აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო მოლაპარაკების ტექსტის 80% შეათანხმეს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ეს საკმაოდ რეალისტურია და გამორიცხული არაა, წლის ბოლომდე აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ.
„მთავარი საკითხი საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია და ზანგეზურის კორიდორი იყო და თუ კორიდორის საკითხი მოგვარდა, მაშინ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების პრობლემა აღარ იქნება, რადგან ყარაბაღის კუთვნილება როგორც აზერბაიჯანის, ბაქომ უკვე აღიარა. სხვა თუ არაფერია ხელს მოაწერენ ", - განაცხადა ექპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ეს განცხადება ილჰამ ალიევმა იტალიაში, ჩერნობილის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის, დაახლოებით, 80 პროცენტი უკვე შეათანხმეს.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ საზღვრების დელიმიტაციის პროცესს, დემარკაციასაც კი. დიახ, ეს პატარა ნაბიჯია. გამიჯნულია ცამეტკილომეტრიანი მონაკვეთი. ჩვენ გვაქვს 1000-კილომეტრიანი საზღვარი სომხეთთან. თუმცა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის ეს ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მიგვიყვანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე", - განაცხადა ალიევმა.
მამუკა არეშიძის თქმით, როგორც ჩანს, მოსკოვმა ოფიციალურ ბაქოს იმდენად სარფიანი წინადადება შესთავაზა, რომ „ზანგეზურის კორიდორის" საკითხი შეიძლება აღარც გააქტიურდეს. მისივე თქმით, თუ ეს საკითხი მოგვარდება შეთანხმებას ხელს არაფერი შეუშლის.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რამდენიმე ხნის წინ იყო ბაქოში ჩასული და ერთ-ერთი მთავარი მსჯელობა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკების დაჩქარება იყო. მოსკოვისთვის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, რომ ის დაბრუნდეს როგორც ძლიერი მოთამაშე სამხეთ კავკასიურ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ერევანზეა განაწყენებული, მაინც სჭირდება, რომ მთავარი მედიატორი ამ ორ ქვეყანას შორის თვითონ იყოს და ეს საკითხი ორი პრეზიდენტის განსჯის საგანი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ როგორც ჩანს, მოსკოვმა და ბაქომ მოილაპარაკეს, სანქცირებული რუსული ნავთობი აზერბაიჯანის მეშვეობით დანარჩენ მსოფლიოში წავა როგორც აზერბაიჯანული ნავთობი. "აზერბაიჯანულ ნავთობს" გამოიყენებს თვითონ ბაქო და გამორიცხული არაა სხვაგანაც გაყიდოს. ეს ოფიციალური ბაქოსთვის იმდენად სარფიანი წინადადებაა, რომ ე.წ ზანგეზურის კორიდორის საკითხი შეიძლება აღარც გააქტიურდეს. სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას ძირითადად „ზანგეზურის" საკითხი უშლიდა ხელს. ამიტომაც მოხდა ფოლსირებულად სამშვიდობო პროცესის დაჩქარება", - განაცხადა არეშიძემ.
სამხედრო ექსპერტისა და საგარეო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, ორივე მხარეს ესმის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობა და სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე ხელსაც მოაწერენ.
„ეს სავსებით რეალისტურია და ილჰამ ალიევის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი, მზად არიან საბოლოოდ წერტილი დაუსვან მტრულ დამოკიდებულებას და ამით კიდევ უფრო გააძლიერონ კავკასიის რეგიონალურ უსაფრთხოების პირობები. ეს პროგრესულად საკმაოდ კარგი ნაბიჯია. მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მიმართ პატივისცემას იჩენენ და ესმით მნიშვნელობა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობა უნდა აღდგეს. როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში, სავრაუდოდ ამ წელს სამშიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რომლის მიხედვითაც, ალბათ საზღვრის დემარკაციის პირობა განისაზღვრება, შეთანხმდებიან, რომ არ გამოიყენონ ძალა ერთმანეთის წინააღმდეგ და ბუნებრივია, მთიანი ყარაბახის საკითხიც გადაწყდება ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".