რუსეთი კვლავ „წითელი ხაზების" გადაკვეთაზე ალაპარაკდა. საქმე ეხება დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ განიხილავს უკრაინას უფლება მისცეს JASSM ტიპის 900 კმ-მდე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე. 6 სექტემბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში „რამშტაინის" საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრადაესწრება, რათა მოკავშირეებს პირადად დაელაპარაკება რიგ საკითხებზე, მათ შორის დასავლური იარაღზე რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვის მოხსნაზე და არაა გამორიცხული ეს საკითხიც ამ ფორმატში გადაწყდეს.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ JASSM ტიპის რაკეტებით უკრაინა შეიძლება მიწვდეს რუსეთის სიღრმეში ნებისმიერ სამხედრო სტრატეგიული თუ არასტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს და რუსეთის შეშფოთებაც ამან გამოიწვია. თუმცა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზეც აშშ თავს შეიკავებს.
მანამდე ზელენსკიმ დელეგაციები რამდენჯერმე გაგზავნა აშშ-ში. აგვისტოს ბოლოს კი უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ სცადეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიის დარწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიებზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოეხსნათ, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 4 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ზელენსკიმ მისი გადადგომის მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ კულებას იარაღის მიწოდების ხელშესაწყობად საკმარისი ენერგია არ აღმოაჩნდა.
რუსეთის მუქარა და „რამშტაინის" დაგეგმილი შეხვედრა
დასავლური მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ჰაერი-მიწა JASSM ტიპის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემას განიხილავს, რომელთა მოქმედების რადიუსი 900 კილომეტრამდეა და რასაც „ეფ-16" ავიაგამანადგურებლებიდან უშვებენ.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „წითელ ხაზებზე" ალაპარაკდა და თქვა, რომ ეს „ხუმრობა არ არის". როგორც „ბი-ბი-სი", სინამდვილეში რუსეთს საჯაროდ არ მოუნიშნავს „წითელი ხაზები", რომელთა გადაკვეთა დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევდა. ბევრი რამ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „რუსეთის წითელ ხაზებად" მოიაზრებოდა, უკვე გადალახულია, მაგალითად ის, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა არ გაუპროტესტებიათ.
„არ არის საჭირო ჩვენს „წითელ ხაზებზე" ხუმრობა და მათ მშვენივრად იციან სად გადის ისინი," - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ამბობს, რონ დასავლელი ლიდერები თვითონ იზღუდავენ თავს უკრაინის მხარდაჭერაში.
„ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამას და სარგებლობს ამით", - განაცხადა ლავროვმა.
გემრმანული გამოცემა „შპიგელი" წერს, რომ ე.წ. რამშტაინის შეხვედრა პარასკევს გაიმართება და უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს ზელენსკიც, რომელსაც სურს პირადად მიმართოს დასავლელ პარტნიორებს რუსეთთან საბრძოლველად იარაღის შემდგომი მიწოდების მოთხოვნით. ვიზიტით ზელენსკის სურს ნათლად გამოკვეთოს არსებული ვითარების სერიოზულობა. გარდა ამისა, მოითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება, განსაკუთრებით შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები.
„ჯერჯერობით რამშტაინში საკმაოდ სამუშაო ატმოსფერო სუფევს, მაგრამ ზელენსკის ვიზიტი, დიდი ალბათობით, ამ შეხვედრას პოლიტიკურ ელფერს მისცემს", - აღნიშნავს „შპიგელი".
გამოცემა დასძენს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმდეროვი რამდენიმე დღეა შეხვედრებს აწარმოებს კიევის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ზენელსკი მოკავშირეებს სისტემატურად მოუწოდებს გააუქმონ აკრძალვა მოკავშირეების იარაღზე რუსეთის სიღრმეში დარტყმასთან დაკავშირებით, ბოლო ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს უკრაინის გამარჯვება ოთხ ქვეყანაზეა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) დამოკიდებული, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ შორი მოქმედების იარაღი, რაც დაეხმარება უკრაინის ტერიტორიიიდან რუსეთის გაძევებაში და გადაარჩენს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს.
რატომ დაიწყო საკადრო წმენდა ზელენსკიმ
ამის პარალელურად ზელენსკიმ მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. 4 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგომის შსახებ განცხადება დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. წინა დღეებში კი სხვადასხვა თანამდებობების პირებმა დატოვეს პოზიციები. ესენია: მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელეცი, ვიცე-პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი, ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, სახელმწიფო საკუთრების ფონდის ხელმძღვანელი ვიტალი კოვალი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე როსტისლავ შურმა და სხვები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ბოლოს თანამდებობიდან მოხსნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი. ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „ეფ-16" ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნისა და მისი მფრინავის, ოლექსი მესის დაღუპვის შესახებ.
უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ადრეი სიბიგა დაიკავებს. იუსტიციის მინისტრის თანამდებობას კი, ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.
4 სექტემბრის ფრაქცია „ხალხის მსახურმა" სხდომა გამართა, შედეგად გადაწყდა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინი ვერეშჩუკი პრეზიდენტის ოფისში გადავა, სადაც სოციალური პოლიტიკის კუთხით იმუშავებს, ხოლო თავად სამინისტრო, როგორც ცალკე ორგანო, გაუქმდება, ხოლო მისი ფუნქციონალი უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროში გადავა.
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მატვეი ბედნი დაიკავებს, ხოლო კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი თანამდებობას - ნიკოლაი ტოჩიცკი. არახამიამ დაადასტურა, რომ სხდომას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ მმართველ ფრაქციასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას იარაღის მიწოდების ხელშესაწყობად საკმარისი ენერგია არ აღმოაჩნდა. ზელენსკი აგრეთვე უკრაინის რადის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული იუსტიციის მინისტრის დენის მალიუსკას საკითხს შეეხო და თქვა, რომ ის მის შეცვლას დიდი ხანია ფიქრობდა. სად გააგრძელეს მუშაობას ახლა უკვე ყოფილი მინისტრი, მას არ უთქვამს.
ფრაქციასთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის კმაყოფილია ყოფილი ვიცე-პრემიერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინას მუშაობით, რომელიც უმაღლესმა რადამ აგრეთვე გადააყენა თანამდებობიდან. ზელენსკის თქმით, სტეფანიშინა უნდა დაწინაურდეს და მას „მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს". თათბირზე ასევე განიხილეს ახალი სამინისტროს შექმნის საკითხიც, რომლის ფუნქცია საზღვარგარეთ გასული თანამემამულეების უკან დაბრუნება იქნება. მისი ხელმძღვანელი ჯერ შერჩეული არ არის.
რა არის JASSM და რატომ ეშინია მისი რუსეთს
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრობს, რომ თუ აშშ-მა მართლაც გადასცა JASSM ტიპის სარაკეტო კომპლექსი, ამით რუსეთის სიღრმეში არასტრატეგიული თუ სტრატეგიული ტიპის ობიექტებს მიწვდება.
„პუტინი და ლავროვი ამ ბოლოს იმდენს ლაპარაკობენ, რომ მგონი თავადაც არ იციან „წითელი ხაზები" რა არის. არეულები არიან და უკვე მერამდენედ ამბობენ ამას. იმხელა ტერიტორია დაიკავეს უკრაინებელმა და ამაზე მეტი წითელი ხაზი რაღაა?! ადრე თქვეს, რომ რუსეთის სუვერენიტეტის შელახვის შემთხვევაში გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს და ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს?! აქედან გამომდინარე, მიჭირს ვილაპარაკო რუსეთისთვის ახლა „წითელი ხაზები" რა არის, მემგონი თავადაც არ იციან.
„JASSM არის ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის სარაკეტო კომპლექსი, რომლის მასა 1 021 კგ-ია, სიგრძე არის 4.27 მ, მოქმედების რადიუსია 370-დან 1 000 კმ-მდე. ამ სარაკეტო კომპლექსების სამი ვარიანტია - ჰაერი-ხმელეთი, ჰაერი-ზღვა, ჰაერი-ჰაერი. ეს არის ზე-ზუსტი ტიპის შიარაღება, რომლის ცდომილების კოეფიციენტი 0.3-ია. მისი სიზუსტე საკმაოდ დიდია და მისი გადაჭერა რთულია, სიჩქარე 12 მახზე მეტი აქვს. საკმაოდ თანამედროვე ტიპის შეიარაღებაა. მისი დამაგრება შეიძლება როგორც „ეფ-16"-ებზე, ისე „სუ-24" ტიპის ბომბამშენებზე და უკრაინელები ალბათ ამას აპირებენ. ამით უკრაინა შეიძლება მიწვდეს რუსეთის სიღრმეში ნებისმიერ სამხედრო სტრატეგიულ და არასტრატეგიული დანიშნუების ობიექტებს და რუსეთის შეშინებაც ამან გამოიწვია.
„რამშტაინის" ფორმატზე რა გადაწყდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ პირველ ეტაპზე აშშ-მა ნებართვა მისცეს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბაიდენი მიდის და არა მგონია ამის საშუალება მისცეს უკრაინას, მე ასე ვფიქრობ და კარგია რომ ვცდებოდე.
„რაც შეეხება საკადრო წმენდას, ზელენსკის სურს, რომ კადრები გაახალისოს. დიდი ხანია ამის აუცილებლობა შეიქმნა. მეორეც, გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება და ამ გამოწვევებზე საჭიროა ახალი ტიპის რეაგირება. თავადაც დააფიქსირა ზელენსკიმ, რომ გუნდის ამ შემადგენლობამ ვერ მოახერხა დასავლეთის დარწმუნება და ბუნებრივია, ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".