ნატალია ჯვარიძე
02.09.2024

აშშ-სა და ისარელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ტელეფონით ისაუბრეს. პენტაგონის ინფორმაციით, გალანტმა და ოსტინმა ისაუბრეს „ჰამასის" მიერ მოკლულ ექვს მძევალზე, რომლის ცხედრებიც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში, ერთ-ერთ გვირაბში შაბათს საღამოს აღმოაჩინეს და რომელთა შორის ამერიკის 23 წლის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინიც იყო.

„ოსტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა ყველა მოკლული მძევლის ოჯახს და აღშფოთება გამოხადა „ჰამასის" მიერ მათი სასტიკი, უკანონო და ამორალური სიკვდილით დასჯის გამო", - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინმა განაცხადა, რომ „ჰამასის" ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი დანაშაულებისთვის.

„მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასის" ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებზე. მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა გალანტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ორმხრივი ვალდებულება, სწრაფად მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ თავდაპირველად ისრაელი გარკვეულწილად მზადყოფნას გამოხატავდა სამშვიდობო შეთანხმებაზე, თუმცა ეს სიტუაცია ასე თუ ისე იმოქმედებს. როგორც ის აღნიშნავს, ისრაელის მთავარი მიზანი სამხედრო ოპერაციის გზით მძევლების დაბრუნებაა და თავის მხრივ, „ჰამასის" დაჯგუფების განადგურება.

„მე ასე მგონია, რომ მძევლების მკვლელობა ისრაელ-ჰამასის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე იმოქმედებს. ისრაელი გარკვეულწილად მზადყოფნას გამოხატავდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი ყოფილიყო. ახლა ვიცით, რომ ისრაელის ქუჩებში გამოსულია მოსახლეობა და ისინი ფაქტობრივად, ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ მძევლების გაცვლის ხელშეკრულებას.

„შესაძლოა ამ შემთხვევაში ისრაელმა გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია პალესტინის ტერიტორიაზე, მითუმეტეს, ღაზა სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს და შესაძლებელია ეს მძევლები სამხედრო გზით დაიხსნას იმიტომ, რომ ისრაელს ამის გამოცდილება გააჩნია.

„ჩემი აზრით, ისრაელის მთავარი მიზანი „ჰამასის" დაჯგუფების საბოლოო განადგურება იქნება და ასევე, სამხედრო ოპერაციის ჩატარება იმისათვის, რომ მძევლები გათავისუფლდნენ. ამ შემთხვევაში მძევლების ადგილმდებარეობის დადგენაც მიმდინარეობს და ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები, თუმცა ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ იმ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გარკვეული პრობლემები შეექმნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×