ნატალია ჯვარიძე
30.08.2024

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს დებულებას საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ კომისიის მე-8 სხდომის ოქმისა და სომხეთის რესპუბლიკას და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომიის ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელი 2024 წლის 19 აპრილს მოეწერა, კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებაზე შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა დასრულდა", - ნათქვამია კომიის განცხადებაში.

კომისიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკებმა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყეს.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული საბოლოო გეგმის შესასრულებლად გადამწყვეტი არაა, თუმცა, ძალიან კარგია ასეთი პატარ-პატარა დეტალები. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით მხარეები სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის მზად არ არიან.

„ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა სხვა დოკუმენტზეც მოაწერეს ხელი და ამას გარკვეული პერიოდი სომხეთში სერიოზული ამბებიც მოჰყვა, რომელსაც ეპისკოპოსი ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ნელ-ნელა ეს საპროტესტო ტალღა შესუსტდა. დაახლოებით ამ ტიპისვე არის ეს დელიმიტაცია.

„რა თქმა უნდა, ეს შერიგების და გარკვეულწილად მოწესრიგების ნაწილიცაა, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულების დოკუმენტთან მანცდამაინც პირდაპირ კავშირში არაა, რადგან აშაკარად იმ დოკუმენტის პარალიზება მოხდა, ანუ, იმ დიდი გეგმის, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ედავება კონსტიტუციაში ჩანაწერის თაობაზე. აზერბაიჯანისთვის სომხეთის პირობები მიუღებელია და პირიქით.

„ამიტომ, ჯერჯერობით იმისათვის, რომ დიდ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერონ, ეს პროცესი გარკვეულწილად გაჩერებულია. სამაგიეროდ, ასეთ პატარ-პატარა მნიშველოვანი დეტალებით წინ მიდიან საბოლოო გეგმის შესრულებაზე, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. რასაკვირველია, ეს საბოლოო ჯამში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ხელს შეუწყობს, მაგრამ, აქ არ იგულისხმება, რომ ხვალ ან ზეგ ამას ხელს მოაწერენ.

„საერთოდ, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი შარშან გარანტირებულად უნდა მოეწერათ და ჩაიარა ისე. ახლა იძახიან, რომ დეკემბერში მოეწერებაო, თუმცა, მე როგორც ვხედავ, ამისთვის მხარეები მზად არ არიან. ვინ არ ეცადა, რომ ზეგავლენა მოეხდინა - ვაშინგტონი ცალკე, ბრიუსელი, მოსკოვი, მაგრამ აზერბაიჯანი პრინციპულია და თვლის, რომ სომხეთმა კონსტიტუცია უნდა შეცვალოს.

„თუ აზერბაიჯანის მოთხოვნა ძალაში დარჩა, მოგეხსენებათ კონსტიტუციის შეცვლა იოლი არაა, ამას დრო დასჭირდება და თან ეს სომხეთში მორიგ ვნებათაღელვას გამოიწვევს. როგორც ჩანს, ბაქომაც და ერევანმაც გადაწყვიტეს, რომ მოდი პატარ-პატარა ნაბიჯებით ვიაროთ და ამ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ლაპარაკს თავი დავანებოთო. მგონი სწორია, სულ უმოქმედობას ბევრად ჯობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საფუძველს იძლევა, რომ საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს, თუმცა, სხვა საკითხებიც არის მოსაგვარებელი. მისივე თქმით, თუ ესენი მოგვარდება, გამორიცხული არაა დეკემბერში დაიდოს შეთანხმება, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი ამას ხელს შეუშლის.

„ეს გარკვეულ საფუძვლებს იძლევა, რომ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება, ვინაიდან თუ სომხეთი თანხმდება დელიმიტაციას, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესზე, იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ანუ საერთაშორისო საზოგადოება ბუნებრივია, ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ფაქტობრივად, სომხეთის დეფაქტო ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მთიანი ყარაბახის კონტროლის არსებობაზე უარს აცხადებს. თუმცაღა არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოუგვარებელი, როგორიცაა: სომხეთის სამხრეთ ნაწილში ზანგეზურის დერეფანი. აზერბაიჯანის სურვილია სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთთან სახმელეთო კავშირი დაამყაროს. გარდა ამისა, არის გარკვეული საკითხები ანკლვაურ რეგიონებთან დაკავშირებით. სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ანკლავებია და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხურები, რაზეც უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი დათანხმდეს სომხეთის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოსვლას და სატრანსპორტო კავშირების აღდგენას სომხეთ-აზერბაიჯანის შორის და მეორეს მხრივ, თურქეთ-სომხეთს შორის.

„თუ ჩემს მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე შეთანხმება შედგა, შესაძლებელია დეკემბერშიც მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი, თუმცა რუსეთი ამას ხელს შეუშლის. შემთხვევითი არაა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აზერბაჯანში ჩასვლა. რუსეთი ახლა გაღიზიანებულია იმით, რომ ოფიციალური ერევანი რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ამ საკითხით დაინტერესებული იყოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზენონასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×