, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. სამიზნე სულ მცირე 15 რეგიონი და მასში არსებული სტრატეგიული ობიექტები იყო. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპასუხო ზომებით იმუქრება, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, კიევი რუსეთზე საპასუხო დარტყმას ამზადებს, არაა გამორიცხული, რომ სამიზნე მოსკოვიც იყოს.
ამასთან, დასავლური მედია წერს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ ეცდებიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაარწმუნონ, რომ რუსეთის ტერიტორიებზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოხსნან. ამასთან, მიაწვდიან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებული სამიზნეების დეტალურ სიას, რომლებზეც უკრაინელებმა შეიძლება ამერიკული შორი მოქმედების იარაღით დაარტყას. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ვაშინგტონი, სავარაუდოდ, ამჯერადაც არ დათანხმდება კიევის შეთავაზებას.
ამასთან, 27 აგვისტოს პრეზიდენტ ზელენსკისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. სავარაუდოდ, საუბარია შორი 500 კმ-ზე მოქმედების იარაღზე.
რა ხდება ფრონტზე
26 აგვისტოს საჰაერო იერიშები იყო კიევის, ხმელნიცკის, რივნეს, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში. შეტევის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე კიევის ჰიდროელექტროსადგური იყო.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რუსებმა უკრაინას აერობალისტიკური, ბალისტიკური და ფრთოსანი 10 რაკეტით და 81 „შაჰედის" ტიპის დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა კი 65 სამიზნე ჩამოაგდეს.
უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები.
„სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ეფექტური მუშაობის მიუხედავად, დაიღუპა 4 და დაშავდა 16 ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და ყველა სხვა თავდასხმისთვის. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
რაც შეეხება უკრაინის სახმელეთო შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით სიტუაცია ასეთია - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, უკრაინელები კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, ტყვედ აყვანილია 594 რუსი ჯარისკაცი.
„დღევანდელი მონაცემებით, 1294 კვადრატულ კილომეტრს ვაკონტროლებთ, ეს 100 დასახლებული პუნქტია. საგრძნობლად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი. ტყვედ რუსეთის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი", - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი რუსული ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა იყო.
„ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე დაახლოებით 30 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა გადაყვანილი და ეს მაჩვენებელი იზრდება", - აღნიშნა სირსკიმ.
უკრაინა აშშ-ს რუსული სამიზნე ობიექტების სიას წარუდგენს
გამოცემა „პოლიტიკო" წერს, რომ უკრაინა მზადაა ვაშინგტონს მიაწოდოს სამიზნეების სია, რომლებზეც შეიძლება ამერიკული შორი მოქმედების იარაღით დაარტყას. გამოცემა სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ანრეი ერმაკი ბოლოჯერ ეცდებიან დაარწმუნონ ვაშინტონი მოხსნას არსებული შეზღუდვები ამერიკული შორი მანძილის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თვალსაზრისით. წყაროს თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწვდიან შესაძლო დარტყმის სამიზნეების დეტალურ სიას.
გამოცემის წყაროების თანახმად, უკრაინის ხელისუფლებამ ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე რამდენჯერმე სთხოვა, რომ მოეხსნა შეზღუდვები რუსეთის შიდა ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე „უფრო ეფექტური შეტევისთვის". ვაშინგტონს კი მიაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა მოსკოვის პროვოცირება გამოიწვიოს უკრაინაში უფრო აგრესიული ქმედებებისკენ.
ამასთან, „პოლიტიკო" წერს, რომ შესაძლოა შეზღუდვების მოხსნას მაინცდამაინც დიდი ეფექტი არ ჰქონდეს, რადგან რუსებს სტრატეგიული ობიექტები სიღმეში აქვთ გადატანილი, კიევს კი არ აქვს შორ რადიუსზე მოქმედი რაკიტების საკმარისი რაოდენობა და რაც აქვთ, უკრაინა მათ ყირიმზე შეტევისთვის იყენებს.
ივნისის ბოლოს „ვაშნგტონ პოსტი" პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვაშნგტონმა კიევს ნება დართო, რომ აშშ-ის იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე არაუმეტეს 100 კმ-ის სიღრმეზე. მაგრამ წყარო აღნიშნავდა, რომ ამ 100-კილომეტრიან ზონაში არ შედის რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ავიაბაზები, რომლებიდანაც ფრინდებიან თვითმფრინავები კორექტირებადი ავიაბომბებით, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს როგორც სამხედროების, ისე მოსახლეობისთვის.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. სავარაუდოდ, საუბარია შორი მოქმედების რაკეტაზე.
„რა არის უკრაინის სხვა მოვლენები? მე ვფიქრობდი, რომ ნაადრევი იყო ამაზე საუბარი, მაგრამ... პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო. ვულოცავ ჩვენს სამხედრო ინდუსტრიას", - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
დათანხმდება თუ არა აშშ შეზღუდვის მოხსნას
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკრაინას არ დათანხმდება თხოვნაზე, მოხსნას შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„26 აგვისტოს რუსეთის მასობრივ იერიშზე უკრაინის საპასუხო ზომები ალბათ ის იქნება, რომ დრონებით და „ჰაიმარსებით" დაარტყამენ რუსეთის ტერიტორიას. შესაძლოა მურმანსკსა და ყაზანამდეც მისწვდნენ, საპასუხოდ დაბომბონ ამ არეალში არსებული ნებისმიერი სტრატეგიული ობიექტი - სამხედრო იქნება, ეს თუ ნავთობგადამამუშავებელი საწარმო. შეიძლება მოსკოვსაც დაარტყან დრონებით.
„რაც შეეხება ამერიკული იარაღის გამოყენებას, მგონია, რომ აშშ აკრძალვის მოხსნაზე არ წავა, გამორიცხულია. ამ ნაბიჯზე სამი მიზეზის გამო იტყვის უარს. პირველი ისაა, რომ ბაიდენი უკვე ითვლება, როგორც „კოჭლი იხვი" („კოჭლი იხვი" ბრიტანული ტერმინი, რომელიც შინაარსობრივად გულისხმობს გარკვეულ პოზიციაზე მყოფ ადამიანს, რომელიც ინარჩუნებს სტატუსს, მაგრამ მისი ეფექტურობა უიმედოა), მას უკვე ეს სტატუსი აქვს. მეორეც ის, რომ კამალა ჰარისს ჯერ მკაფიო პოლიტიკა არ გამოუკვეთია და მას ზელენსკისთან პრობლემები აქვს. შესაძლოა ამ მიმართულებით ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყოს; და მესამე, თავად ამერიკელებსაც აქვთ პრობლემები შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. აშშ კიევს იარაღს ნელა აწვდის, თან მასაც უკიდეგანო შესაძლებლობები არ აქვს და იმდენი შეიარაღება არ დარჩათ, რომ ცალკე უკრაინას, ცალკე ისრაელს და სხვა სტრატეგიულ მოკავშირეებსაც მისცეს.
„რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, მიდის პოზიციური ბრძოლები, ორივე მხარეს გარკვეული წარმატებები აქვს, მაგრამ რაცერთი მხრიდან არაა სერიოზული გარღვევა. უკრაინელები პლაცდარმის გაფართოებას ცდილობენ, რუსები კი ცდილობენ ამას ხელი შეუშალონ და მოამზადონ კონტრშეტევის საფუძველი სექტემბრისთვის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".