ატომური ენერგიის საერთსაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ.
„გაჩნდა ბირთვული ავარიის საფრთხე ან შესაძლებლობა. ბირთვული მასალის შემცველი რეაქტორის ბირთვი დაცულია მხოლოდ ჩვეულებრივი ხუფით. ეს მას უკიდურესად დაუცველს და მყიფეს ხდის, მაგალითად, საარტილერიო დარტყმის, დრონის, ამ რაკეტის მიმართ", - განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, ბირთვული ავარიის დაშვება არ შეიძლება.
„ბირთვული ავარია არ შეიძლება მოხდეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს უზრუნველვყოთ", - განაცხადა გროსიმ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერც ერთის მხარეს ვერ დაიჭერს. „ეს კონფლიქტი, ეს ომი არ არის პასუხისმგებლობა", - დასძინა მან.
სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ გროსის გაფრთხილება სავსებით რეალისტურია და უკრაინელები ფრთხილად უნდა იყვნენ. როგორც მან აღნიშნა, ეს კატასტროფა ყველას შეეხება, მათ შორის საქართველოსაც.
„აბსოლiტურად რეალობას შეესაბამება გროსის განცხადებები, რადგან კურსკის ბირთვული ატომური ელექტროსადგური ჩერნობილის ტიპის რეაქტორის თაობას წარმოადგენს, მგონი მესამე თუ მეთხე თაობაზეა საუბარი. სხვათა შორის, თავიდან ეს ექსპერიმენტული მოდელი იყო, მერე რუსებმა ორმაგი დანიშნულების ობიექტად გადაიყვანეს, ახლა ის სამხედრო დანიშნულებითაც გამოიყენება.
"იქ რაიმე სახის კატასროფამ შეიძლება ჩერნობილის მსგავსი მასშტაბის ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს. ამიტომ უკრაინელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. მესმის, რომ დარტყმა დარტყმაა, მაგრამ ამან თუ ასეთი კატასტროფა გამოიწვია, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ყველაზე გადავა. ამრიგად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ სერიოზული საკითხია.
"ღმერთმა არ ქნას და თუ რამე მოხდა ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ჩერნობილის ტრაგედიის ტოლფასი. რასაკვირველია, ეს საქართველოსაც შეეხება, რადგან ჩვენთან ჩერნობილზე ახლოს კურსკის ოლქია და ბუნებრივია, იქ მომხდარი რაიმე სახის კატასტროფა ჩვენს რეგიონზეც უარყოფითად აისახება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევაა.
"ამ შემთხევევას რუსები ვერაფერში გამოიყენებენ, აქ პასუხსიმგებლობის ვარიანტია, რომელიც უკრაინას დაეკისრება. ამიტომ მათ მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ. მე როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ძალიან დიდი შეშფოთებით ვუყურებ, რაც ახლა კურსკის ბირთვულ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ხდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ თუ ეს ავარია მოხდა, რუსები ამას გამოიყენებენ იმაში, რომ უკრაინას საერთაშორისო ტერორიზმში დაადანაშაულებენ.
„რაც გროსიმ განაცხადა, იყო ის, რომ თუ სხვა ელექტროსადგურების რეაქტორები დაფარულია მძლავრი დაცვით, გუმბათით, კურსკის უბრალოდ გადახურულია. შესაბამისად, ის საარტილერიო, დრონებისა და საავიაციო დარტყმებს ვერ გაუძლებს. მე არა მგონია ეს უკრაინელებისთვის ცნობილი არ იყოს და მეეჭვება საერთოდ მათ ეს გააკეთონ, თუ რუსები არ იზამენ.
"არ ვიცი ამ ატომურ სადგურს რამდენი აქვს სიმძლავრე, თუმცა, დაახლოებით იგივე, რაც ჩერნობილის, თავისი ყველა შედეგით, რადიაციული გავრცელების მიმართულებით და ა.შ.
"არ ვიცი ეს საქართველოზე როგორ აისახება, მაგრამ ჩერნობილის აფეთქებამ დიდად არა, თუმცა გარკვეულწილად იმოქმედა. კურსკი კიდევ უფრო ახლოსაა ჩვენთან. ყველაფერი მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, ასევე რა დააზიანებას მიიღეებს, ქარის მიმართულებაზე და სხვა ბევრ ფაქტორზე.
"თუ ეს მოხდა, რუსეთი პირველ რიგში უკრაინას დაადანაშაულებს საერთაშორისო ტერორიზმში, თუმცა, საკითხავია იზამს თუ არა ამ კატასტროფას რუსეთი. საკუთარ გაუსახლებელ ტერიტორიებზე იქნება საუბარი და რა ვიცი რატომ უნდა ქნას, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".