უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება და დაპირისპირება არ წყდება კურსკის ოლქში და ასევე ფრონტის სხვა მიმართულებებზე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე უკრაინელების კურსკში წინსვლა რუსებმა რაღაც ერიოდის განმავლობაში შეაჩერეს, თუმცა, მოვლენები როგორ განვითარდება, რთული სათქმელია.
რუსეთის ძალებმა კი დილიდან უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს იერიში. საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.
შეტევა იყო ხარკოვზეც. ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შეტევა იყო სუმის ოლქზეც. დაშავდა 13 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. იერიშის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახური აცხადებს, რომ 2 სექტემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსეთის მიერ გაშვებული 16 ბალისტიკური რაკეტა, 13 ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი.
უწყება ამბობს, რომ მტერმა ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა კიევის, სუმისა და ხარკოვის რაიონებზე, ასევე შეუტიეს "შაჰიდების" ტიპის თავდასხმის დრონებით სამხრეთიდან.
საჰაერო ძალების ცნობით, აღმოაჩინეს 58 საჰაერო სამიზნე - 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, გლუბოკოეს ნაწილი დაიკავეს, - ამის შესახებ 92-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ბატალიონ „აქილევსის“ მეთაურის მოადგილემ, ოლეს მალიარევიჩმა განაცხადა.
„ჩვენ მოვახერხეთ ტერიტორიის ნაწილის, კერძოდ, გლუბოკოეს ნაწილის, დეოკუპაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასახლება. ახლა მტერი გონს მოეგო, მნიშვნელოვანი რეზერვების მობილიზება განახორციელა და ცდილობს, დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. ახლა მათი მხრიდან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა თავდაცვის პოზიციაში ვართ და, პრინციპში, საიმედოდ ვინარჩუნებთ თავდაცვის ხაზს“, - აღნიშნა ბატალიონის მეთაურის მოადგილემ.
მისი თქმით, რუსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გლუბოკოე არ დაკარგონ. „ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია. ეს ორივე მხარეს ესმის და მიმდინარეობს ბრძოლა“, - აღნიშნა ოლეს მალიარევიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში ხარკოვის მასშტაბურ დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კურსკში, უკრაინის არმიის მოქმედების სისწორეს:
"ყოველი ასეთი თავდასხმა ხარკოვზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებზე ადასტურებს ჩვენი ტაქტიკის სისწორეს, განსაკუთრებით კურსკის რეგიონში - ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს. და არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მთავარი მიზეზი კოლექტიური დასავლეთის მიზანმიმართული ანტირუსული პოლიტიკაა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მონღოლურ გაზეთ „ონოდორთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ათწლეულების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ სრულ კონტროლს უკრაინაზე, აფინანსებდნენ იქ ნაციონალისტურ და ანტირუსულ ორგანიზაციებს, სისტემატურად ნერგავდნენ კონცეფციას, რომ რუსეთი, თითქოს, უკრაინის მარადიული მტერია, მისი არსებობის მთავარი საფრთხეა,“ – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, უკრაინა გახდა „ხურდა ფული“ დასავლეთის გეოპოლიტიკური ამბიციების განხორციელებაში, რომელიც უკრაინას რუსეთთან ბრძოლის იარაღად განიხილავს და არსებული ვითარება დასავლეთის დესტრუქციული სტრატეგიის ლოგიკური შედეგია.
„დასავლური ელიტები აგრძელებენ კიევის ამჟამინდელი რეჟიმის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას და მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად განიხილავენ. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და განვაგრძობთ ყველა დასახული ამოცანის თანმიმდევრულად შესრულებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა პუტინმა.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ახლა უკრაინელები ცდილობენ ყირიმში დისლოცირებული რუსი სამხედროების იზოლირება მოხდეს. პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყირიმის ხიდს, ადრე თუ გვიან აფეთქება უწერია, თუმცა ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული შესასრულებელი დავალებაა. უკრაინელებმა სცადეს რამდენჯერმე ზიანის მიყენება, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბოლომდე მისი განადგურება მომხდარიყო.
„ახლა რუსების ლოჯისტიკური ხაზები რაც უფო ნაკლებია და მასზე დაწოლა მოდის, რუსების ეს კოლონა მით უფრო ადვილი სამიზნე იქნება. როდესაც ყირიმის ლოჯისტიკა უნდა უკრაინელებს დააზიანოს, არის საბორნე გადატვირთვები, სახმელეთო გზა, ფლოტი და ბევრი სხვა რაღაცეეები. ხოლო ამ ყველფრის დეგრადირებას როცა უკრაინელები ახდენენ, რუსები იძულებულები არიან ის გზა გამოიყენონ, რომელიც დარჩათ. ყველაფრის ერთ მიმართულებაზე გადატანა კი უკრაინელებს საქმეს გაუადვილებს.
„რუსეთს, რა თქმა უნდა, გზა აღარ დარჩება, როგორ მოამარაგოს ყირიმი რაღაცა სახით, თუმცა, გაცილებით უფრო რთული გახდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ ასევე ყირიმშიც როგორი პანიკა შეინიშნება მოსახლების მხრიდან, რომლებიც ბენზინის და საკვების მომარაგებას ცდილობენ.
„უკრაინის სტრატეგიაა ახლა, რომ რუსებს დარტყმა სიღრმეში მიაყენონ. უკრაინელების რესურსი რუსებისგან განსხვავებით, ვიცით, რომ შეზღუდულია, ამიტომ ისინი ცდილობენ მხოლოდ კრიტიკულ ობიქტებს მიაყენონ დარტყმები. ამიტომ ნებისმიერი დარტყმა, რაც რუსეთის აეროდრომებზე ხდება, წინასწარ არის მომზადებული და კარგად გათვლილი. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ზარალი უკრაინელებისთვისაც დიდია“,-ამბობს გენერალი.
რაც შეეხება ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაციას, პოლკოვნიკი ამბობს, რომ როგორც ჩანს, რუსებმა გარკვეული ძალების მობილიზება კურსკთან შეძლეს და ცდილობენ, რომ თავდაცვითი პოზიციები გაამაგრონ.
„ჩემდა გასაკვირად, რუსებმა ფრონტის ხაზებიდან ჯარის გამოყვანა არ მოახდინეს და კურსკის ოპერაციის ჩანაფიქრი, ჯერჯერობით ვერ მართლდება. პროკროვსკის მიმართულებაზე რუსები შეტევებს ისევ ახორციელებენ და გარკვეული წინსვლაც აქვთ. შეტევის გაგრძელება მოწმობს იმას რომ რუსებს გარკვეული რესურსები უკრაინის შიგნით შეტევის განსახორციელებლად ისევ აქვს.
„თუკი კურსკის ოპერაცია წარმატებით გაგრძელდება, უკრაინელები შეტევას არ შეწყვეტენ და წინ წავლენ, რუსებს ფრონტის ხაზიდან კიდევ უფრო დიდი დანაყოფების გაყვანა მოუწევთ. ვვარაუდობ, რომ პუტინი ჯარის ნაწილს ზაპროჟიედან გაიყვანს, რადგან დონეცკიდან რომ გაიყვანოს, პოკროვსკის მიმართულებაზე შეტევას არ გააგრძელებდნენ მაშინ. ადრე თუ გვიან, სუროვიკინის მიერ მომზადებულ რუსების თავდაცვით ხაზებს ბზარი გაუჩნდება. მთავარი რაც არ გვინახია ჯერ, რუსული ალტირელიის უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანაა. არადა თავდაცვის ეფექტურობისთვის კურსკში ავიაცია სჭირდებათ“,-ამბობს პოლკოვნიკი.