ნატალია ჯვარიძე
04.09.2024

შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ამერიკა გეგმავს უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს.

„ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამას და სარგებლობს. ვინც ჩვენს წითელ ხაზებს ეხუმრება, არ უნდა ეხუმრებოდეს, მათ მშვენივრად იციან სადაც გადის ის", - განაცხადა ლავროვმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთს რა წითელი ხაზებიც ჰქონდა უკრაინამ გადაკვეთა და ახლა თითქმის აღარ დარჩა ისეთი რაღაც, რასაც უკრაინა გააკეთებს და რუსეთისგან მნიშვნელოვანი რეაქცია ექნება.

„ძალიან რთულია წითელ ხაზებზე ლაპარაკი, რადგან ამ ომის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეიცვალა რუსეთის რიტორიკა ამის შესახებ. თავიდან ეს წითელი ხაზები იყო ის, თუ დასავლეთი უკრაინას საერთოდ დაეხმარებოდა, რომელიც მერე მოიშალა.

„შემდეგ რუსეთის მხრიდან ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენების შანტაჟი იყო, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი ჩაერეოდა, რომელმაც ისე ჩაიარა. ახლა კი მივედით იმ დონემდე, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინა პირველად შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც წითელ ხაზზე გაცილებით მეტი იყო. როგორც ჩანს, ეს წითელი ხაზები არ არის ისეთი, როგორიც დასავლეთში ბევრს ეგონა. რუსეთში ბოლო დღეებში დაიწყეს ლაპარაკი ბირთვული იარაღის გამოყენების რაღაც ახალ კონცეფციაზე იმიტომ, რომ აქამდე რაც მოხდა რუსეთმა გამოსცადა.

„მართალია დასავლეთი და ამერიკა ძალიან რთულად იღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ მარტივი არაა ამაზე უარი უთხრან, მითუმეტეს, როცა უკრაინა თავს იცავს. ამიტომაც არის, რომ როგორც შეერთებული შტატები, ასევე დასავლელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან უკრაინის სურვილს, რომ რაღაცნაირად რუსეთი აიძულოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ოღონდ ისე, რომ გარკვეული თანასწორობის პრინციპი შენარჩუნდეს.

„თითქმის ისეთი აღარაფერი დარჩა რასაც უკრაინა გააკეთებს და რუსეთისგან მნიშვნელოვანი რეაქცია ექნება. ბირთვულ იარაღს ასე მარტივად ვერ გამოიყენებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების შეჭრამ აჩვენა, რუსებს ჯარი არ ჰყავთ, რომელიც ამ შეტევის მოგერიებისთვის საჭიროა. ასე რომ, აღარ დარჩა ეს წითელი ხაზები, თან ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია და რაც მანამდე წარმოუდგენელი გვეგონა ახლა უკვე ამას ჩვეულებრივ იღებენ. რაც შეუძლია რუსეთს, რომ უკრაინას ზიანი მიაყენოს ყველაფერს აკეთებს და მეტი რაღა უნდა გააკეთოს.

„დასავლეთი უკვე ნელ-ნელა აძლევს უკრაინას იმის უფლებას, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ და ალბათ ეს გარდაუვალიც არის, რადგან ყველას ესმის, უკრაინას თავდაცვის უფლება, ასევე, ამ ომის შედეგების შეცვლა და მოლაპარაკებების მაგიდასთან თანაბარი პირობებით დასხდომა სურს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტისა და საგარეო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ უკრაინა მოსკოვის მიმართულებით ამერიკის იარაღით შეუტევს, ან კურსკის ოლქის ბირთვული იარაღის სადგურს თავს დაეხმევა, რუსეთს ამაზე რეაქცია აუცილებლად ექნება და გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამს.

„თუ უკრაინამ კურსკის ბირთვული იარაღის სადგურზე რაიმე სახის შეტევა ან დავუშვათ, მოსკოვის მიმართულებით დარტყმას განახორციელებს ამერიკის ჭკვიანი ტიპის სარაკეტო კომპლექსების, აქ საუბარია „ატაკამსის" და სხვა სისტემებზეა, რომლებსაც შეუძლიათ საკმაოდ ეფექტურად განახორციელონ რუსეთის სიღრმეში დარტყმები, ამას რუსეთის მხრიდან გარკვეული რეაქციები მოჰყვება.

„ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, რუსეთი ამერიკას დაემუქრება სტრატეგიული ბირთვული რბოლის დაწყებაზე. ახლა უკვე რუსები აპირებენ მოსკოვთან ახლოს განათავსონ ახალი თაობის ბალისტიკური სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი, რომელიც არის მძვლავრი შემტევითი იარაღი, ახალი ბირთვული შეიარაღების კონტექსტში.

„მეორე, ალბათ რუსები გააგრძელებენ ბირთვული საჰაერო და საზღვაო კომპონენტების მორიგეობას, ანუ ამერიკის საზღვაო-საჰაერო სანაპიროსთან საფრთხეს შექმნიან. არ არის გამორიცხული კუბაზე და ნიკარაგუაზე განათავსონ ტაქტიკური ბირთვული სარაკეტო კომპლექსები. ასევე, შესაძლოა პრევენციული დარტყმის მიზნით რუსებმა ნატოს წევრ ქვეყნებზე დარტყმებიც განახორციელონ, ამასაც ნამდვილად არ გამოვრიცხავ", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორის და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ლავროვის მხოლოდ შანტაჟის ენით საუბრობს, ვინაიდან კრემლმა კარგად იცის, რომ ამერიკა უკრაინას დიდი ხანია იარაღს აწვდის.

„ლავროვი უფრო შანტაჟის ენით საუბრობს, რადგან კარგად იცის, რომ აშშ უკვე დიდი ხანია უკრაინას ეხმარება, მათ შორის სარაკეტო სისტემებით და სხვა ტიპის შეიარაღებით. ამიტომაც ის უბრალოდ იმუქრება, რომ ვითომ ამერიკა წითელ ხაზებს არ უნდა გასცდეს.

„არადა კრემლი შეშფოთებულია, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობას ააქტიურებს. რუსეთის გაღიზიანებას განსაკუთრებით F-16-ის მიწოდება იწვევს. ეს უშუალოდ ამერიკის და უკრაინის პრეროგატივაა რა ტიპის შეიარაღებას მიაწვდის ამერიკა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×