უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებამ „ჩვენი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში საწარმოებში მუშაობენ", დააფასოს.
„სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განახორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს". - განაცხადა ზელენსკიმ.
სამხედრო-ანალიტიკურიჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ უკრაინელებმა შექმნეს ბალისტიკური რაკეტა, რომლესაც შეუძლია 500 კილომეტრზე იფრინოს. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამის შემდეგ უკრაინელები მათ მიერ გადაცემული რაკეტების გამოყენების უფლებას ვეღარ შეუზღუდავენ.
„ის რაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, სპეციალისტებისთვის მანამდე ცნობილი იყო, რადგან უკრაინამ ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო თავისი სამამულო ბალისტიკური რაკეტის შექმნის პროცესი, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შენელდა და უკვე 2016 წელს საუდის არაბეთის დაინტერესება გამოჩნდა ამ პროგრამაში და ფინანსური დახმარებაც.
„2018 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში პირველად აჩვენეს „გრომ 2" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, ეს იყო პირველი საცდელი ეგზემპლარი. მას შემდეგ 6 წელი იყო გასული და საქმე წინ დიდად არ იყო წასული, რასაც ალბათ 2022 წელს რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ხელი შეუშალა, მაგრამ დღეს ეტყობა უკრაინას უკვე აქვს თავისი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი, იმ ბალისტიკური რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ არანაკლებ 500 კილომეტრზე იფრინონ.
„500 კილომეტრში კი ხვდება უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან თვით მოსკოვი და მის ცენტრში კრემლიც კი. ეს ერთი და მეორე - უკრაინას თავისი ბალისტიკური რაკეტა ექნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები უკრაინელებს ვეღარ დაუშლიან იმ 300 კილომეტრზე მფრენი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას, რომელიც თავად გადასცეს და მისი გამოყენების უფლებას რუსეთის სიღმეში არ აძლევენ", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
საგარეო ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული მოვლენა ფრონტის ხაზზე ვითარებას უკრაინელების სასარგებლოდ უფრო მეტად შეცვლის.
„ჩემი აზრით, ეს ომში არსებულ ვითარებას გარკვეულწილად შეცვლის, რადგან უკრაინას შეეძლება 500 კილომეტრის მანძილზე რუსული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება.
„გუშინდელი რუსული მასშტაბური დაბომბვის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყნების უფლება უნდა მისცეს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია უცვლელია და უკრაინას შეუძლია მხოლოდ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში გამოყენება.
„უკრაინა უფრო მეტ დრონს აწარმოებს, ვიდრე რუსეთი, შესაბამისად, აღნიშნული ეტაპობრივად ვითარებას შეცვლის. მდგომარეობა უკეთესობისკენ, რომ შეიცვლება ამის იმედი უნდა გვქონდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".